ჯასტინ ბიბერი ინსტაგრამზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ თვითშეფასებაზე შეულამაზებელ ფიქრებს აზიარებს.
„ადამიანები მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ: ჯასტინ, შენ ამას იმსახურებ. მე კი თავს მუდამ უღირსად ვგრძნობდი. თითქოს თაღლითი ვიყავი. როცა ისინი მეუბნებოდნენ, რომ რაღაც დავიმსახურე, ვფიქრობდი: ჯანდაბა, ამათ რომ ჩემი ფიქრები იცოდნენ, რამდენად კრიტიკოსი და ეგოისტი ვარ, ამას აღარ იტყოდნენ.”
ცოტა ხნის წინ ბიბერმა ფანებს გაუმხილა, რომ უკვე ოთხი წელია, ახალ მუსიკაზე მუშაობს. მისი ბოლო ალბომი Justice 2021 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის პირველ ადგილზე ორი კვირა გაატარა. აღნიშნულ პოსტამდე ერთი დღით ადრე კი მომღერალმა სტუდიაში მუშაობის ფოტო გამოაქვეყნა.
ბიბერი ბოლო კვირების განმავლობაში სოციალურ მედიაში განსაკუთრებით აქტიურია. ამ პერიოდში მან რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, მათ შორის იყო ორი ვიდეო, რომლებიც მას შემდეგ დაიდო, რაც მისმა და ჰეილი ბიბერის წარმომადგენელმა უარყო ჭორები, თითქოს მომღერალი მძიმე ნარკოტიკს მოიხმარს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიბერი ფანებთან გულახდილად საუბრობს. თებერვალში მან დაწერა:
„დაიღალე ყველა წესის დაცვით იმ იმედით, რომ მიიღებ შედეგს, რომლისკენაც ისწრაფვი? აღმოვაჩინე, რომ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე წესები. მე ვცდილობდი, მივყოლოდი წესებს, რაც კარგად არ გამომდის… დღეს კი მივუშვი ისინი და გავიხსენე, რომ ცვლილებების ტვირთი ჩემზე არ არის. ის ღმერთზეა. ასე რომ, ამ დილით ყველა ჩემი შიში და უმწეობა მას გადავაბარე. ვიცი, სიხარულით მიიღებს. და ვთხოვე, რომ უბრალოდ შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში დამეხმაროს.”