1-ელ მაისს წინანდლის მამულმა ისტორიულ „ევროპაკონცერტს” უმასპინძლა. „ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. ღონისძიებას მსოფლიო პრესის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყო ამერიკული Billboard-ის საერთაშორისო მიმართულების ავტორი, ჟურნალისტი რობერტ ლევინი, რომელმაც „ევროპაკონცერტს”, წინანდლის ისტორიულ მამულსა და Silk Road Group-ს ვრცელი სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს.
ავტორი: რობერტ ლევინი
არის მომენტი, როცა შესრულების ძალას განაპირობებს არა მხოლოდ მუსიკოსი და გაჟღერებული მუსიკა, არამედ ისიც, თუ სად სრულდება ის. სწორედ ასე მოხდა 2024 წლის „ევროპაკონცერტის” შემთხვევაშიც, რომელიც პირველ მაისს საქართველოში, წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა.
ამავე პერიოდში ქართველები დედაქალაქის ქუჩებში აპროტესტებდნენ არასამთავრო ორგანიზაციების და უცხოური მედია კომპანიების მარეგულირებელ კანონს, რომელიც ამავე ადამიანების აზრით, ხელს აძლევს რუსეთს ან მიჰყვება მის [რუსეთის] არალიბერალურ გზას. სწორედ ამ დროს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ორკესტრი ასრულებდა შუბერტის, ბრამსის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს, რამაც ერთგვარად გამოხატა საქართველოს და ევროპის კულტურული კავშირი.
წინანდლის ისტორიულ მამულში გამართული კონცერტი არაჩვეულებრივი იყო – ეს იყო შუადღის შოუ, რომელიც ღია სივრცეში მზიან დღეს, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე შესრულდა. (დირიჟორი დანიელ ჰარდინგი იყო, რომელიც კონცერტზე დანიელ ბარემბოიმის ნაცვლად წარდგა). აღიარებულმა ქართველმა მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა, რომელიც ამჟამად ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის რეზიდენტი არტისტია, კონცერტზე ბრამსის სავიოლინო კონცერტის სოლო პარტიები დო მაჟორში დახვეწილი მგრძნობელობით შეასრულა.
შემდეგ საღამოს ორკესტრმა იგივე კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შეასრულა, რომელიც პროტესტის ადგილთან ახლოს მდებარეობს. წარმოდგენას აპლოდისმენტები მოჰყვა და მის ფონზე აუდიტორიაში ევროკავშირის დროშები გაიშალა. ამ დროს რთული იყო სიმბოლიზმი არ დაგვენახა. პოლიტიკამ თავისთავად ვერ დაჩრდილა მუსიკა, თუმცა ცხადი იყო, თუ რამდენს ნიშნავდა ქართველი მაყურებლისათვის ეს მუსიკა და ევროპის იდეა. ზოგჯერ ხდება ისე, რომ კონცერტები პოლიტიკის თავისებური გაგრძელებაა.
საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს – ეს ყოველთვის ასე იყო გეოგრაფიულადაც და პოლიტიკურადაც. კულტურულად ქვეყანა ყოველთვის დასავლური ორიენტაციის იყო და, ამავდროულად, ის აღმოსავლურ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ატარებს და დამოუკიდებლობამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. დეკემბერში, ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, საქართველომ ოფიციალურად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ქვეყნის უმრავლესობის სურვილს პასუხობს, რომ ქვეყანა მყარად გახდეს დასავლეთის ნაწილი. და მიუხედავად იმისა, რომ „ევროპაკონცერტის” და შემოთავაზებული კანონის განხილვა მხოლოდ დამთხვევა იყო, ეს თითქოს ქვეყნის გეზის ორ გზაზე მიუთითებს – ერთგვარ საერთაშირისო ოპტიმიზმსა და ეროვნულობის ვიწრო გაგებაზე.
წინანდლის მამულს, რომელიც ქართულმა კომპანია Silk Road Group-მა მთავრობისაგან იჯარით აიღო და განაახლა, თავისი ევროპული კულტურული ისტორია აქვს. მამული, რომელიც საბჭოთა კავშირში დაინგრა, თავის დროზე დაკავშირებული იყო პრინც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელთან – ქართველ დიდგვაროვანთან, რომელმაც მამულის მეშვეობით საქართველოში ევროპული სტილის ღვინო, ბაღები და მუსიკა შემოიტანა. Silk Road-ს, რომელმაც მამულს ძველი ისტორიული დიდება დაუბრუნა, მიმდებარე სივრცეში ორი სასტუმრო აქვს. სასტუმროებთან ერთად, მიმდებარედ გაშენებულია ღვინის ვენახები, ასევე სწორედ აქ არის დაფუძნებული კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც კავკასიის რეგიონში ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. ეს ყველაფერი ასევე ღრმად ოპტიმისტურია.
„ჩვენ ვფიქრობდით, როგორ შეგვეძინა სიცოცხლე მამულისთვის”, – ამბობს Silk Road Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი. „და ავირჩიეთ კლასიკური მუსიკა, რადგან ის ისტორიასთან არის დაკავშირებული.”
წლების წინ რამიშვილი ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს ლიზა ბათიაშვილის მეშვეობით დაუკავშირდა და ყოველწლიური „ევროპაკონცერტის” საქართველოში ჩატარებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. „ეს არაჩვეულებრივი მუსიკაა, მაგრამ ამავდროულად მშვიდობის გზავნილია,” – ამბობს გიორგი რამიშვილი. “ევროპა საქართველოა და საქართველო ევროპაა”.
ყოველწლიური „ევროპაკონცერტი”, რომელიც, როგორც წესი, თუმცა არა ყოველთვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმართება, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის ჩატარების ადგილისა და ბერლინის როლის გამო, რომელიც ევროპის კულტურულ დედაქალაქად იქცა. მაგრამ მათთვის, ვისაც კარგად არ ესმის პოლიტიკა, ან მისი დავიწყება უნდა, ეს კონცერტები ამ კონტექსტის გარეშეც მნიშვნელოვანია. წინანდლის ამფითეატრის ქვის კედლები ჟღერადობას დიდებულებას სძენდა და შუბერტის „ჯადოსნური არფის” დაბალხმოვან ნაწილებში ჩიტების გალობა ისმოდა. ბათიაშვილმა დი მაჟორში შესრულებულ ბრამსის სავიოლინო კონცერტს ტონალობების მდიდარი ფერები შესძინა, განსაკუთრებით კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც დირიჟორმა ჰარდინგმა ორკესტრის მთელი ძალა წარმოაჩინა.
მუსიკალური დიპლომატია ტრადიციად იქცა სულ მცირე 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჯაზის ელჩები” მსოფლიო ტურნეში მიავლინა. მათ შორის იყო ლუი არმსტრონგი. მუსიკოსები იშვიათად წყვეტენ საერთაშორისო უთანხმოებებს და ეს მათი საქმე არც არის, მაგრამ ამგვარი ღონისძიებები ქვეყნებს აახლოებს, რადგან ცხადყოფს, თუ რას სთავაზობენ ისინი ერთმანეთს. ამ ორმა კონცერტმა კი ძლიერად წარმოაჩინა ევროპული იდეა და მისი გაფართოების პოტენციალი.