ცეცხლსასროლი იარაღით სროლის საქმეზე უდანაშაულოდ ცნობისა და რიანას 37 წლის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ A$AP Rocky-ს საკმაოდ დატვირთული კვირა ჰქონდა. რეპერმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – ის Ray-Ban-ის ისტორიაში პირველი კრეატიული დირექტორი გახდა. მუსიკისა და მოდის სამყაროში საკუთარი სტილით ცნობილი როკი ბრენდის შემოქმედებით პროექტებს უხელმძღვანელებს, საცალო ვაჭრობის სივრცეებს გადაახალისებს და Ray-Ban-ის იმიჯსა და დიზაინს თავის უნიკალური ხედვას შემატებს.
მისი პირველი პროექტი ძირითადი ჩარჩოების განახლება და ახალი ტიპის ლინზების შექმნაა. კოლექცია Blacked Out-ის სახელწოდებით გამოვა და კლასიკურ სტილს თამამ და თანამედროვე ელემენტებს შეუხამებს. კოლექციაში წარმოდგენილი ჩარჩოები ოქროსფერი დეტალებითა და სრულიად ახალი ულტრა-შავი ლინზებით იქნება გაფორმებული. პირველი კოლექციის წარდგენა აპრილშია დაგეგმილი.
Ray-Ban-ის პრეზიდენტმა, ლეონარდო მარია დელ ვეჩიომ Rocky-სთან თანამშრომლობა ასე შეაფასა: „დღეს ჩვენს ოჯახს A$AP Rocky უერთდება – არტისტი და შემოქმედი თავისი ხედვით. მისი უნარი, გადალახოს საზღვრები სხვადასხვა სფეროში, სრულად ეხმიანება Ray-Ban-ის არსს.”
Rocky-სა და Ray-Ban-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, თუმცა ბრენდის პროდუქცია დიდი ხანია, მისი სტილის განუყოფელი ნაწილია. არტისტს ხშირად ამჩნევდნენ კლასიკური Wayfarer-ის ჩარჩოებიანი სათვალით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში – სასამართლო პროცესზე. მისი საყვარელი მოდელებიდან აღსანიშნავია Mega Clubmaster.
„ყოველთვის ვაფასებდი Ray-Ban-ის უნარს, შეენარჩუნებინა საკუთარი მემკვიდრეობა და ამავდროულად, განუწყვეტლივ განვითარებულიყო,“ – განაცხადა A$AP Rock-მ. „მიხარია, რომ ახლა თავად ვიქნები ამ ძლიერი მემკვიდრეობის ნაწილი და საკულტო ბრენდის ისტორიის ახალი თავის განვითარებაში მივიღებ მონაწილეობას.”