რეპერმა სუპერვარსკვლავმა Ye-მ, იგივე კანიე უესტმა, ახალი ალბომი, სახელწოდებით Bully დააანონსა. კანიემ ალბომი სადებიუტო სიმღერით, Beauty and the Beast, ჩინეთის ქალაქ ჰაიკოუში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.
„თქვენთვის ახალი ალბომი მაქვს – Bully. სიმღერას კი, რომელსაც შეგისრულებთ, Beauty and the Beast ჰქვია” – განუცხადა კანიე უესტმა გულშემატკივარს.
თვის დასაწყისში კანიე უესტი ჩინეთში 16 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა, რათა არტისტ ტაი დოლა $ign-თან ერთად ალბომ Vultures-ის მხარდასაჭერი კონცერტები გაემართა. 15 სექტემბერს კანიემ ახალი სოლო ალბომის შესახებ ისაუბრა და სიმღერა Preacher Man იმღერა.
კანიე უესტმა და ტაი დოლა $ign-მა წელს Vultures ორ ნაწილად გამოსცეს. პირველი ნაწილი თებერვალში გამოიცა და ბილბორდ 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე ორი კვირა გაატარა. 2011 წლის Watch the Throne-ის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანიე ჩარტებში პირველ ადგილზე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. Vultures 2 კი აგვისტოს დასაწყისში გამოვიდა და ბილბორდ 200-ში მეორე ადგილი დაიკავა.
წლის განმავლობაში კანიე უესტმა და ტაი დოლა $ign–მა Vultures-ის მხარდასაჭერი ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში გამართეს, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში.