Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია. საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე აღიარებული ვარსკვლავების შოუებით Black Sea Arena და Live Nation შეკვეთილში დაუვიწყარ მუსიკალურ სეზონს სთავაზობს მსმენელს. ახლახან 2024 წლის თანავარსკვლავედის 3 ბენდი ოფიციალურად დასახელდა.
OneRepublic, 10 მაისი – Black Sea Arena
Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ-როკ ბენდი OneRepublic გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება უკავშირდება კომპოზიციას – Apologize, რომელმაც ბენდს პირველი გრემის ნომინაცია მოაპოვებინა. აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი რაიან ტედერი, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიც არიან: ბიონსე, ადელი, ტეილორ სვიფტი, Maroon 5, ჯეიმს ბლანტი და სხვები. ბენდის მოსმენის შესაძლებლობა მელომანებს პირველად საქართველოში Black Sea Arena-ზე ექნებათ.
Scorpions, 31 მაისი – Black Sea Arena
გერმანულმა, ლეგენდარულმა ჰარდ-როკ ბენდმა – Scorpions-მა Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო. ამჯერად საკულტო ჯგუფი შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. Scorpions დღემდე რჩება აქტუალურ ბენდად, რომელიც მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით სხვადასხვა თაობის საყვარელი შემსრულებელია.
Jungle, 18 აგვისტო – Black Sea Arena Front Stage
Black Sea Arena Front Stage-ზე Brit Award-ის გამარჯვებული Jungle წარდგება. ქართულმა აუდიტორიამ ბრიტანული ბენდი ყველასთვის საყვარელი ჰიტით – Casio გაიცნო. საინტერესო მუსიკალური ჟღერადობით ბენდი საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს. ამ დრომდე ბენდი მსმენელის წინაშე მსოფლიოს სხვადასხვა დიდ საკონცერტო დარბაზში არაერთხელ წარდგა . Jungle-ის ასევე ხშირად ვხვდებით წამყვანი მუსიკალური ფესტივალების პროგრამაში.
დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც 29 მარტის დილის 10 საათიდან ვებგვერდებზე – BSA.ge და TKT.ge შეძლებთ, OneRepublic-ის კონცერტია. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ.
რაც შეეხება Starring Georgia-ს, პროექტს უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით Black Sea Arena წარმოგვიდგენს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში. მსმენელის წინაშე წარდგნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები როგორებიც არიან: ბრუნო მარსი, Imagine Dragons, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream.