მადონამ მსმენელებს გაუმხილა, რომ 2025 წელს ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს გამოუშვებს

„ამ ბოლო თვეების განმავლობაში მუსიკის შექმნა ჩემი სულისთვის ნამდვილი წამალი იყო,“ – წერს ვარსკვლავი.
მადონა
Ricardo Gomes

მადონამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მსმენელს აუწყა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სტუდიაში DJ-სთან, სიმღერების ავტორთან და პროდიუსერთან, სტიუარტ პრაისთან ერთად ახალ მუსიკაზე მუშაობდა.  

„ამ ბოლო თვეების განმავლობაში სტიუარტ პრაისთან ერთად ახალი მუსიკის შექმნა ჩემი სულისთვის ნამდვილი წამალი იყო,“ – ასეთი წარწერით დაასათაურა მომღერალმა ვიდეო, რომელშიც ის და პრაისი სტუდიაში მუშაობენ. „სიმღერების წერა და მუსიკის შექმნა ის სფეროა, სადაც არავისგან ნებართვა არ მჭირდება… აღფრთოვანებული ვარ, რომ მალე გაგიზიარებთ. ვის უნდა ახალი მუსიკა 2025 წელს?“ – მიმართავს მსმენელს მადონა.

სტიუარტ პრაისი მადონას ხანგრძლივი შემოქმედებითი პარტნიორია. მას მუსიკალური ხელმძღვანელის როლიც ჰქონდა 2001 წლის Drowned World Tour-ზე, 2004 წლის Re-Invention World Tour-ზე, 2006 წლის Confessions Tour-სა და ასევე ახალ Celebration Tour-ზე. სხვადასხვა დროს პრაისმა მადონასთან ერთად მრავალ სიმღერაზე იმუშავა. ამ თანამშრომლობებიდან განსაკუთრებით ცნობილია მადონას მე-10 სტუდიური ალბომი, 2005 წლის Confessions on a Dance Floor.  

მადონას სტუდიური ალბომი 2019 წლის Madame X-ის შემდეგ არ გამოუშვია. ეს პროექტი Billboard 200-ის ალბომების ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. Madame X-ის წამყვანი სინგლი, მალუმასთან ერთად ჩაწერილი Medellín, საცეკვაო კლუბური სიმღერების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა და ლათინური სიმღერების ჩარტში 18-ე პოზიციაზე მოხვდა. მას მოჰყვა სამი სინგლი: Crave, IRise და I Don’t Search I Find.  

მუსიკის მიღმა მადონა კვლავ აქტიურად მუშაობს თავის ხმაურიანად დაანონსებულ ბიოგრაფიულ ფილმზე. გასულ თვეში მან პროექტის შექმნის სირთულეებზე ისაუბრა. არტისტის თქმით, პროდიუსერები და აგენტები ეუბნებოდნენ, რომ ფილმის გადაღება რთული იქნებოდა, რამაც ჩარჩოებს მიღმა ფიქრისაკენ უბიძგა.

„ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი არ ყოფილა, ამიტომ ამას [ფილმს] ჩვეულებრივი მეთოდით ვერ შევქმნი,“ – დაწერა მადონამ ინსტაგრამზე. არტისტი ფანების აზრითაც დაინტერესდა. „ჩემი ცხოვრების ისტორია სერიალად ვაქციო, თუ სრულმეტრაჟიან ფილმად?” – იკითხა მადონამ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Aphex Twin-მა ახალი კომპილაციური ალბომი დაანონსების გარეშე გამოუშვა

შემდეგი სტატია

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი