გასულ თვეს ფრანგმა რეპერმა სახელწოდებით Gims სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის განდაგანას ქავერ ვერსიას მღერის. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მას უკვე მილიონობით ნახვა აქვს.
GIMS-მა ორი დღის წინ ამ სიმღერის კლიპის გადაღების ფრაგმენტიც გააზიარა. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობას საფრანგეთში მოღვაწე ქართული ცეკვის ანსამბლის „ლაზი”-ს მოცეკვავეები იღებენ.
„ამ კოლაბორაციის იდეა მთლიანად ეკუთვნის თავად მომღერალს. GIMS-ი ძალიან პოპულარული მომღერალია საფრანგეთში და არა მარტო. მას ჰყავს ბევრი მსმენელი და გულშემატკივარი. როდესაც აჭარული სიმღერის ფრანგული ვერსიის ნაწყვეტი თვითონ გაავრცელა Tik-Tok-ზე, მაშინვე აიტაცა მსმენელმა და დიდი რეზონანსის შემდეგ გადაწყვიტა, საჩქაროდ კლიპი გადაეღო. მისი სურვილი იყო, კლიპში ჩართული ყოფილიყო ქართული ცეკვის ანსამბლი აჭარული ცეკვით. დაიწყეს ანსამბლის ძიება, რასაც დიდი დრო არ დასჭირდა და კოლაბორაცია შედგა ჩვენს ცეკვის ანსამბლთან ,,ლაზი”, რომელიც ჩამოყალიბდა ქალაქ პარიზში, 2009 წელს, ასოციაცია ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზის” წიაღში. ანსამბლი ძირითადად დაკომპლექტებულია აქ დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდებით, რომლებიც უკვე წლებია, ამ ანსამბლში ცეკვავენ. ისინი აქტიურად არიან ჩართული კულტურულ ღონისძიებებში მთელი საფრანგეთის მასშტაბით, აქვთ გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში, სოლო კონცერტები, მონაწილეობენ ფესტივალებში და ა.შ. რაც შეეხება ამ კოლაბორაციას, ანსამბლისთვის არ წარმოადგენდა არავითარ სირთულეს, თუმცა, ასეთ ცნობილ მომღერალთან ერთად პროექტის განხორციელება ძალიან სასიხარულოა. უპირველეს ყოვლისა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.“ – აღნიშნა ბილბორდთან საუბარში ქართველთა კულტურის კერა „ლაზის” ხელმძღვანელმა ეკა ბოდოკიამ.
ფრანგი რეპერისა და ქართული ცეკვის ანსამბლის ერთმანეთთან დაკავშირება საფრანგეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო.
„საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა პოპულარული ფრანგი მომღერალი Gims-ის პროდიუსერი და გვთხოვა დავხმარებოდით კლიპ ‘’ნინაო’’-ს გადაღებაში, შეგვეთავაზებინა ქართული ცეკვის ანსამბლი, რომელიც ტრადიციული კოსტიუმებით ‘’განდაგანას’’ შეასრულებდა.
ჩვენ დაუყოვნებლივ შევახვედრეთ და გავაცანით პარიზში არსებული ქართული კულტურის კერა ლაზის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი, ვისაუბრეთ კლიპის გადაღებისთვის საჭირო დეტალებზე და 27 თებერვალს, პარიზთან ახლომდებარე შატოში მოხდა კლიპის ჩაწერა. ოფიციალურად კლიპი გამოდის 5 მარტს. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, ქართული ცეკვითა და სიმღერით გააცნონ თავიანთი სამშობლო მთელ მსოფლიოს.” – თეა ქარჩავა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.
„ჩვენი მხრივ, დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს, რომელიც ჩვენი ასოციაციის არსებობის პერიოდში მუდამ მხარს გვიჭერდა და გვერდში გვედგა, ამის ნათელი მაგალითია ამ პროექტის განხორციელებაც.” – აღნიშნა ქართველთა კულტურის კერა „ლაზის” ხელმძღვანელმა ეკა ბოდოკიამ.
რაც შეეხება კლიპის გადაღების პროცესს, ეკა ბოდოკიას თქმით, ის დატვირთული და საინტერესო იყო.
„შემოქმედებითი პროცესი იყო ერთ დღიანი, საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო და საინტერესო. გადაღებაზე მუშაობდა საკმაოდ დიდი ჯგუფი. თვითონ მომღერალთან გვქონდა უშუალო კონტაქტი და მან გვითხრა, რომ ეს სიმღერა კარგა ხნის წინ აღმოაჩინა, ბევრჯერ გააზიარა კიდეც და გადაწყვიტა, თავად ემღერა. ასევე მოიძია ინფორმაცია საქართველოს შესახებ და სიამოვნებით ეწვევა მას, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემა.
Tik-Tok-ზე ამ სიმღერის პატარა ფრაგმენტს მილიონობით ნახვა აქვს. თავად წერს, რომ 24 საათში ნახვების რაოდენობამ მისი სიმღერების ნახვების რეკორდი მოხსნა. ალბათ კლიპს მეტი გამოხმაურება მოჰყვება. ჩვენს ანსამბლზე რაც იყო დამოკიდებული, აჭარული ცეკვის ქორეოგრაფია მაქსიმალურად იყო შეთავაზებული გადამღები ჯგუფისთვის ანსამბლის ქორეოგრაფის, ბექა ნონიაშვილის მიერ, დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებენ ჩანაწერებს. ჩვენც დიდი მოთმინებით ველოდებით კლიპის გამოსვლას!” – ეკა ბოდოკია – ,ქართველთა კულტურის კერა „ლაზის” ხელმძღვანელი.
Gims-ი თანამედროვე ფრანგული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენი არტისტია, მისი განსაკუთრებული სტილი კი ქუჩის ჰიპ-ჰოპისა და კომერციული პოპის გაერთიანებაა, რამაც საფრანგეთში მუსიკალური სცენის განვითარებას შეუწყო ხელი.
იგი NRJ Music Awards-ის მრავალგზის გამარჯვებულია და მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მისი გამორჩეული ჰიტ-სიმღერებია: J’me tire, Bella და Zombie.
ნახეთ TikTok-ზე გავრცელებული სიმღერა Ninao-ს კლიპის ფრაგმენტი, სადაც GIMS ქართული ცეკვის ანსამბლი „ლაზი”-ს მოცეკვავეებთან ერთად ჩანს. ვიდეომ სულ რაღაც ორ დღეში 12 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
@gims_off Rendez-vous le 5 MARS pour le clip de NINAO 🇬🇪 #gims #ninao #lenordsesouvientlodyssee #tiktokmusic #newmusic ♬ NINAO – GIMS