ჯეიკ ი ლი, ოზი ოზბორნის ყოფილი გიტარისტი, რამდენიმე გასროლის შედეგად დაიჭრეს. შემთხვევა ლას-ვეგასში იმ დროს მოხდა, როცა მუსიკოსი ძაღლს ასეირნებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლი ახლა სრული გამოჯანმრთელების გზაზეა.
გამოცემა TMZ წერს, რომ სროლა დაახლოებით ღამის 2:40 საათზე მოხდა, როცა ლიმ თავისი ძაღლი სასეირნოდ გაიყვანა. მას შემდეგ ის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსი გონებაზეა.
პოლიცია არ მიიჩნევს, რომ ლი თავდასხმის სამიზნე იყო. მათი წინასწარი დასკვნით, ის ქუჩის დანაშაულის შემთხვევითი მსხვერპლი გახდა. ინციდენტს საგამოძიებო უწყებები იძიებენ. ამ ეტაპზე ინფორმაცია ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ არ გავრცელებულა.
მუსიკოსის წარმომადგენელმა „ბილბორდს” ოფიციალური განცხადება გაუგზავნა: „როგორც უკვე დადასტურდა, ლეგენდარული როკგიტარისტი ჯეიკ ი ლი გამთენიას ლას-ვეგასში რამდენიმე გასროლით დაჭრეს. ლი ახლა გონებაზეა და ლას ვეგასის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ის სრული გამოჯანმრთელების გზაზეა. ლას-ვეგასის უწყებები მიიჩნევენ, რომ სროლა შემთხვევითი იყო და მაშინ მოხდა, როცა ლი თავის ძაღლს ასეირნებდა. ინციდენტს პოლიცია იძიებს. ამ ეტაპზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება. ლი და მისი ოჯახი აფასებენ მედიის მხრიდან მათი პირადი სივრცის პატივისცემას.”
ინციდენტს ოზი ოზბორნიც გამოეხმაურა და TMZ-სთვის მიცემულ კომენტარში ყოფილი გიტარისტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა: „37 წელია, რაც ჯეიკი არ მინახავს, მაგრამ ეს არ ამცირებს იმ შოკს, რაც მისი ამბის გაგებით მივიღე. ეს იარაღით ძალადობის უაზრო ტენდენციის კიდევ ერთი მაგალითია,” – ამბობს ოზბორნი. „მოკითხვას ვუგზავნი მას და მის ლამაზ ქალიშვილ ჯეიდს. იმედი მაქვს, კარგად იქნება.”
ლი უკრავს ოზბორნის ცნობილ სიმღერაში Mama, I’m Coming Home. გარდა ამისა, ის იყო მეტალ ბენდ Badlands-ის წევრი. ასევე გამოცემული აქვს ორი სოლო ალბომი. ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ კი გიტარისტი ახალი ბენდით დაბრუნდა, სახელწოდებით Red Dragon Cartel და 2013 და 2018 წლებში ორი ალბომი გამოსცა.