ქართველი არტისტები Mikano, SBZKL (საბა ზაკალაშვილი) და ნინი ნუცუბიძე ახალ კოლაბორაციულ ნამუშევარს ავრცელებენ. Diego – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და მის გამარჯვებებს მიეძღვნა.
როგორც არტისტები Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავენ, სიმღერის ჩაწერა სპონტანურად დაიწყო.
საბა ზაკალაშვილი:
„სტუდიაში ვიყავით და ინსტინქტურად დავუკარი რაღაც სამი აკორდი. Mikano-მ გამომხედა და მოდი, ჩავწეროთო. მან იქვე ბასის პარტია ჩაწერა და ზუსტად დავიჭორეთ ხასიათი. მერე რაც უფრო მეტჯერ ვუსმენდით, მით უფრო მოგვწონდა. შემდეგ დაემატა დრამი, სინთეზატორები და ტრეკი ნელ-ნელა ფორმას იღებდა.”
სიმღერაში ვოკალური ნაწილი ნინი ნუცუბიძეს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის ქართული ტექსტი, ინგლისური ნაწილი ნიკო მჭედლიშვილმა დაწერა.
ნინი ნუცუბიძე:
“ტრეკზე მუშაობა დისტანციურად დავიწყეთ, რადგან მე ბერლინში ვიყავი. შემდეგ ეს პროცესი თბილისში ერთობლივად გაგრძელდა. სიმღერის ვიზუალისათვის გადაღებები ბათუმში, ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონზე გვქონდა. გადაღებებს ლიზა ყაჯრიშვილი და Spectra Productions-ის დათო ლოლაძე გაუძღვნენ.”
სიმღერა GMI Rights Management-მა გაავრცელა. ტრეკი ხელმისაწვდომია YouTube-ის და Spotify-ს პლატფორმაზე.