ქართული ალტერნატიული ჯგუფი Bedford Falls უკვე მეორე წელია საკონცერტო ტურნეებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მართავს. 2023 წელს ბენდმა ევროპის მასშტაბით ხუთი შოუ გამართა, წელს კი უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდნენ და ჯამში წლევანდელი მათი ტურნე ათ კონცერტს მოიცავს.
Bedford Falls-ის Calypso Tour 28 ივნისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.
„წელს Bedford falls-ს უკვე მეორე ტურნე აქვს ევროპაში, რომელიც პირველ ტურნეზე გაცილებით დიდია. პირველში ხუთი შოუ გვქონდა, წელს კი დაახლოებით 10 კონცერტი იყო დაგეგმილი. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნეა. Fusion ფესტივალზე ვიყავით და ეს იყო სასწაული, ათასობით ადამიანი ცეკვავდა Bedford Falls-ის ტრეკებზე, ვინც არ იცოდა ამათი სიმღერა ისეთი ადამიანებიც ავიყოლიეთ და განმეორებით გამოსვლაც მოგვთხოვეს.
„ბერლინში გვქონდა კონცერტი, რომელიც ძალიან მაგარი იყო, ასევე გუშინ ჰამბურგშიც ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. წლევანდელი ტურნეს პირველი კონცერტი პოლონეთში გვქონდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, ახლა გზაში ვართ და მივდივართ ჰამბურგიდან Paradiso Amsterdam-ში, Iconic ვენიუზე გვექნება კონცერტი. შემდეგ დაგეგმილია გენტში, ბელგიაში, სადაც ქართული პრომოუტერი კომპანია Belgeo-სთან ვთანამშრომლობთ, შემდეგ კიოლნში და მერე Montreux-ს ფესტივალი იქნება ტურნეს დასასრული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სახელოვანი ფესტივალია მსოფლიოში და სადაც, თუ არ ვცდები, ჯერ ქართველი არტისტი არც გამოსულა. შემდეგ მივდივართ ვენაში და ამით რჩება ჩვენი ტურნე. განწყობა ამაღლებული გვაქვს, დაღლილები ვართ, თუმცა სასიამოვნოდ. შრომაში უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, ახალი მსმენელები გვყავს, ახალი გზები გავჭერით და ძალიან კარგ განწყობაზე ვართ.“ – კომპანია Strauss Entertainment-ის დამფუძნებელი დავით ცინცაძე.
ტურნეს ორგანიზატორია კომპანია Strauss Entertainment, მხარდამჭერი კომპანიები კი TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის, Visa, Europcar Georgia არიან.
გაეცანით Bedford Falls-ის ევროპული ტურის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების განრიგს:
ლუბლინი, პოლონეთი – 28 ივნისი
ლარსი, გერმანია – 29 ივნისი
ბერლინი, გერმანია – 1 ივლისი
ჰამბურგი, გერმანია – 3 ივლისი
ამსტერდამი, ჰოლანდია – 5 ივლისი
გენტი, ბელგია – 7 ივლისი
კიოლნი, გერმანია – 10 ივლისი
შვეიცარია მონტრე – 14 ივლისი
ვენა, ავსტრია – 21 ივლისი