შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტზე და პოპ ვარსკვლავის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრობს. ტრამპმა მომღერლის შესახებ აზრი საჯაროდ დააფიქსირა წიგნში, სახელწოდებით Apprentice in Wonderland: How Donald Trump and Mark Burnett Took America Through the Looking Glass, რომლის ავტორი გამოცემა Variety-ის მთავარი რედაქტორი და მწერალი რემინ სეტუდეა.
„ვფიქრობ, ლამაზია – ძალიან ლამაზი,” – ამბობს ტრამპი ტეილორ სვიფტის შესახებ. „ის ლიბერალია და ალბათ ტრამპი არ მოსწონს. გამიგია, რომ ძალიან ნიჭიერია და ამავდროულად უჩვეულოდ ლამაზი,” – აღნიშნავს ექს-პრეზიდენტი.
სვიფტი წლების განმავლობაში ღიად აფიქსირებს მემარცხენე პოლიტიკურ შეხედულებებს. მან პოლიტიკის შესახებ საჯაროდ საუბარი 2018 წელს დაიწყო, როცა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატ პოლიტიკოსებს დაუჭირა მხარი. ტრამპმა ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის გამო მას მომღერლის მუსიკა ნაკლებად მოსწონს. ტრამპი ასევე ამხელს თავის ვარაუდს, რომ ტეილორ სვიფტის ლიბერალური შეხედულებები დადგმული შოუს ნაწილია. „ჩემთვის გასაკვირია, რომ ქანთრი ჟანრის ლიბერალი ვარსკვლავი პოპულარულია,” – ამბობს ტრამპი. სვიფტის მუსიკალურ შემოქმედებაზე კითხვისას დონალდ ტრამპი ამხელს, რომ მომღერლის რეპერტუარს კარგად არ იცნობს.
ტეილორ სვიფტის შესახებ დონალდ ტრამპმა 2023 წელსაც ისაუბრა. ყოფილი პრეზიდენტი Daily Caller interview-ში სვიფტის და ტრევის კელსის რომანტიკულ ურთიერთობას გამოეხმაურა. „ორივეს საუკეთესოს ვუსურვებ. იმედია, ცხოვრებით ისიამოვნებენ ერთად, ან – ცალ-ცალკე, ალბათ უფრო ცალ-ცალკე,” – აღნიშნა ინტერვიუში ტრამპმა.