წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
„ევროპაკონცერტი” წინანდალში
Stephan Rabold

1-ელ მაისს წინანდლის მამულმა ისტორიულ „ევროპაკონცერტს” უმასპინძლა. „ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. ღონისძიება პატივს მიაგებს ევროპის კონტინენტის ქვეყნების მრავალფეროვან კულტურას. ამასთან ერთად, ეძღვნება ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის დაარსების თარიღს – 1882 წლის 1-ელ მაისს. ევროპაკონცერტი” ევროპის კულტურული და ისტორიული დანიშნულების ადგილებში იმართება, რომელთაც თავად ორკესტრი ირჩევს. 

წელს ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა ლეგენდარული კონცერტის დანიშნულების ადგილად საქართველო აირჩია. „ევროპაკონცერტი” 1-ელ მაისს წინანდლის ამფითეატრში შედგა. ორკესტრს ინგლისელი დირიჟორი დენიელ ჰარდინგი ხელმძღვანელობდა, დანიელ ბარემბოიმის ნაცვლად, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოში დაგეგმილი ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

დენიელ ჰარდინგი და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
Stephan Rabold

კონცერტი ორ მოქმედებად ჩატარდა. შესრულდა შუბერტის, ბრამსისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. პირველ მოქმედებაში სცენაზე ლიზა ბათიაშვილი წარდგა, რომელმაც ორკესტრთან ერთად ბრამსის სავიოლინო კონცერტი დაუკრა. ძირითადი პროგრამის გარდა, ქართველ მევიოლინესთან ერთად ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა სიურპრიზად სულხან ცინცაძის მინიატურა წინწყაროც” შეასრულა. კონცერტი მაყურებლის დიდი ოვაციების თანხლებით მიმდინარეობდა. უწყვეტი აპლოდისმენტებით მსმენელმა მუსიკოსები სცენაზე რამდენჯერმე გამოიხმო.

ლიზა ბათიაშვილი და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
Stephan Rabold

კონცერტი პირდაპირი ეთერით 80-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა. 

დავით საყვარელიძე – „ევროპაკონცერტის” ორგანიზატორი:

„ვფიქრობ, კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. ეს ისტორიული მოვლენაა წინანდლისთვის, ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის. ბედნიერი ვარ, რომ ამ მოვლენის შექმნაში წვლილი მიმიძღვის და რომ ჩვენმა გუნდმა, „სილქ როუდ გრუფმა” ასეთი მონდომებითა და დაუღალავი შრომით ამ შედეგს მიაღწია. თვითონ მუსიკოსები აღფრთოვანებული არიან აქაურობით, ჩვენი მასპინძლობით, ამფითეატრით, მისი აკუსტიკით. ძალიან კმაყოფილები არიან, ჩვენ კი – ბედნიერები.

სხვათა შორის, ზუსტად ამ დღეებში ბერლინის ფილარმონიამ თავის სოციალურ გვერდებზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩამოთვლილია ის ევროპული ქალაქები, რომლებშიც „ევროპაკონცერტი” გამართეს და ამ გენიალური ადგილების სიას ასრულებს წინანდალი. ეს ძალიან საამაყოა ჩვენთვის, რადგან ასეთი რანგის ორკესტრი მსოფლიოში ძალიან ცოტაა. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. Საქართველო დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.”

გიორგი ვაჩნაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი:

„ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრია და ის, რომ ასეთმა ორკესტრმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოვლა, ჩემთვის უდიდესი სიხარულია. ეს იყო დიდი მუსიკის დიდი ზეიმი. და გარდა იმისა, რომ, რასაკვირველია, შეასრულეს გერმანელი გენიალური კომპოზიტორების ნაწარმოებები, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომ გაჟღერდა სულხან ცინცაძის მუსიკა, რომელშიც ჩაქსოვილია კახური ფოლკლორი „წინწყარო”. ძალიან რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის, რომ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი კახეთის მიწაზე შეასრულებდა „წინწყაროს”, მაგრამ დღეს ეს მოხდა, მათი და საოცარი მევიოლინის, ლიზა ბათიაშვილის დამსახურებით.

წინა საუკუნის 60-იანი წლების მერე, როცა ისეთი ორკესტრები გვესტუმრა, როგორიც იყო, მაგალითად, კლივლენდის ორკესტრი, ასეთი მოვლენა ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში აღარ ყოფილა. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი, რითაც საქართველო ნამდვილად გახდა იმ დიდი მუსიკალური ოჯახის წევრი, რომლის ლიდერიც ბერლინის ფილარმონიული ორკესტრია.”

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
Stephan Rabold

ანდრეა ზიცმანი – ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი:

„კონცერტი განსაკუთრებული იყო როგორც მსმენელისთვის, ისე ორკესტრისთვის. აქ საოცარი ატმოსფეროა. თავად იდეა, რომ „ევროპაკონცერტი” საქართველოში უნდა გამართულიყო, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ აქ ძალიან სწორ დროს ვიმყოფებით.”

წინანდლის გარდა, ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა საქართველოში კიდევ ერთი კონცერტი გამართა. 2 მაისს „ევროპაკონცერტი” უკვე თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა.

დენიელ ჰარდინგი, ლიზა ბათიაშვილი და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
Stephan Rabold
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპამ ახალი ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი Met Gala-ს დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი