მას შემდეგ, რაც A$AP Rocky უდანაშაულოდ ცნეს ყოფილი მეგობრის, A$AP Relli-სათვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის საქმეში, არტისტი საბოლოოდ შეძლებს, კონცენტრირდეს თავის მეოთხე სოლო ალბომზე Don’t Be Dumb.
GQ-სთან ინტერვიუში, სადაც რეპერმა ძირითადად Ray-Ban-ის კრეატიული დირექტორის როლზე ისაუბრა, ალბომსა და საკუთარ ცხოვრებაზე განახლებული ინფორმაციაც გააზიარა. Rocky ამბობს, რომ ის უკვე ფინალურ ეტაპზეა. „ამჟამად მიქსინგისა და მასტერინგის პროცესში ვარ. თუმცა გულწრფელად მგონია, რომ ხალხს ალბომის შესახებ ახალი ამბები უკვე მობეზრდა. მათ უბრალოდ უნდათ, რომ მოუსმინონ. ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ? არავის აინტერესებს, სად ვარ ამ პროცესში, რამდენად წინ წავიდა საქმე და ასე შემდეგ. მათ უბრალოდ უნდათ, რომ რამე ახალი მოისმინონ, რათა ნახონ, სად ვარ შემოქმედებითად. გპირდებით, რომ ის მზად მაქვს. საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს ვუმზადებ. რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის განსხვავებული ტაქტიკით და ხედვით ვუდგები მას,”– განაცხადა არტისტმა.
გამოცემა ასევე დაინტერესდა, როგორ გრძნობს თავს A$AP Rocky სასამართლო პროცესის შემდეგ. რეპერი ამბობს, რომ მადლიერია თავისუფლებისთვის. „ბედნიერი ვარ. წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ აქ ვარ, – მილანში, Ray-Ban-ის კრეატიული დირექტორობის ღონისძიებაზე. როდესაც იცი, რომ არსებობს შანსი, თავისუფლება წაგართვან და სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ მილანში, იტალიაში, შენი ახალი შემოქმედებითი მიმართულების პრეზენტაცია გაქვს – ეს უბრალოდ წარმოუდგენელია,” – განაცხადა A$AP Rocky-მ.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, Rocky-მ და Ray-Ban-მა ოფიციალურად გააფორმეს თანამშრომლობა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – რეპერი დენზელ ვაშინგტონთან ერთად ითამაშებს სპაიკ ლის ფილმში Highest to Lowest. ეს პროექტი არის რიმეიქი 1963 წლის კლასიკური იაპონური ფილმისა High and Low, რომლის რეჟისორიც ლეგენდარული აკირა კუროსავა იყო.
როდესაც A$AP Rocky უდანაშაულოდ ცნეს, სპაიკ ლიმ Instagram-ზე ფილმიდან ერთ-ერთი კადრი გამოაქვეყნა და მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ კი, რეჟისორმა კიდევ ერთი ფოტო გაავრცელა გადასაღები მოედნიდან, სადაც თავად, დენზელი და A$AP Rocky ერთად არიან აღბეჭდილნი.