ეკატერინე გოგლიძე – ინგლისში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, რომელმაც Warner Music Group-თან ხელშეკრულება გააფორმა

ეკატერინეს დებიუტი BBC რადიოზე 2016 წელს შედგა, რა დროსაც მომღერალმა ცოცხალი სესიის ფარგლებში ოთხი სიმღერა შეასრულა.
ეკატერინე გოგლიძე - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ეკატერინე გოგლიძე – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

28 წლის ქართველი მუსიკოსი ეკატერინე გოგლიძე წლებია ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეკატერინე საავტორო სიმღერებს წერს და თავადვე ასრულებს. 2016 წელს მისი მუსიკალური დებიუტი BBC Radio-ში შედგა, ცოტა ხნის წინ კი მუსიკოსმა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ კომპანიასთან, Warner Music Group (WMG), ხელშეკრულება გააფორმა. ეს არის კომპანია, რომელიც თავისი მდიდარი მუსიკალური ისტორიით, შემსრულებელთა მრავალფეროვანი სპექტრითა და მუსიკის ვრცელი კატალოგით არის ცნობილი.  Warner Music Group 1958 წელს კომპანია Warner Bros-მიერ დაარსდა და ის რამდენიმე ცნობილი ლეიბლის მფლობელია. კომპანიის ლეიბლებთან ისეთ არტისტებს უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Led Zeppelin, ბრუნო მარსი, მადონა, Red Hot Chili Peppers, Сoldplay, Gorillaz და ა.შ.

ნახეთ ეკატერინე გოგლიძის ინტერვიუ ბილბორდ საქართველოსთან:

ეკატერინე გოგლიძე – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

2016 წელს თქვენი დებიუტი შედგა BBC რადიოზე. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა მუსიკალური გზა გაიარეთ აქამდე. 

2016 წელს მიმიწვიეს BBC-ს ლაივ სესიებზე, სადაც ჩემი ოთხი სიმღერა ცოცხლად შევასრულე. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც BBC-ის DJ-ის დავუკავშირდი და ჩემი სიმღერები გავუგზავნე. მას მოეწონა, აირჩია რამდენიმე თავისი რადიო შოუსთვის და მიმიწვია როგორც სტუმარი. 

Warner Music Group-თან ხელშეკრულება გააფორმეთ, რაც ძალიან საამაყოა. როგორ დაიწყო ამ უმსხვილეს კომპანიასთან თქვენი თანამშრომლობა  

Warner Music Group-ზე როცა ვყვები, მიყვარს იმ ისტორიის გახსენება, როცა სულ მათი ოფისის კართან ვიდექი და ველოდებოდი, როდის უნდა მიმეცა მათი წარმომადგენლისთვის ჩემი CD, რათა მოესმინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ არის ეს კარგი სტრატეგია. რაც დრო გავიდა, უფრო მეტი ხალხი გავიცანი, უფრო მეტი მუსიკალური ჩანაწერი დავაგროვე და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ სექტემბერში Warner Music Group-ის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც ლონდონში იყო ჩამოსული. დავუკავშირდი ელექტრონული ფოსტით და 15 წუთში დამინიშნა შეხვედრა. მოისმინა ჩემი სიმღერები, განვიხილეთ  გეგმები და სექტემბერში დაიწყო ეს პროცესი. ხელშეკრულება კი ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

რა შესაძლებლობებს იძლევა  WMG მუსიკოსის კარიერაში

Warner Music Group-ში არსებობს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები. გააჩნია, რომელს გააფორმებ კომპანიასთან. ჩემ შემთხვევაში ყველანაირად გააქვთ ჩემი ინტერესები, გვყავს 10 კაციანი გუნდი, ვინც შენზე მუშაობს. შეიძლება მარკეტინგში, ჩაწერებში, ცოცხალ კონცერტებში დაგეხმარონ. ბევრ ასპექტს მოიცავ. ზოგადად, ინგლისშიც და ამერიკაშიც ალბათ ყველა დიდი არტისტი კარიერას იწყებს მაშინ, როცა ლეიბლთან ხელშეკრულებას აფორმებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ეს მუსიკოსის კარიერაში.  

ეკატერინე გოგლიძე - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ეკატერინე გოგლიძე – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც ვიცით, ივნისის შუა რიცხვებში სიმღერის Your Girl პრემიერა იგეგმება. გვიამბეთ ამის შესახებ.

საინტერესო ისტორია აქვს ამ სიმღერას, იმიტომ, რომ ინსპირაცია სიზმრიდან წამოვიდა. მისამღერი მესიზმრა, ე.წ. ვოის რექორდერით ჩავიწერე მელოდია და შემდეგ დავიწყე მუშაობა. დაახლოებით 2017-18 წლებში მოხდა ეს ამბავი, ზუსტად აღარ მახსოვს, ლაივში სულ ვასრულებდი ამ სიმღერას, მაგრამ სხვა ტექსტით. მერე, როცა დავაკვირდი, ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ესწრებოდა ჩემს კონცერტებს, ყველას ახსოვდა ეს სიმღერა და მერე უფრო დავხვეწე, ვიმუშავე ამაზე. სიმღერა გულგატეხილობაზეა, სიყვარულზე, თუ როგორ კარგავ ადამიანს.

რას ურჩევ ქართველ არტისტებს, ვისაც სურს, რომ უცხოეთშიც ცადოს ბედი მუსიკალური მიმართულებით.

ყველაზე აუცილებელი მგონია, რომ ყველამ იმუშაოს საავტორო სიმღერებზე, რადგან ქავერებით შორს ვერ წახვალ. პატარა რომ ვიყავი და ქავერებს ვასრულებდი, მამაჩემი სულ მიმეორებდა, რომ ჩემი სიმღერების წერა უნდა დამეწყო. რაღაცას უნდა ქმნიდე ახალს, ეს აუცილებელია, ქავერ შემსრულებელს თავის დამკვიდრება გაუჭირდება. მეორე და მნიშვნელოვანი, რაც არის უცხოეთში, ეს არის ენის ბარიერი. ენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე არ ვაქცევდი ამას ყურადღებას. მე პირადად არ მქონია ეს ბარიერი, რადგან საზღვარგარეთ დავიბადე და გავიზარდე და ინგლისური ენა ჩემთვის მეორე მშობლიური ენაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სიმღერის წერის და შესრულების დროს სიტყვები კარგად ჟღერდეს, რათა მსმენელამდე მივიდეს. კარიერულად ზოგადად რთულია, მაგრამ კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ინგლისში. გარდა ამისა, მაგრამ მიზანდასახული უნდა იყო, იმიტომ, რომ ათას უარს როცა გეტყვიან, მაინც უნდა აკეთო. ამ მიზანდასახულობას ისინი ძალიან აფასებენ, მოსწონთ ეს და შანსს გაძლევენ.

როგორც ვიცი, საავტორო სიმღერებს ძირითადად ინგლისურენოვანს წერთ. გიცდიათ თუ არა ქართულად დაწერა და მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანა?

არის რაღაცები, რაც მომავალში მინდა ჩავწერო. შეიძლება ქართულ ენაზე არ იყოს, მაგრამ Warner Music Group-თან ამაზეც გვისაუბრია, რომ გვინდა ჩემს მუსიკაში ქართული ჟღერადობაც შემოვიტანოთ. ტრევის სკოტის ახალი ალბომი რომ არის, როცა ვუსმენ, სულ წარმოვიდგენ, რა კარგად იცეკვებდნენ სუხიშვილები ამ მუსიკაზე. ისეთი ბითებია, რაღაცნაირად ვუკავშირებ ქართულ მუსიკას. შეიძლება ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ მეც მინდა ამ სიმღერებში ქართული ელემენტები შემოვიტანო, რადგან ჩემ გულთან ძალიან ახლოს დგას. 

ვინ არიან მუსიკოსები რომლებმაც შენს მუსიკალურ განვითარებაზე გავლენა იქონიეს?

ჩემი პირველი მუსიკალური მოგონება არის რობერტ პლანტის და ჯიმი პეიჯის 1973 წლის Madison Square Garden-ში ჩატარებული კონცერტი. მამამ ჩამირთო, კასეტაზე ჰქონდა ჩანაწერი და მახსოვს, შავ-თეთრ ტელევიზორში ვუყურებდი. დღემდე მსგავსად არცერთ მუსიკოსს არ უმოქმედია ჩემზე და არ ჰქონია ამაზე დიდი გავლენა. რაც შეეხება ვოკალს, ალბათ ჯენის ჯიპლინს და კრისტინა აგილერას ვიტყოდი.

ეკატერინე გოგლიძე - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ეკატერინე გოგლიძე – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

თუ  არის რამე  კიდევ, რაც უნდა იცოდეს შენ შესახებ აუდიტორიამ?  

ზუსტი თარიღები არ ვიცი, მაგრამ სამომავლოდ ალბომის და სინგლის გამოცემასაც ვგეგმავ და ვფიქრობ, კონცერტიც უახლოეს მომავალში მექნება.

ნახეთ ეკატერინე გოგლიძის ვიდეო, სადაც მუსიკოსი Warner Music Group-თან თანამშრომლობაზე გვიყვება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანამ ქალ არტისტებს შირის ახალი მუსიკალური რეკორდი დაამყარა

შემდეგი სტატია

ნიჭიერთა ათწლედის 90 წლის იუბილე • კახიძის მუსიკალური ცენტრი

ნიჭიერთა ათწლედის 90 წლის იუბილე

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
მეტი