ლედი გაგა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმი Joker: Folie à Deux ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის საპრემიერო სექციაშია. ახლახან კი ლედი გაგამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა, რომ ახალ ალბომს მალე გამოუშვებს. გაგა წერს, რომ ფილმის პრემიერა 4 ოქტომბერს შედგება. ამის შემდეგ კი ვკითხულობთ: “XX ოქტომბერს: LG7-ის პირველი სინგლი”. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დაანონსებული ალბომის
პირველ სინგლს სწორედ ოქტომბრის თვეში უნდა ველოდოთ.
ვარსკვლავმა ახალი ალბომი თავის საკონცერტო ფილმში – Gaga Chromatica Ball-შიც დააანონსა. “LG7 გაგა ბრუნდება,” – ჩნდება წარწერა ფილმში. წელს გაგასთვის კიდევ ერთი დიდი მოვლენა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გამოსვლა იყო. ამის შემდეგ მან სასტუმროს წინ შეკრებილი ფანებისათვის დაანონსებული ალბომიდან ორი ახალი სიმღერის რამდენიმეწამიანი თიზერი ლეპტოპში ჩართო. სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გაგას მსმენელებმა ახალი ალბომის ჟღერადობა პირველად მოისმინეს.
ორი კვირის წინ ლედი გაგამ ბრუნო მარსთან ერთად სიმღერა Die With A Smile გამოუშვა, რომელიც მუსიკალურ ჩარტებში მალევე დაწინაურდა. ბოლო მონაცემებით, Billboard Hot 100-ის ჩარტში სიმღერამ მე-3 ადგილი დაიკავა.