20 კითხვა მობისთან

„ბილბორდთან” ინტერვიუში მუსიკოსი მის ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და პოპკულტურაზე საუბრობს.
მობი
Lindsay Hicks

2000-იანების ეპოქაში, მაშინაც კი, თუ შორს ცხოვრობდით ელექტრონული მუსიკის ჰაბებისგან, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო და ლოს-ანჯელესი, მაინც გქონდათ შესაძლებლობა, ყოფილიყავით მოვლენების ცენტრში – „ამერიკან ექსპრესის” რეკლამის მეშვეობით.

2000 წელს საკრედიტო ბარათების კომპანიამ თავის რეკლამაში, ტაიგერ ვუდსის მონაწილეობით, მობის სიმღერა Find My Baby გამოიყენა. პარალელურად, „ბეილისის” „ირლანდიური კრემის” რეკლამაში მობის Porcelain ჟღერდა. Maxwell House კლიენტების მოსაზიდად Run On-ს იყენებდა. შოკოლადის კომპანია Thornton’s-მა კი თავისი პროდუქტის დასარეკლამებლად სიმღერა Everloving აირჩია. მობის სიმღერების რეკლამებში გამოყენება ერთგვარ ტენდენციად იქცა და საბოლოოდ მისი 1999 წლის ალბომიდან Play ყველა სიმღერა სარეკლამო რგოლების საუნდტრეკებად იქცა. ამ სტრატეგიამ მობის სიმღერები საყოველთაო გახადა, მსმენელს კი ელექტრონული მუსიკა გააცნო.

თავდაპირველად ალბომის გაყიდვები არცთუ ისე წარმატებული იყო. მობი ფიქრობდა, რომ ეს მისი ბოლო ალბომი იქნებოდა, სანამ კოლეჯის მასწავლებელი გახდებოდა. თუმცა სიმღერების რეკლამებში გამოყენების ტენდენციამ ალბომს სახალხო ცნობადობა მოუტანა. Საბოლოოდ აშშ-ში 18 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომის 2.7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და 94 კვირა გაატარა Billboard 200 ჩარტში.

„ჩემი მენეჯერები ისაუბრებენ სტრატეგიაზე და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი სტრატეგია არ არსებობდა. ან სტრატეგია მხოლოდ ის იყო, რომ ადამიანებს აინტერესებდათ ჩვენი მუსიკა, ჩვენ კი მათი გამოყენების საშუალებას ვაძლევდით,” – ამბობს 58 წლის მუსიკოსი „ბილბორდთან” საუბრისას.

ალბომის წარმატებამ, რა თქმა უნდა, მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. დღეს მობის შემოქმედება 23 სტუდიურ ალბომს მოიცავს. 14 ივნისს კი 24-ე მათგანი გამოვა, სახელწოდებით Always Centered At Night.

Play-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად სექტემბერში მობი 7 ევროპულ კონცერტს გამართავს. ამბობს, რომ ტურნეს ფარგლებში ამერიკაში არ ჩავა. „მძულს ტურნეში სიარული. ჩემმა მენეჯერმა იცის, რომ ერთადერთი გზა, რომ ტურნეზე დამიყოლიოს, არის ფრაზა: „რას ფიქრობ ტურნეზე და მთელი თანხის ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე?” მან იცის, რომ ეს ერთადერთი ხერხია ჩემს დასათანხმებლად. და როცა ტურნე მთავრდება, მე უფრო ცოტა ფული მაქვს, ვიდრე მის დაწყებამდე. 

გთავაზობთ „ბილბორდის” ინტერვიუს მობისთან, სადაც ის საუბრობს, თუ როგორ შეცვალა ალბომის წარმატებამ მისი ცხოვრება, ასევე თანამედროვე პოპკულტურაზე, გარემოს დაცვასა და დონალდ ტრამპზე.

  1. ამ წუთას სად იმყოფებით?

როგორც შუა ხნის ფხიზელი მუსიკოსი, ვარ ლოს-ანჯელესში, Paramount Pictures-ის მიმდებარედ ჩემი ელექტრო მანქანით და ვფიქრობ, სამი კვირის შემდეგაც თუ იარსებებს Paramount-ი. Რაღაც სტატია წავიკითხე, რომ კოტრდებიან და მის გაყიდვას ცდილობენ. ასე რომ, ახლა ლამაზი Paramount-ის ლოტთან ვარ და ვინ იცის, შეიძლება ცოტა ხანში აქ Walmart-ი ან Costco იყოს.

  1. რომელია პირველი ალბომი, რომელიც თქვენთვის იყიდეთ?

ეს ძალიან ცხადად მახსოვს. ჩემმა მეგობარმა რონალდ ლიტლმა 5 დოლარი იპოვა. მაშინ 10 წლის ვიყავი და კონეკტიკუტში, სტრეტფორდში ვცხოვრობდი. გვიანი 70-იანი წლები იყო. 5 დოლარი ხელში არასდროს მჭერია, ეს ისეთი ბევრი ფული იყო. ჩემთვის ყველაზე კარგი დღე აღმოჩნდა. წავედით ფასდაკლებულ მაღაზიაში, რომელსაც ერქვა Bradley’s. ეს იყო ყველაზე იაფი მაღაზია. მე სიღარიბეში ვიზრდებოდი, ასე რომ, ძირითადად Bradley’s-ში დავდიოდით საყიდლებზე. Რონმა ის ნაპოვნი 5 დოლარი თავისი გულკეთილობით მე მომცა, რადგან მასთან ერთად ვიყავი, როცა იპოვა. მე კი ამ ფულით C.W. McCall-ის 7-ინჩიანი სინგლი ვიყიდე – Convoy. სახლში მივიტანე და არ ვხუმრობ – მიყოლებით 40-ჯერ მოვუსმინე იქამდე, სანამ დედაჩემი არ შეწუხდა. 10 მოსმენის შემდეგ მოეწონა. 20 მოსმენის შემდეგ კი მითხრა: „შენ კიდევ ამ სიმღერას უსმენ?” მიფიქრია, იქნებ მაგ მომენტში მიხვდა, რომ გავხდებოდი ორივე – მუსიკოსი და წამალდამოკიდებული.

ცოტა ხნის წინ მივუბრუნდი ამ სიმღერას და ისევ მოვუსმინე. ნამდვილად კარგია, განსაკუთრებულია. ფილმიც კი გადაიღეს მასზე. არ ვიცი, რამდენად ხშირია, როცა სინგლი ხდება მთლიანი ფილმის საფუძველი.

  1. როგორია თქვენთვის ერთი ტიპური დღე?

ყოველი დღე ზუსტად ერთნაირია. როგორც ფხიზელ, ბებერ კაცს, მიყვარს ჩემი დღეები, მაგრამ ამავე დროს, მოსაწყენია. დილას 4:30-ზე ვიღვიძებ, სმუზს მივირთმევ და 20 სხვადასხვა ონლაინ გაზეთს ვკითხულობ. მრცხვენია, ისეთი მოსაწყენი ვარ – ორგანული თეთრი ჩაის დიდ ჩაიდანს ვაყენებ და ერთი საათი მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ. მერე ბევრ საქმეს ვაკეთებ. ჩემს მეგობარ ლინდსის და მე პატარა კინო და სატელევიზიო კომპანია გვაქვს. ასე რომ, ბევრი შეხვედრა და იმეილები… Მერე ვვარჯიშობ, ვსადილობ და ისევ საქმე. მერე 6-დან 10-მდე სასეირნოდ გავდივარ. შემდეგ კი ის დროა, როცა მუსიკაზე ვმუშაობ, რადგან ამ დროს სამყარო მშვიდდება, მე კი ჩემს სტუდიაში ვჯდები, როგორც შუა ხნის ბერი.

  1. რომელია ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ?

ცოტა მერიდება, მაგრამ გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ როცა ტურნეში სიარული დავიწყე, ლიტერატურული სნობი ვიყავი. ეს იყო ადრეულ 90-იანებში. ტურნეში რთული წიგნები მიმქონდა და ვამბობდი, რომ აეროპორტში ან ავტობუსში წავიკითხავდი. მაგრამ მერე გავიაზრე, რომ ბევრად უფრო მაბედნიერებდა მარტივი შინაარსის წიგნები, რომლებსაც აეროპორტებში ვყიდულობდი. მაგალითად, წავიღებდი ოლდოს ჰაქსლის წიგნს „ბრმა ღაზაში” და ვამთავრებდი სტივენ კინგის კითხვით.

დღეს ცოტა კი მერიდება ამის აღიარება, მაგრამ მიყვარს წიგნები, რომლებსაც „აეროპორტის ლიტერატურას” ვეძახი – Სახალისო სიუჟეტით. ბევრი მათგანი საოცრად კარგად არის დაწერილი. ასე რომ, ვიქნები გულახდილი და გეტყვით, რომ წიგნი, რომელსაც ახლა ვამთავრებ არის სერიიდან Orphan X. ეს არის ადამიანზე, რომელიც გაწვრთნილია, რომ იყოს მსოფლიოს ყველაზე დიდი მკვლელი, მაგრამ მას ასევე ახსოვს, თუ როგორ იყოს ადამიანი. სახალისოა და კარგად დაწერილი. შემიძლია მოვიტყუო და გითხრათ, რომ ახლიდან ვკითხულობ „ბრმა ღაზაში”, მაგრამ სინამდვილეა ის, რომ ვკითხულობ Orphan X-ს.

  1. წავიკითხე, თუ როგორ გამოიწვია Play-ს სიმღერების რეკლამებში გამოყენებამ მისი წარმატება. თქვენ Რამდენად ჩართული იყავით ამ სტრატეგიაში?

მიხარია, რომ ფიქრობთ, რომ ეს სტრატეგია იყო… როცა ალბომი გამოვიდა, მან, ასე ვთქვათ, კრახი განიცადა. არ იყიდებოდა კარგად, არ ჰქონდა კარგი შეფასებები. ტურნეც ძალიან პატარა გვქონდა. პირველ შოუს, რომელიც დავუკარი, სულ 20 ადამიანამდე ესწრებოდა და უფასო იყო. ერთადერთი ინტერესი, რაც მივიღეთ, იყო ადამიანებისგან, რომელთაც უნდოდათ ამ სიმღერების რეკლამებში გამოყენება. ჩვენ უბრალოდ ყველაფერზე ვუთხარით კი, რადგან ეს ერთადერთი ინტერესი იყო, რაც მაშინ ჩვენი მისამართით მოდიოდა.

  1. ეს ყველაფერი ძალიან შემოსავლიანი იყო. როგორ შეცვალა ფულმა თქვენი ცხოვრება?

მე გავიზარდე პანკ-როკის გულში ადრეულ 80-იანებში და ჩემი ერთ-ერთ საყვარელი ბენდი, როგორც ყველასი, იყო Minor Threat. ჩემი მუსიკალური და სულიერი გმირი იან მაკეი გახლდათ, რომელიც შოუში მხოლოდ 5 დოლარს იღებდა. როგორც იცით, ადრეული 80-იანების პანკ-როკის სცენა აგრესიულად არაკაპიტალისტური იყო. ასე რომ, როცა მუსიკის გაყიდვა და ამით ფულის შოვნა დავიწყე, შეთანხმება, რომელიც ჩემს თავთან დავდე იყო შემდეგი: „იშოვე ფული, რომ მისით რაიმე კარგის გაკეთება შეძლო.” 

გულახდილი რომ ვიყო, ბევრი ეგოისტური და სულელური რაღაცები გამიკეთებია, ბევრი ფულიც დამიხარჯავს, მაგრამ საბოლოოდ გავიაზრე, რომ რაც არ უნდა გიგანტური სახლი იყიდო, არ აქვს მნიშვნელობა სად ვცხოვრობ, მაინც დაუცველი, მშფოთვარე პატარა უცნაური ადამიანი ხარ. ასე რომ, მალევე გავთავისუფლდი იმ იდეისგან, რომ დიდი სახლის ყიდვა რაიმე პრობლემას მოაგვარებდა. მერე ვთქვი: „კარგი, რაღაც ფული გამოვიმუშავე. ახლა უნდა გავარკვიო, როგორ ვიცხოვრო კომფორტული, მარტივი ცხოვრებით და მერე იდეალურად დავხარჯო ფული, რომ ნემსი მაინც გადავაადგილო ამ არსებულ საშინელ სიტუაციაში, რაც არის საკვების წარმოება, გარემოს განადგურება, დემოკრატიაზე თავდასხმა და სხვა.” ჩემი მხრივ, სულ ვცდილობ რომ ამ იდეების ერთგული დავრჩე. 

  1. როგორც ჩანს, ამან იმუშავა. ეს კომპონენტები, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილია თქვენი კარიერის და იმ პიროვნების, როგორადაც ადამიანები გიცნობენ, ასე არ არის?

თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ ამაზე ლაპარაკისას. Რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ეგო, მაგრამ არ მიყვარს ამის საჯაროდ გამოტანა, თუ ამის საჭიროება არ არის, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც პოპკულტურის უმეტესი ნაწილი პირწავარდნილად ეგოისტურია. ჩემი იმედი ისაა, რომ შესაძლოა შევძლო – ვიცი, რომ არამოკრძალებულად ჟღერს – და შევახსენო ადამიანებს, რომ საკუთარ თავზე ორიენტირებული კულტურა და ცხოვრება არ არის ახლა აქტუალური, რადგან მსოფლიო ნადგურდება. 

  1. თქვენ მუშაობთ ცხოველთა უფლებების დაცვაზე. ხდება ახლა ისეთი მოვლენები, რაც ამისკენ გიბიძგებთ?

1987 წლიდან ვეგანი გავხდი და 1987 წელს ალბათ მსოფლიოში სულ ორი ვეგანური რესტორანი არსებობდა. სიტყვა ვეგანიც კი არავინ იცოდა. დღეს კი ლოს-ანჯელესში, მხოლოდ ჩემი საცხოვრებლიდან 10 მილის რადიუსში, 50 ვეგანური რესტორანია. პროგრესი შესამჩნევია. ბევრი პოლიტიკოსი და ცნობილი სახეა ვეგანი. თითქმის ყველამ იცის, რას ნიშნავს ეს სიტყვა. თუმცა ხორცის მოხმარება მაინც იზრდება. ფაქტია, რომ ადამიანები არიან პასუხისმგებელი ყოველწლიურად მილიარდობით ცხოველის სიცოცხლეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი წამითაც ვერ ვიქნები კმაყოფილი იმით, სადაც ახლა ვართ, რადგან ეს ძალიან შორია იმისგან, სადაც უნდა ვიყოთ.

  1. ერთი ინფორმაციის გაზიარება Რომ შეგეძლოთ ისეთი ადამიანისთვის, რომელიც ამ საკითხში არ არის გაცნობიერებული – იმ იმედით, რომ მასზე გავლენას მოახდენთ, Რა იქნება ეს ინფორმაცია?

ვეგან აქტივისტად გახდომას სტრატეგიულად საინტერესოდ აქცევს ის, რომ ყველა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე რეაგირებს. ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, რომელიც შეიძლება სოციოპათი იყო, მაგრამ ცხოველები არ უყვარდა. ჩემი არგუმენტი იყო: „და რას იტყვი კლიმატზე? Რას იტყვი ადამიანის ჯანმრთელობაზე? Რას იტყვი მშრომელთა უფლებებზე? Რას იტყვი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობაზე? Რას იტყვი ტროპიკული ტყეების განადგურებაზე? ამ საკითხებიდან რომელიმე გაღელვებს?” მან მითხრა: „კი, მე ყველა ეს საკითხი მაღელვებს.” მე კი ვუპასუხე: „მაშინ ესაა, რის გამოც ცხოველების საკვებად გამოყენება უნდა შევწყვიტოთ .”

რთულია, აირჩიო ერთი კუთხე, რომელიც ყველას შეეხება. ერთი რამ არის, რაც ჩემთვის ამოუხსნელია: როგორ ხდება, რომ პლანეტაზე ხალხის უმრავლესობას უყვარს ცხოველები ან, მინიმუმ, შეწუხებულია მათი ტანჯვის იდეით, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ადამიანების უმრავლესობა რუტინულად მოიხმარს მათ და იწვევს მათ ტანჯვას. დამაბნეველია: თუ ვინმეს ფოტოს ან ვიდეოს აჩვენებ, თუ როგორ იქმნება მათი საკვები, შიშის ზარი მოიცავს, რადგან ლოგიკური გაგრძელება ამისა, არის: „მაშინ შეწყვიტე იმის ჭამა, რასაც ჭამ.”

  1. თქვენი აზრით, რა არის, რაც ამ ლოგიკურ კავშირს წყვეტს?

ამ კავშირის წყვეტა არის დამაბნეველი. ადამიანები, რომელთაც უნდათ ჯანმრთელობა, ჭამენ საკვებს, რომელიც მათ კლავს. ან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარგი ადამიანები არიან, იპარავენ, იტყუებიან, ღალატობენ და საშინელ რაღაცებს სჩადიან. 

არსებობს ნევროლოგიური კომპონენტი, ნეიროტრანსმიტური კომპონენტი, რომელიც ტვინში გვაქვს. გვაქვს პრეფრონტალური კორტექსი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს. მაგრამ გვაქვს ასევე სიამოვნების ცენტრი, რომელიც ისეთი ძლიერია, რომ ეს პარადოქსული იდეები ჩნდება, რადგან ორივე მათგანი ადამიანს კარგად აგრძნობინებს თავს. ვიღაც ამბობს: „მიყვარს ცხოველები”, მაგრამ ისევ ის ადამიანი ამბობს: „მიყვარს ფუა-გრა.” რაციონალურად ორივე შეუძლებელია, მაგრამ ორივე მათგანი მას აბედნიერებს და ეს კარგად ყოფნის გრძნობა არის ის, რაც განსაზღვრავს ეპისტემოლოგიურ ნარატივს ამის გარშემო.

  1. უხეში გადასვლაა, მაგრამ სიამოვნების ცენტრებზე საუბრისას თქვენზე დავფიქრდი Play-ს ეპოქაში, როცა ამხელა წარმატება გქონდათ. იყო თუ უარა ეს თქვენთვის მწვერვალზე ყოფნა და რამდენად კარგად გაართვით ამას თავი?

ზოგი ადამიანი ძალიან კარგად ართმევს თავს ცნობადობას. მე არ ვიყავი მათ შორის, რადგან მე ამას არასდროს ველოდი. ისევ და ისევ ჩემდა სამარცხვინოდ, ადამიანი, რომელიც Minor Threat-ზე გავიზარდე, ზედმეტად შემიპყრო ამ ცნობადობამ. ვსვამდი, ვიღებდი ნარკოტიკს და დავდიოდი მოდურ ღონისძიებებზე. ბოლომდე გადავეშვი ამ იდიოტური ცნობადობის სამყაროში. მაგრამ ამის ნამდვილად მადლობელი ვარ, რადგან ეს იყო ყველაზე დიდი განათლება, რაც კი მიმიღია.

ჩვენ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ცნობადობას და ცნობილ ხალხს. რაღაც პერიოდი მეც ძალიან ცნობილი ვიყავი და ბევრი ცნობილი მეგობარი მყავდა. მერე გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი ზედაპირული და იდიოტური იყო. ამან გამიადვილა, რომ არ ვეცდუნებინე ცნობადობის ხაფანგებს, რადგან ძალიან ვიყავი მასში გადაშვებული და შესაბამისად, მივხვდი, თუ როგორი ფუქსავატურია ის. მე ის ადამიანი ვარ, ვინც უშუალოდ გამოცადა ყველაფერი და ეს ნამდვილად სულელურია. 

  1. შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ, რატომაა სულელური?

იყო პერიოდი, როცა ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე დავდიოდი – იქაც კი, სადაც არაფერი მესაქმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ მსახიობებსა და მუსიკოსებს შევხვდი, საუბრები არასდროს ყოფილა საინტერესო ან სახალისო – ისეთი, როგორიც იმ ადამიანებთან მაქვს ხოლმე, ვისთან ერთადაც სკოლაში დავდიოდი. კოლეჯის მეგობრებთან სადილი ათასჯერ უფრო სახალისო და საინტერესოა, ვიდრე ნებისმიერი სადილი ნებისმიერ ცნობილ სახესთან.

  1. თქვენ ახსენეთ პოპკულტურის ეგოისტურობა. რადგან თქვენ თავად ცხოვრობდით იმავე ცხოვრებით, ახლა თუ გაქვთ თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს არიან ამ ბიზნესში?

ახლა ისეთ რამეს შეეხეთ, რომ ჩვენება უნდა შევცვალო, რადგან ეს არის ქვეკითხვა შემდეგი კითხვების: როგორც სახეობები, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? Რატომ ვაკეთებთ იმ არჩევანს, რომლებსაც ვაკეთებთ? Რატომ ვაფასებთ იმას, რასაც ვაფასებთ?

უფრო ფართო გაგებით, ჩემთვის ყველაფერს აქვს ეგზისტენციალური საფუძველი. ჩვენ ვართ შეშინებული, უცნაური პატარა მაიმუნები, რომლებსაც არ აქვთ გაგება იმისა, თუ ვინ ვართ ან რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში. ასე რომ, ჩვენ სასოწარკვეთით ვეჭიდებით ყველაფერს, რაც ან პასუხებს შეიცავს და ან თავს კარგად გვაგრძნობინებს შემდეგი 5 წუთის განმავლობაში. სევდიანია ის, თუ როგორ ვართ ერთმანეთზე გადაჯაჭვული. არ ვფიქრობ, რომ მე თავისუფალი ვარ ამისგან, მაგრამ მგონია, რომ საკმარისად ვიყავი იქ, საიდანაც შემიძლია უკან დავიხიო და ამ სტანდარტული არჩევანის სარგებლიანობა გავიგო.

  1. თქვენ აღწერეთ თქვენი მოსაწყენი დღე. ამ სტრუქტურამ თქვენთვის ყოველდღიური ცხოვრების ეგზისტენციალური დილემა გაამარტივა? 

დიახ, ჩემთვის ნამდვილად. მაგრამ ამის ნაწილია ასევე ის, რომ მე ვცხოვრობ Griffith Park-თან. ეს კი ველური ადგილია, პირდაპირი გაგებით. იქ ყოველდღე ვსეირნობ ისეთ ნაწილებში, სადაც ადამიანები არ არიან და ვხედავ კოიოტებს, გველებს და მთელ ბუნებას. ჩემთვის – ბოდიშს ვიხდი, თუ პოლ სტეიმეტსივით ან ჯონ მუირივით გამომივა – მაგრამ ეს არის, რაც ჩემს ეგზისტენციალურ დილემას შველის – იმის შეხსენება, რომ კაცობრიობის წუხილები სევდიანი და ზედაპირულია მაშინ, როცა ბუნება სინამდვილეში იმ სიბრძნის განსხეულებაა, რომელიც კაცობრიობამ ჯერ კიდევ უნდა აღმოაჩინოს.

  1. ეს კითხვა ალბათ ზედაპირულად ჟღერს, მაგრამ თქვენი კარიერის ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ? ან ფიქრობთ თუ არა საერთოდ, რომ გაქვთ უკვე ყველაზე დიდი მიღწევა?

ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა არის ერთი და ვრცელი და ეს არის ის, რომ მე მაქვს შექმნილი მუსიკა, რომელმაც ადამიანებს მისცა ემოციური კომფორტი – სულ ეს არის. სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. არ არსებობს ცხრილები, გაყიდვების მონაცემები ან შემოსავალი – ეს ყველაფერი სისულელეა. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანი არის და სულ იქნება, ესაა, როცა ვიღაც მეტყვის, რომ ჩემმა შექმნილმა მუსიკამ მას ემოციური კომფორტი მიანიჭა ან ემოციების გამოშვების საშუალება მისცა.

  1. მაშინ შესაძლოა შემდეგი კითხვის პასუხი არც გქონდეთ, მაგრამ მაინტერესებს, თუ გაქვთ რაიმე პროფესიული სინანული?

ეს შესანიშნავი შეკითხვაა. უამრავი სინანული მაქვს, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი რამ, რისიც ყველაზე მადლიერი ვარ, არის ის პერსპექტივა, რაც დღეს მაქვს. პერსპექტივა კი, ყველა ადამიანისთვის ამ პლანეტაზე, არის ჩვენი გამოცდილების შედეგი. ასე რომ, თუ მადლობელი ხარ შენი პერსპექტივის, რთულია გააკრიტიკო ნებისმიერი გამოცდილება, რომელმაც წვლილი შეიტანა მასში. 

  1. თუ მოგიწევდათ Play-დან ერთი სიმღერის აღება და Convoy-ის სტილში მისი ფილმად გადაქცევა, რომელი სიმღერა იქნებოდა ეს?

ეს იქნებოდა ქავერ სიმღერა Run On. საინტერესო სიმღერაა, რადგან როცა ჩემი ვერსია გავაკეთე, ვიცოდი, რომ ძველი სტანდარტი იყო. მაგრამ როცა გამოვეცი, იმდენმა ადამიანმა მითხრა, თუ რამდენად ძველი იყო: ელვისს აქვს გაკეთებული, Carter Family-ს…  ეს ძველი სიმღერაა. ყოველთვის, როცა ვუსმენ ან ვუკრავ, რატომღაც, დონალდ ტრამპზე ვფიქრობ.

  1. Რატომ?

იმიტომ, რომ ეს სიმღერა არის ბოროტ, საშინელ ადამიანზე, რომელიც თავისი ბოროტების ნაყოფს იმკის. Ბოდიშს გიხდით თქვენ ან ვინმეს, ვინც ტრამპის მხარდამჭერია, მაგრამ ის ჰგავს ბოროტ უცხოპლანეტელს, რომელიც თავს გვაჩვენებს, ვითომ, ადამიანია, რადგან არარეალურად ბოროტია. მაგრამ ამერიკელების 50%-ს მაინც სურს, რომ ხმა მას მისცეს. ასე რომ, ეს არის ამბავი უსულო ფსიქოპათის, ადამიანის, ანტისოციალური აშლილობით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სიმდიდრისა და ძალაუფლების დაგროვებისთვის. Როდის გამოჩნდება შედეგები?

მე არ მსურს მისთვის ტანჯვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიმღერა Run On იმ ნარატივს, აღწერს, რომელიც, მგონია, რომ ტრამპს ეხება. მოუსმინეთ ამ სიმღერას და იფიქრეთ ისეთ ადამიანზე, როგორიც ტრამპია, რომელიც, როგორც ვიცით, ფეხმძიმე ცოლის პორნოვარსკვლავთან ღალატში დაადანაშაულეს. და მაინც, ევანგელისტებს უყვართ ის და მხარს უჭერენ. კოგნიტური დისონანსი, რომელიც, ვფიქრობ, რომ ყველას გვაქვს ამ საკითხის ირგვლივ, გამაოგნებელია. 

  1. რა არის ის ერთი რჩევა, რომელსაც თქვენს ახალგაზრდა თავს მისცემდით?

რაზეც მანამდე ვსაუბრობდით: თუ მადლიერი ხარ იმ პერსპექტივის, რაც გაქვს, ვერ დაბრუნდები დროში და ვერ შეცვლი რაიმეს. ასე რომ, რომც შემეძლოს დროში დაბრუნება და ჩემს თავთან შეხვედრა ჩემი თავის ყველაზე იდიოტური, ნარცისული და ეგოისტური ვერსიის პერიოდში, შესაძლოა საკუთარი თავისთვის მეთქვა: „უბრალოდ განაგრძე იმის კეთება, რასაც აკეთებ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იდიოტურია, იმედი მაქვს, რომ ის რაღაცამდე მიგიყვანს. შეიძლება არსებობდეს რაღაც სიბრძნე, რომელიც იდიოტობის პროდუქტია და რომელიც თავის თავს დროში დაამტკიცებს.

  1.  ეს იმ ადამიანის სიტყვებს ჰგავს, რომელსაც მოსწონს თავისი თავი ამ მომენტში, ასეა?

როგორც უკვე ვთქვი, მე ძალიან მადლიერი ვარ იმ უცნაური პერსპექტივის, რაც ახლა მაქვს. ჩვენ ყველას გვაქვს  განსაცდელი, მაგრამ საბოლოოდ ეს განსაცდელი სწავლის ნაწილია. არც ჩემი და არც არავის ტანჯვა არ მსურს, მაგრამ მე ნამდვილად შეცდომებისგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე იმ წარმატებიდან, რომელიც მქონდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გრეის ანატომიის” მსახიობის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტი კვალავაც სერიალის ერთგული მაყურებელია

შემდეგი სტატია

ნახეთ ბილი აილიშის მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Chihiro

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი