ბილბორდ კორეამ Billboard Artist-ის მეორე გამოცემა გამოუშვა. ამჯერად არტჟურნალის მთავარი გმირია Blackpink-ის ჯისუ, რომელსაც ძლიერი გავლენა აქვს ინდუსტრიაზე, როგორც სოლო არტისტსა და მსახიობს. ახლახან, 14 თებერვალს, მისი პირველი სოლო ალბომი AMORTAGE გამოვიდა.
ტრადიციული ჟურნალებისგან განსხვავებით, Billboard Artist დიდი ფორმატის გამოცემაა, რომლის თითოეული გვერდიც ერთგვარი საკოლექციო პოსტერია. ფოტოგრაფიის, ესეების, ინტერვიუებისა და ვიზუალური ხელოვნების საშუალებით, არტჟურნალი მკითხველს მუსიკოსების კრეატიულ სამყაროებში ამოგზაურებს. გამოცემა ხელმისაწვდომია ინგლისურ და კორეულ ენებზე.
რატომ აირჩიეთ ჯისუ მეორე გამოცემისთვის?
ბილბორდ კორეა: Billboard Artist-ის მიზანია, წარმოაჩინოს მუსიკოსები ახალი და ფანებისთვის მოულოდნელი კუთხით, რომელიც სცდება მათ დამკვიდრებულ იმიჯს. ეს პროცესი კი უკავშირდება თავად მუსიკოსის სურვილს, წარმოჩინდეს ახალი სახით და ჰქონდეს ერთგვარი სინერგია ჩვენთან. ჯისუს ალბომი AMORTAGE ამის იდეალური შესატყვისი იყო. მისი ხედვა ზუსტად დაემთხვა არტისტის ახალი გზებით ინტერპრეტაციის ჩვენეულ მიზანს, შესაბამისად, ამ გამოცემისთვის ჯისუ იდეალური არჩევანი იყო.
ჯისუს რომელ ასპექტებზე ფოკუსირდით?
ბილბორდ კორეა: მაშინ, როცა ჯისუ ცნობილია Blackpink-ითა და სოლო ჰიტით Flower, ჩვენ გვსურდა, აღმოგვეჩინა მისი პიროვნების ბევრი მხარე – არა მხოლოდ ელეგანტურობა და გრაციოზულობა, არამედ მისი მოწყვლადი და პროვოკაციული მომენტებიც კი. გამოცემის ფოტოებითა და ვიზუალური თხრობით ჩვენ ვფოკუსირდით მისი, როგორც არტისტისა და მსახიობის ევოლუციაზე. ის თავად გახდა შთაგონების წყარო Billboard Artist-ისთვის.
Lucian Bor
რატომ გამოიყენეთ ფოტოებში ტერარიუმი და აკვარიუმი?
ბილბორდ კორეა: ეს პატარა, დახურული ეკოსისტემები წარმოადგენს კომფორტის ზონებს – უსაფრთხო, თვითკმარ სივრცეებს, სადაც ყველაფერი იდეალურად დაბალანსებულია. მათგან გამოსვლა კი ნიშნავს უცხო გარემოს, ახალი გამოწვევებისა და პიროვნული ზრდის პირისპირ დადგომას. ჩვენი აზრით, ეს კონცეფცია შესანიშნავად გადმოსცემს ჯისუს არტისტულ მოგზაურობას, რადგან მან კომფორტის ზონიდან ახალ, კრეატიულ სივრცეებში გადმოაბიჯა.
რას გამოხატავს თავად ჯისუ Billboard Artist-ის საშუალებით?
ბილბორდ კორეა: სიამოვნებით გაგიზიარებთ ჯისუსა და Billboard Artist-ის საუბრის მცირე მონაკვეთს სიყვარულზე:
Lucian Bor
Billboard Artist: კორეულ ლიტერატურაში ყვავილები ხშირად სიყვარულის სიმბოლოა. შენი პირველი სოლო ალბომი კი სწორედ ვალენტინობის დღეს გამოვიდა. თავად როგორ განსაზღვრავ სიყვარულს?
ჯისუ: ყვავილი არა მხოლოდ ყვავის და კვდება, არამედ ის საკუთარ თავს ცვლის, როცა იფურჩქნება და შემდეგ სიცოცხლეს ასრულებს. სიყვარულიც ასე არ არის? ინტენსიური ემოციები, როცა სიყვარული იწყება; ყველაზე ბედნიერი გრძნობა, როცა ის ღრმავდება და დაშორების ტკივილი, როცა ის სრულდება. ვფიქრობ, სიყვარული უფრო მოგზაურობაა, ვიდრე ერთი კონკრეტული ემოცია. ამ მოგზაურობაში ჩვენ ვიზრდებით და საკუთარი თავი ვხდებით. ამიტომაა სიყვარული ჩემთვის შემეცნება. ეს ემოციაა, რომელსაც ჩემი ურთიერთობებიდან ვსწავლობ, ასევე მუსიკისა და ჩემი ფანებისგან. ამიტომაც ვამბობ, რომ სიყვარული ჩემთვის ერთი ემოცია არ არის, ეს არის მომწიფების პროცესი, რომელსაც ჯერ კიდევ გავდივარ და ვგრძნობ.
Billboard Artist: ბევრი სახის სიყვარული არსებობს. ჯისუსთვის რომელია ყველაზე ძვირფასი?
ჯისუ: არ ვფიქრობ, რომ ის ასე კონკრეტულად უნდა განისაზღვროს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია პატივისცემაზე დამყარებული სიყვარული – გული, რომელიც მიიღებს და პატივს სცემს სხვა ადამიანს ისეთს, როგორიც ისაა. ასეთი სიყვარულის შესახებ ბევრი ვისწავლე მუსიკის კეთებისას – ფანების თბილი მზერა სცენაზე, კოლეგების ნდობა და პროცესი, მივიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ. ვფიქრობ, სიყვარული საბოლოოდ ის ძალაა, რომელიც ერთმანეთის გაზრდაში გვეხმარება.
Billboard Artist: თუ არის სცენები შენი საყვარელი ფილმებიდან, რომლებიც გინდა, რომ ერთად დაამონტაჟო?
ჯისუ: როგორც AMORTAGE, რომელიც სიყვარულის მოგზაურობის ამბავს ჰყვება, მინდა, რომ ის სცენები შევაერთო, რომლებიც მოიცავს ცვლილებებს ემოციებში. მაგალითად, დავიწყებდი სცენით ფილმიდან Before Sunrise, სადაც ორი ადამიანი, რომლებიც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, მატარებელში საუბრობს. მათ შორის გაჩენილი უცხო, მაგრამ ძალიან მიმზიდველი გრძნობა სიყვარულის დასაწყისს ჰგავს. ამ გრძნობის გაღრმავების მომენტს გამოვხატავდი La La Land-ის სცენით, სადაც ორი ადამიანი ღამის ცის ქვეშ ცეკვავს. ვფიქრობ, ეს სცენა ზუსტად აფიქსირებს იმ მომენტს, როცა სიყვარული ყველაზე მეტად კაშკაშებს. დაშორების ტკივილის გამოსახატად ავარჩევდი სცენას ფილმიდან Eternal Sunshine, სადაც სანაპიროზე ერთმანეთს უყურებენ იქამდე, სანამ მათი მოგონებები არ გაქრება. ამ ფილმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან განშორების ემოციებს ძალიან ფაქიზად გადმოსცემს. საბოლოოდ კი გათავისუფლებისა და პიროვნული ზრდის სცენას (500) Days of Summer-იდან ავიღებდი, სადაც ტომი საბოლოოდ ახალ სეზონს ხვდება. ის გამოცდის დაშორებას, განიცდის ტკივილს, თუმცა საბოლოოდ დროსთან ერთად იზრდება და იწყებს ახალ ურთიერთობას, რომელსაც არა ზაფხული, არამედ უკვე შემოდგომა ჰქვია. ეს სცენა იმიტომ ავარჩიე, რომ ის კარგად გადმოსცემს განშორების დაძლევის, საკუთარი თავის პოვნისა და კვლავ წინსვლის პროცესს.
რა დახვდება მკითხველს Billboard Artist-ის ჯისუს გამოცემაში?
ბილბორდ კორეა: ჟურნალში დაგხვდებათ 30-ზე მეტი დიდი გვერდი, რომლებზეც ჯისუს ამბავი ვიზუალურად არის გადმოცემული. გამოცემა ასევე მოიცავს ფაბიან ოფნერის საოცარ ნამუშევრებს, რომელიც საგნების არსს მათ რეზინში გამომწყვდევით აფიქსირებს. ასევე აზუმა მაკოტოს Bubble Flower სერია, რომელიც მცენარეთა ქანდაკების პიონერია. გარდა ამისა, ჟურნალი მოიცავს ესეს, სახელწოდებით AMORTAGE, რომელიც სიყვარულის კომპლექსურ და ილუზორულ ბუნებას აღმოაჩენს და, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურ ინტერვიუს ჯისუსთან. გამოცემა ხელმისაწვდომია ოთხი უნიკალური ყდით, რომელთაგანაც თითოეული ჯისუს განსხვავებულ მხარეს წარმოაჩენს.