Tbilisi Open Air 2024 გაიხსნა 

ფესტივალის პირველი დღე ცნობილმა ნორვეგიელმა არტისტმა AURORA-მ დახურა. მან სცენიდან მსმენელს მიმართა და საქართველოში მიმდინარე პროტესტსაც გამოეხმაურა.
Aurora. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

21 ივნისს Tbilisi Open Air გაიხსნა. პირველ დღეს ფესტივალის სტუმრების წინაშე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები წარდგნენ. Tbilisi Open Air-ზე, ტრადიციულად, რამდენიმე სცენაა წარმოდგენილი. წელს მთავარ სცენასთან ერთად მუსიკალურად აქტიურია Singer Stager. 

მთავარ სცენაზე პირველი გამომსვლელი ბენდი Tape Visitors იყო. ალტერნატიული როკის შემსრულებელი ჯგუფი წელს Newcomers Tbilisi-ის გამარჯვებული გახდა და მუსიკალური კოლექტივისათვის ეს დიდ სცენაზე პირველი გამოსვლა იყო.

Tape Visitors. ფოტო: გიო მაჭავარიანი

პერფორმანსის შემდეგ Billboard Georgia ბენდის წევრებს გაესაუბრა. ჯგუფმა ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ ღონისძიებაზე შესრულებით მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა. 

„ასეთ კარგ ლაივსაც არ ველოდი, ემოციებით სავსე ვართ თითოეული წევრი. სცენაზე ბოლომდე დავიხარჯეთ და მსმენელისაგანაც შესაბამისი დამოკიდებულება მივიღეთ. ახალი ბენდისათვის ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს,” – აღნიშნეს Tape Visitors-ის წევრებმა.

Tbilisi Open Air-ის სცენაზე კიდევ ერთი ქართული ბენდი Mechanical Rainbow წარდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს უკვე ჰყავს თავისი ერთგული მსმენელი, ეს მუსიკალური კოლექტივისათვის ფესტივალის მთავარ სცენაზე პირველი გამოსვლა იყო.

Mechanical Rainbow. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ნაცნობ სიმღერებთან ერთად, ჯგუფმა მსმენელს სიურპრიზი გაუკეთა და გამოუქვეყნებელი ტრეკი, სახელწოდებით „სდექ” შეასრულა. სიმღერა Kordz-თან და სტეფანესთან ერთად ჩაიწერა და პირველად სწორედ Tbilisi Open Air-ზე შესრულდა.

ნაცნობ სიმღერებთან ერთად, ჯგუფმა მსმენელს სიურპრიზი გაუკეთა და გამოუქვეყნებელი ტრეკი, სახელწოდებით „სდექ” შეასრულა. სიმღერა Kordz-თან და სტეფანესთან ერთად ჩაიწერა და პირველად სწორედ Tbilisi Open Air-ზე შესრულდა. Mechanical Rainbow-ს ლაივის ბოლოს სცენაზე ვინდა ფოლიოც შეუერთდა და მუსიკოსებმა ერთად „ტექნომაგია” შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ Mechanical Rainbow მსმენელთან განსაკუთრებული ინტერაქციით გამოირჩეოდა. 

Mechanical Rainbow & ვინდა ფოლიო. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Mechanical Rainbow: 

„ჩვენთვის Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე გამოსვლა განსაკუთრებული მომენტი იყო, რადგან ამას ექვსი წელი  ველოდებოდით.  ჩვენ ყველამ ერთმანეთი ბენდით ვიპოვეთ და შემდეგ ოჯახად ჩამოვყალიბდით. ახლა კი, როცა ერთად გამოვედით Tbilisi Open Air-ის სცენაზე, ამას ჩვენთვის სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. ახლა, როცა საერთო ოცნება ავისრულეთ, საკუთარი თავის უფრო მეტად დავიჯერეთ.”

MokuMoku. ფოტო: გიო მაჭავარიანი

ქართველი მონაწილეების ნაწილი მთავარ სცენაზე  MokuMoku-ს გამოსვლით დაიწყო. ყველასათვის კარგად ნაცნობი  ჯგუფი ფესტივალის აუდიტორიის წინაშე, ჩვეულებისამებრ, ენერგიული მუსიკალური შესრულებით წარდგა. 

ამის შემდეგ სცენა პირველი საფესტივალო დღის მთავარ საერთაშორისო მონაწილეებს, ჯგუფ Archive-ს და AURORA-ს დაეთმო. Archive ფესტივალის სტუმარი უკვე მესამედ იყობენდმა თავისი მუსიკალური ნაწილი გახსნა ცნობილი ჰიტით Light

Archive. ფოტო: გიო მაჭავარიანი

ამის შემდეგ Archive მსმენელს სცენიდან მიესალმა და თბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა. Archive ერთ-ერთი ის ბენდია, რომელიც ძლიერი ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ქართველი მსმენელისათვის ბენდის მოსმენა ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ მუსიკალურ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. 

AURORA. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ამის შემდეგ კი ფესტივალის პირველი დღის დასკვნითი ნაწილის დრო დადგა, როცა სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავი და ახალი თაობისათვის განსაკუთრებულად საყვარელი არტისტი – ნორვეგიელი მუსიკოსი AURORA წარდგა. მისი მუსიკალური შესრულება ფესტივალის მსმენელისათვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ძლიერი ვოკალითა და აუდიტორიასთან ინტერაქციით AURORA-მ ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლაივი შეასრულა. 

„უცნაურია, მაგრამ საქართველოში, თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. მე ნორვეგიიდან ვარ, რომელიც პატარა ქვეყანაა. საქართველოც პატარაა, მაგრამ ძლიერი. ვხედავ, რომ ქუჩებში აპროტესტებთ და იბრძვით იმისთვის, რისიც გჯერათ. ჩემს გულში აღწევს თქვენნაირი ადამიანების ყურება,”- მიმართა AURORA-მ მსმენელს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

აღსანიშნავია, რომ ლაივის განმავლობაში არტისტმა აუდიტორიისაგან არაერთი საჩუქარი მიიღო. მათ შორის იყო პოსტერები, ნახატები და საქართველოს დროშა, რომელიც მუსიკოსმა ტანზე მოისხა და ასე შეასრულა სიმღერა. მუსიკალური ნომრების დასრულების შემდეგ AURORA სცენაზე, მსმენელის თხოვნით, კიდევ ერთხელ გამოვიდა და დამატებით ერთი სიმღერა შეასრულა. 

სწორედ AURORA-ს ემოციური შესრულებით დასრულდა Tbilisi Open Air-ის პირველი დღე. როგორც ფესტივალის წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, მოსმენილი ლაივებისა და შემსრულებლების გათვალისწინებით, წლევანდელი ფესტივალის დასაწყისი იმაზე ემოციური აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი იყო.

Archive. ფოტო: გიო მაჭავარიანი

სოფო ებრალიძე: 

„სიტყვებით გადმოცემა მიჭირს იმ შთაბეჭდილებების, რაც დღეს მივიღეთ. ფესტივალის კარი შუა დღის სამი საათიდან გაიხსნა და მსმენელის დიდი ნაკადი საფესტივალო ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა. ეს ის მომენტი იყო, როცა ამ ახალგაზრდებს შეხედავ და იტყვი, რომ სწორედ ასე გამოიყურება თავისუფლება. ვფიქრობ, რომ Tbilisi Open Air-მა 15 წლის განმავლობაში მიაღწია მიზანს და ნამდვილად გაამართლა თავისი სლოგანი, რომ მუსიკა ათავისუფლებს. ჩვენ დღეს მოვისმინეთ არაჩვეულებრივი ქართველი შემსრულებლები ძალიან კარგი ლაივებით. საერთაშორისო  ჰედლაინერებს რაც შეეხებათ, Archive მესამედ მოვისმინეთ, თუმცა მათ ის ემოცია გააცოცხლეს, რაც პირველი ჩამოსვლისას – 2015 წელს მივიღეთ. AURORA-მ  კი საოცარი პერფორმანსი წარმოგვიდგინა და უამრავი ადამიანი თავისი მუსიკის  გარშემო გააერთიანა. ყველა ამ დეტალის ერთობლიობით  არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა”.

Tbilisi Open Air კიდევ ორ დღეს გაგრძელდება და 23 ივნისს დასრულდება. ფესტივალის პროგრამის შესახებ მეტ დეტალს გაეცანით ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ლონდონური კონცერტების აღსანიშნავად ბუკინგემის სასახლის სამხედრო ბენდმა Shake It Off დაუკრა

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსი ტეილორ სვიფტის მიერ ცეცხლმაქრის გამოყენების სასაცილო ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი