საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადები“ მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა. ფესტივალი წელს უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდება და საქართველოს სამ ქალაქს – ბორჯომს, ბათუმს და თბილისს მოიცავს.
„ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება, რის შემდეგაც ფესტივალი ბათუმში გადაინაცვლებს. 23 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი შეასრულებსენ ისეთი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ენიო მორიკონე, ნინო როტა, ხალედ მუზანარი, კარლოს გარდელი, ასტორ პიაცოლა.
ფესტივალის ბათუმური კონცერტების მეორე საკონცერტო დღეს, 25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ელვინ ხოჯა განიევს, რომელიც მსმენელის წინაშე ფესტივალის საბაზო ორკესტრთან ერთად წარდგება. პროგრამაშია ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლასა და ნიკოლო პაგანინის ცნობილი კომპოზიციები.
15 სექტემბრიდან „ღამის სერენადები” თბილისში გადმოინაცვლებს. კონცერტები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში გაიმართება. 15 სექტემბერს დიდ დარბაზში აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ბეატრიჩე ვენეცი, სანდრო ნებიერიძე და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. 17 სექტემბერის მუსიკალურ საღამოს ასევე დიდი დარბაზი უმასპინძლებს. სცენაზე წარდგება მარიამ როინიშვილი, გიორგი ოიკაშვილი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი – „საქართველოს ვირტუოზები”. 18 სექტემბერს ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის, ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შავერზაშვილი და გიორგი ხაინდრავა.
წლევანდელი ფესტივალი 20 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ანდრეს გაბეტა, მორის შტიგერი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი.
ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. ასევე, ტრადიციულად, ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალებისათვის ეწვიეთ ბმულს.