ელტონ ჯონის შიდსის ფონდი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მისი სერვისების აკრძალვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის

რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ ორგანიზაცია „არასასურველად” მიიჩნია.
ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში
Theo Wargo/Getty Images for Elton John AIDS Foundation

ელტონ ჯონის შიდსის ფონდი ცდილობს, მსოფლიოს დაანახოს, თუ რას ნიშნავს რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აივ ინფექციისა და შიდსის დიაგნოზი აქვთ.

3 აპრილის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციამ თავის ტერიტორიაზე აკრძალა ელტონ ჯონის მიერ ბრიტანეთსა და აშშ-ში დაფუძნებული ფონდები, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები მათი სერვისებით ვეღარ ისარგებლებენ. ორგანიზაციებს პროკურატურამ  „არასასურველი” უწოდა – კლასიფიკაცია, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, აკრძალოს ფონდის საქმიანობა და დააკავოს მასთან დაკავშირებული პირები, თუკი ისინი მაინც განაგრძობენ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას. 

სამთავრობო აკრძალვის პასუხად ელტონ ჯონის ფონდმა „ბილბორდს” ოფიციალური განცხადება გაუზიარა: „რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება უდავოდ საფრთხეში ჩააყენებს აივ ინფექციის მქონე პირების სიცოცხლეს. იმ დროში, როცა გვაქვს ინსტრუმენტები და ცოდნა აივ ინფექციის დასამარცხებლად, სამწუხაროა, რომ ამის საშუალება არ გვეძლევა.”

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავად რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში 1.2 მილიონზე მეტი აივინფიცირებული მოქალაქე იყო. ფონდის თქმით, მათგან დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს სამედიცინო დახმარება არ მიუღია. „ამ დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც ფონდი ყველაზე ფართო აივ/შიდსის პროგრამას ახორციელებს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის გადაწყვეტილებაში კი ნათქვამია, რომ ელტონ ჯონის შიდსის ფონდი მხარს უჭერს  LGBTQ+ პირთა უფლებებს, მათ შორის „არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს, დასავლური ოჯახის მოდელებსა და სქესის შეცვლას”. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციას „უარყოფითი დამოკიდებულება აქვს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ტრადიციულ, სულიერ და მორალურ ღირებულებებს იცავენ.” სწორედ ეს ფაქტორები გახდა წინაპირობა იმისა, რომ ფონდი „არასასურველად” მიჩნეულიყო.

„როცა მუსიკოსი უკრავს მათთან ერთად, ვინც ცდილობს, დემოკრატიის მარცვლები დათესოს, ეს პროპაგანდაა. ხოლო როცა ამის სათავეში ელტონ ჯონი დგება, ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ანტირუსული პროპაგანდა,” – აღნიშნულია რუსეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუსიკოსი წუხილს გამოთქვამს რუსეთში LGBTQ+ თემის მდგომარეობაზე. 2019 წელს ელტონ ჯონმა ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ის რუსეთის ლიდერის თვალთმაქცობას აკრიტიკებდა, თითქოს LGBTQ+ პირებზე ზრუნავდა, პარალელურად კი მათი უფლებების წინააღმდეგ მიმართულ კანონებს იღებდა. 

„თვალთმაქცობას ვხედავ თქვენს კომენტარში, რომ თითქოს გინდათ, LGBT პირები ბედნიერები იყვნენ და ამბობთ, რომ ამ მხრივ პრობლემა არ გაქვთ. ამ დროს კი რუსეთის მედიადისტრიბუტორებმა ჩემი ფილმის, Rocketman-ის დაცენზურება გადაწყვიტეს და ყველა ის სცენა ამოიღეს, რომელიც ჩემი და დევიდის 25-წლიანი თანაცხოვრებისა და ჩვენი ორი ლამაზი ვაჟის გაზრდის ნამდვილ ბედნიერებას ასახავს. მე ვამაყობ, რომ ვცხოვრობ მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჩვენი მთავრობები ცნობენ ადამიანის უნივერსალურ უფლებას, გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა,” – წერდა მაშინ მუსიკოსი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Country Music Hall of Fame and Museum მაისში დოლი პარტონის გამოფენას გახსნის

შემდეგი სტატია

არიანა გრანდემ ჰალი ბეილი თავისი ახალი სიმღერის ქავერის შესრულებისათვის შეაქო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი