Billboard
2 აპრილი, 2024
ალბომი ჟურნალისტმა ერთადერთი შემორჩენილი აუდიოკასეტიდან გააციფრულა.
მუსიკის ჟურნალისტი ლაშა გაბუნია საკუთარ Youtube გვერდზე ჯგუფ „სახლის” უცნობ სიმღერებს აქვეყნებს. „სახლი“ 1980-იანი წლების ბოლოს ჯგუფ Steeplechase-ის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ბენდის თავდაპირველ შემადგენლობაში იყვნენ: სერგი გვარჯალაძე, კახა კიკაბიძე (გიტარა) და სპარტაკ კაჭარავა (დრამი). ალბომი ლაშა გაბუნიამ კახა კიკაბიძის მიერ ჩაწერილი აუდიოკასეტიდან გააციფრულა.
ლაშა გაბუნია – მუსიკის ჟურნალისტი:
„ისტორია ასეთია: კახა კიკაბიძე ჩემი ნათესავი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. შეიძლება მას ჰქონდა ეს კასეტა შენახული და არ ვიცი, რადგან ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში ვერ შევხვდით. ზოგადად, 90-იან წლებში ქართველი მუსიკოსების უმრავლესობა ცოტა დაუდევრად ეპყრობოდა საკუთარ ჩანაწერებს და ბევრი რამ არის დაკარგული იმ პერიოდიდან. ისეთი დრო იყო, ყველაფერი ენთუზიაზმზე კეთდებოდა და შესაბამისად, სხვა დაინტერესება არ არსებობდა, რისთვისაც, როგორც წესი, ჩანაწერები კეთდება. ასე რომ, დღემდე ერთეულები თუ შემორჩა.
ეს კასეტაც კახას მეგობარმა, ირაკლი ორაგველიძემ შემოინახა და სწორედ მან გადმომცა გასაციფრულებლად. ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერი არსებობდა და რამდენიმე წელი ველოდებოდი. მე მხოლოდ ეს ერთი ეგზემპლარი ვიცი, რომელიც თავად კახას ჩაწერილია.
ეს კასეტა „სახლის” პირველმა შემადგენლობამ სადღაც 80-იანი წლების ბოლოს, 89-90 წლებში ჩაწერა. მასში შესულია 7 სიმღერა ჯგუფის ძველი შემადგენლობით და ერთი სიმღერა ახალი შემადგენლობით, რომელიც მე ბონუს ტრეკად დავამატე ალბომს. სავარდუდოდ, ეს არის ალბომი, თუმცა ოფიციალურად ასეთი კასეტა არ გამოსულა. როგორც ჩანს, თავისთვის ჩაწერეს. ალბომი მერე მე დავარქვი, ფაქტობრივად.
აქ არის ძალიან მაღალი ხარისხის მუსიკა, რომელიც აბსოლუტურად უცნობი იყო დღემდე. ჩვენ ვიცოდით კომპოზიცია „ჩვენ ვაშენებთ სახლს”, რომელიც 90-იანების დასაწყისში მეორე არხზე ტრიალებდა. ასევე ვიცოდი You Are Wrong, რომელიც დადა დადიანის სტუდიაშია ჩაწერილი და ეს ბონუს ტრეკი „მზე და ქოლგა”, რომელიც ბიბი კვაჭაძესთან არის ჩაწერილი და ბიბიმ თავადვე გამოაქვეყნა. დანარჩენი სიმღერები პრაქტიკულად დაკარგული იყო.
მუსიკალურ ნაწილს რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი „ახალი ტალღა” და ამას პლუს არტ-როკი. Ძალიან კარგი კომპოზიციებია – ჩამთრევი და საინტერესო მელოდიური ხაზებით. ჩემი აზრით, წააგავს Talking Heads-სა Talk Talk-ს და, სხვათა შორის, სერგის რომ გავუზიარე, მითხრა, რომ იმ პერიოდში მართლაც ხშირად ვუსმენდით მაგ ჯგუფებსო.
ეს ჩანაწერი ძალიან ძვირფასია იმ მხრივ, რომ იმ პერიოდში ასეთ სტილში ქართული ჯგუფები, ფაქტობრივად, არ მღეროდნენ. Რა ჩანაწერებმაც დღემდე მოაღწია, ზოგი პოსტ-პანკია, ზოგი პანკი, არის კარგი პოპიც, მაგრამ ასეთი „ახალი ტალღა” იშვიათია. მელოდიებსაც რომ დაუკვირდეთ, ძალიან კარგი განვითარება აქვთ, ბასის პარტიებია ძალიან საინტერესო. მე გამოვარჩიე „წითელი ნისლი”, რომელიც ზუსტად ამ მელოდიური ხაზით მომწონს. თუმცა ყველა კომპოზიცია კარგია. თან ერთმანეთს არ ჰგვანან, როგორც ხასიათით, ასევე რიტმული ნაწილით და ესეც ძალიან საინტერესოა.
ალბომს „ჩვენ ვაშენებთ სახლს” დავარქვი, რადგან ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერა მაინც ეს არის.”
„სახლის” ალბომთან ერთად ლაშა გაბუნიას youtube გვერდი საკმაოდ ვრცელ მუსიკალურ არქივს მოიცავს, რომელიც ჟურნალისტს 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს შემონახული.
„1992 წლიდან მუსიკის ჟურნალისტი ვარ. ყველაფერი, რაც ჩემს არხზე დევს, ჩემი პირადი არქივია, რომელიც საკმაოდ დიდია და თანდათან ყველაფერს ვაქვეყნებ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი რამისთვის კეთდება, რომ ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღონ იმ პერიოდის მუსიკალურ ინდუსტრიაზე. ინტერესი კი ძალიან დიდია, რადგან ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი ნაბიჯები თავისუფალ და არაფილარმონიულ მუსიკაში. ჩვენ არაჩვეულებრივი ფილარმონიული მუსიკა გვაქვს, საბჭოთა პერიოდის, თავისი გენიალური კომპოზიტორებითა და შემსრულებლებით, მაგრამ ახალგაზრდებს უფრო ის აინტერესებთ, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოხდა. ეს მუსიკა ხომ არ იყო არანაირ სახელმწიფო სტრუქტურას დაქვემდებარებული და იყო თავისუფალი და ეს განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესოა.”