შვედურმა პოპ კვარტეტმა ABBA-მ 1974 წელს ევროვიზიაზე სიმღერა Waterloo შეასრულა და პირველი ადგილი დაიკავა.
2024 წლის 31 მაისს ბენდს შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტაფმა შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ვასას სამეფო ორდენი გადასცა.
ვასას ორდენი თითქმის 50 წელია არავის მიუღია. შვედურ და საერთაშორისო მუსიკალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ეს ჯილდო ბენდის ოთხივე წევრს – აგნეტა ფალტსკოგს, ბიორნ ულვეუსს, ბენი ადერსონსა და ანი-ფრიდ ლინგსტადს გადაეცათ.
შვედეთს რამდენიმე სამეფო ორდენი აქვს და მათ შორისაა სერაფიმეს სამეფო ორდენი, რომელიც სახელმწიფო მეთაურებს და სამეფო ოჯახის წევრებს გადაეცემათ, ასევე პოლარული ვარსკვლავის სამეფო ორდენი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არ მქონე პირებს გადაეცემათ.
ვასას სამეფო ორდენის მისაღებად კანდიდატები წლის დასაწყისში დასახელდა. შვედეთის მთავრობამ და მეფემ ერთობლივი გადაწყვეტილებით ნომინანტთა შორის ჯგუფი ABBA შეარჩიეს.
ბენდს ორდენი მეფის სასახლეში საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა.
“ჯილდო, რომელსაც დღეს მიიღებთ, შვედეთის ხალხის მადლობის გამომხატველია” – განაცხადა ჯილდოს გადაცემის წინ შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტაფმა.
ევროვიზიაზე გამარჯვებამ ABBA-ს უდიდესი წარმატება მოუტანა და მათი მელოდიური დისკო-პოპ სიმღერების ასობით მილიონი ჩანაწერი გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Ასევე გამოვიდა ABBA-ს სიმღერებზე დაფუძნებული სასცენო მიუზიკლი Mamma Mia!, რომელიც უკვე 25 წლის არის.
აღსანიშნავია, რომ წელს ევროვიზია კვლავ შვედეთში გაიმართა და გამარჯვება შვეიცარიელმა მომღერალმა ნემომ დაიმსახურა სიმღერით The Code.
ჯგუფ ABBA-ს უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია ერთად არ უმღერიათ, თუმცა 2021 წელს ალბომი Voyage გამოსცეს და 2022 წელს ლონდონში ციფრული ABBA-tars გაიხსნა. ეს არის ციფრული ავატარი რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვირტუალურ კონცერტებს წარმოგიდგენთ.