ბოიკოტი დასრულდა — The Weeknd გრემის სცენას დაუბრუნდა. არტისტი 2025 წლის დაჯილდოებაზე მოულოდნელად გამოჩნდა და Cry for Me და Timeless შეასრულა. მას ასევე თან ახლდა Playboi Carti, რომელიც The Weeknd-ის დაანონსებულ ტურნეშიც მიიღებს მონაწილეობას.
ცერემონიის მიმდინარეობისას, ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარვი მეისონ უმცროსმა მაყურებლის გაოცება გამოიწვია, როდესაც სცენაზე The Weeknd-ი მოიხმო. არტისტმა ჯერ კიდევ 2021 წელს, ხმის ჩამწერი აკადემია ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გრემის ბოიკოტს უცხადებდა, რადგან მისი ალბომი After Hours არც ერთ ნომინაციაში არ იყო წარდგენილი.
ხმაურიანი გამოცხადების შემდეგ, სცენის ბურუსში, გრძელ მოსაცმელში გამოწყობილი The Weeknd გამოჩნდა. მან ჯერ Cry for Me შეასრულა, შემდეგ კი, ლაზერის სხივებით აჭრელებულ სცენას Playboi Carti-ც შეუერთდა და Timeless გაჟღერდა.
სანამ The Weeknd სცენაზე ავიდოდა, ჰარვი მეისონ უმცროსმა გაიხსენა არტისტის უკმაყოფილებას და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეუდგა აკადემია ცვლილებების გატარებას ბოლო წლების განმავლობაში — ცვლილებებს მრავალფეროვნებისთვის.
„კრიტიკა მისაღებია. მე მოვუსმინე და მისი სიმტკიცე ვიგრძენი,“ — განაცხადა მეისონმა. „ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ორგანიზაცია მუსიკოსების კეთილდღეობას ემსახურებოდეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვუსმენდით, ვმოქმედებდით და ვიცვლებოდით.“
მეისონის თქმით, აკადემიამ 3 000-ზე მეტი ქალი წევრი დაამატა და ახლა მისი შემადგენლობის თითქმის 40 პროცენტს ფერადკანიანი არტისტები შეადგენს. „მტკიცედ მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ… და არსებობს კი უკეთესი გზა ჩვენი გაერთიანებისთვის, ვიდრე ეს არტისტია?“ — მიმართა მან აუდიტორიას და სცენაზე ოთხგზის გრემის გამარჯვებული The Weeknd წარადგინა.