გრემის პრეტენდენტების წლევანდელი სია განსაკუთრებულად დატვირთულია. მუსიკაში ყველაზე დიდი სახელები, დაწყებული უკვე ხანგრძლივი სუპერვარსკვლავებით, დასრულებული ახალი სახეებით, წარმოდგენილი იქნებიან გრემის 67-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში 2 თებერვალს გაიმართება. მათგან ბევრი არტისტი კი არა მხოლოდ ჯილდოს წაიღებს სახლში, არამედ გახდება დომინანტი ცერემონიის ნარატივისა – საუბრების, რომლებიც დაჯილდოების შემდეგ საათებსა და დღეებს გასტანს.
რამდენიმე არტისტს აქვს შანსი, დიდი ოთხეულის ნომინაციებიდან (წლის ალბომი, წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა და საუკეთესო ახალი არტისტი) ერთზე მეტი (მაგრამ არა წლის ალბომი) მოიგოს, მაგალითად, კენდრიკ ლამარს, რომელიც ნომინირებულია წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში. თუმცა ისეთი არტისტი, რომელსაც შეუძლია მოიგოს მთავარი პრიზი – წლის ალბომი და დიდი ოთხეულის სხვა რომელიმე ერთი ნომინაცია მაინც, მხოლოდ ექვსია და ექვსივე მათგანი – ქალი.
წარმოგიდგენთ სწორედ ამ ექვს მუსიკოსს, რომლებიც, სავარაუდოდ, 2025 წლის გრემის დაჯილდოების შემდგომი საუბრების მთავარი გმირები გახდებიან:
ბილი აილიში – წარდგენილია წლის ალბომის კატეგორიაში Hit Me Hard and Soft-ისთვის და წლის ჩანაწერის კატეგორიაში Birds of a Feather-ისთვის.
ხუთი წლის შემდეგ, რაც მეორე არტისტი გახდა გრემის ისტორიაში, რომელმაც დიდი ოთხეულის ყველა კატეგორია მოიგო, აილიში კიდევ ერთხელ არის წარდგენილი წლის ალბომის, წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის ნომინაციებში.
Birds of a Feather, მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეინსტრიმ ჰიტი, უკვე 8 თვეა, რაც Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში პოზიციას ინარჩუნებს. ხოლო ალბომი Hit Me Hard and Soft მესამეა აილიშის სამი ალბომიდან, რომელიც წლის ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი. მსგავსი სურათი 2010-იანებში ვიხილეთ, როცა ადელმა ეს კატეგორია 2012 და 2017 წლებში მოიგო. თუკი წელს ამ ჯილდოს სახლში აილიში წაიღებს, ამით ის ადელის შედეგის ახალ დეკადაში გამეორებას შეძლებს.
ტეილორ სვიფტი – წარდგენილია წლის ალბომის კატეგორიაში The Tortured Poets Department-ისთვის, წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში Fortnight-ისთვის.
2024-ში წლის ალბომის ჯილდოს მოგებით (ალბომისთვის Midnights), სვიფტი ამ კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. თუ წელსაც შეძლებს შარშანდელი შედეგის გამეორებას, ამჯერად ალბომისთვის The Tortured Poets Department, ის საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
თუმცა ამჯერად წლის ალბომი შესაძლოა სულაც არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორია სვიფტისთვის, რომელიც ჯამში ექვს ნომინაციაშია წარდგენილი. პოპვარსკვლავი ასევე ფლობს წლის სიმღერის ნომინანტობის რეკორდს – ის ამ კატეგორიაში რვაჯერაა წარდგენილი, თუმცა გამარჯვება ვერცერთხელ მოიპოვა. ახლა კი პოსტ მელოუნთან ერთად შესრულებულმა Fortnight-მა შესაძლოა ეს მონაცემები შეცვალოს. ასე რომ, წლის ალბომის კატეგორიაში განვითარებული სცენარის მიუხედავად, სვიფტის ფანები შესაძლოა გრემის დაჯილდოების შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩნენ.
Charli XCX – წარდგენილია წლის ალბომის კატეგორიაში Brat-ისთვის და წლის ჩანაწერის კატეგორიაში 360-სთვის.
გრემიზე მუსიკოსის დრამატული დაბრუნება შეიძლება სანტანას ისტორიასაც შევადაროთ. 1999 წლის ალბომამდე Supernatural კარლოს სანტანა წლების განმავლობაში მეინსტრიმისა და რადიოსადგურების მიღმა არსებობდა, მაგრამ ჰიტებმა Smooth და Maria Maria ის „ბილბორდის” ჩარტებში დააბრუნა და საბოლოოდ, 2000 წელს, სანტანა წლის ალბომის გამარჯვებულიც გახდა. 25 წლის შემდეგ კი ჩარლის,რომელიც წლის ჩანაწერის ნომინაციაში 2015 წელს იყო წარდგენილი და მას შემდეგ დიდი ოთხეულის კატეგორიებში აღარ გამოჩენილა, შანსი აქვს, გახდეს გრემის საღამოს მთავარი გმირი Brat-ით – ალბომით, რომელმაც ბრიტანელი პოპვარსკვლავი სტადიონების ჰედლაინერად აქცია.
ჩაპელ როუნი – წარდგენილია წლის ალბომის კატეგორიაში The Rise and Fall of a Midwest Princess-ისთვის, წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში Good Luck, Babe!-ისთვის და ასევე, საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში
21-ე საუკუნეში მხოლოდ ორმა დებიუტანტმა შეძლო წლის ალბომის კატეგორიაში გამარჯვება: ნორა ჯონსმა ალბომით Come Away With Me 2003 წელს და ბილი აილიშმა ალბომით When We All Fall Asleep, Where Do We Go? 2020 წელს. ახლა კი ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს, თუ ჯილდოს მფლობელი ჩაპელ როუნი გახდება. ის ერთ-ერთია, რომელიც დიდი ოთხეულის ყველა კატეგორიაშია ნომინირებული.
თუ Midwest Princess წლის ალბომის კატეგორიას მოიგებს, ეს განსაკუთრებული მოვლენა იქნება – მსგავსი იმისა, როცა ხუთი წლის წინ ხმის ჩამწერმა აკადემიამ დიდი ოთხეულის ყველა ჯილდო ბილი აილიშს გადასცა. ორივემ – აილიშმა და როუნმა – შექმნეს სადებიუტო ალბომები, რომლებმაც არსებული პოპნორმები გამოწვევების წინაშე დააყენეს. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ როუნი მოიგებს წლის ალბომის ნომინაციაში და ვერ გაიმარჯვებს დანარჩენ სამში, ნებისმიერი ზოგადი კატეგორიის მოგება იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, რომ აკადემია მას უყურებს, როგორც პოპის მომავალს.
საბრინა კარპენტერი – წარდგენილია წლის ალბომის კატეგორიაში Short n’ Sweet-ისთვის, წლის ჩანაწერის კატეგორიაში Espresso-სთვის, წლის სიმღერის კატეგორიაში Please Please Please-ისთვის და ასევე, საუკეთესო ახალგაზრდა არისტის კატეგორიაში
გასული წლისგან განსხვავებით, როცა მისი გულშემატკივრები მხოლოდ პოპის ერთგული, კონსერვატორი ფანები იყვნენ, საბრინა კარპენტერს წელს უკვე სამი ჰიტი აქვს Billboard Hot 100-ში: Espresso, Please Please Please და Taste, ხოლო მისი ალბომი Short n’ Sweet Billboard 200-ის ლიდერი გახდა. გრემის საღამო კი კარპენტერის თავბრუდამხვევი წლის დაგვირგვინება იქნება. Short n’ Sweet-მდე მან ხუთი ალბომი გამოსცა, თუმცა არცერთხელ ახლოსაც არ ყოფილა ასეთ აღიარებასთან.
როუნის მსგავსად, კარპენტერის დიდი ოთხეულის ყველა კატეგორიაშია წარდგენილი, რაც ერთგვარი განაცხადია მისი, როგორც 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტმეიკერის. რაც არ უნდა მოხდეს გრემის საღამოზე, კარპენტერი კიდევ დიდხანს დარჩება მეინსტრიმში, თუმცა გამარჯვება მისი წარმატების ტრაექტორიას კიდევ უფრო მაღლა მიმართავს.
ბიონსე – წარდგენილია წლის ალბომის კატეგორიაში Cowboy Carter, წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში Texas Hold ’Em
ამ ეტაპზე ბიონსე გრემის ნომინაციებისა და გამარჯვებების რეკორდსმენია, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ, მიუხედავად არაერთი წარდგენისა, მას არცერთხელ მოუგია წლის ალბომის კატეგორია. Cowboy Carter არ ყოფილა ბიონსეს ყველაზე დაფასებული ან კომერციულად ყველაზე წარმატებული პროექტი, მაგრამ მისმა კონცეპტუალურმა სითამამემ და უმაღლესი დონის პროდიუსინგმა განაპირობა ის, რომ 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ბიონსე ყველაზე მეტ, 11 ნომინაციაშია წარდგენილი
ზოგი ფიქრობს, რომ Cowboy Carter ის პროექტია, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ბიონსეს წლის ალბომის ჯილდოს მოაპოვებინებს, მისი ფანები კი ამოისუნთქებენ ბევრი წლისა და ცერემონიის შემდეგ, როცა მათი საყვარელი ვარსკვლავი სახლში მთავარი პრიზის გარეშე ბრუნდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ Texas Hold ’Em-ის გამარჯვება წლის ჩანაწერის ან წლის სიმღერის კატეგორიაში ასევე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება, მთელი ყურადღება, გასაგები მიზეზების გამო, მაინც წლის ალბომის ნომინაციაზეა მიპყრობილი.