პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე რეკორდული გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ აია ნაკამურა საკუთარ კარიერას აფასებს. საფრანგეთის ყველაზე ხშირად დასტრიმული ვარსკვლავი, რომელიც ახლა უკვე სრულად დამოუკიდებელია, დამკვიდრებული ტრადიციების გამოწვევასა და მსოფლიო აუდიტორიის მონუსხვას განაგრძობს.
როგორ შეუძლია ადამიანს, ახლიდან შექმნას საკუთარი თავი მას შემდეგ, რაც ერთ დეკადაში ფრანგული მუსიკალური სცენის ქვაკუთხედი გახდა – 6 მილიარდი სტრიმითა და 24 ბრილიანტის სერტიფიკატით (16 საფრანგეთში და 8 საერთაშორისოდ)? „ამ კითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ,” – აღიარებს ნაკამურა.
„ჩემი პასუხი ასეთია: როცა არტისტი ხარ, უნდა განვითარდე. სხვა მხრივ, შენს მუსიკას ვერ აცოცხლებ. ვფიქრობ, რომ იქამდე, სანამ მართალი ხარ შენს თავთან, სანამ გულწრფელად გრძნობ მოვლენებს, ყოველთვის შეძლებ, რომ ეს ენერგია ისევ საქმისკენ მიმართო.”
29 წლის ასაკში მომღერლის ჰიტებმა უკვე მთელ მსოფლიოში იმოგზაურეს – იმდენად, რომ როცა საქმე პარიზის ოლიმპიური თამაშების სცენაზე ფრანგული მუსიკის წარდგენაზე მიდგა, არჩევანი ნათელი და ბუნებრივი იყო – აია ნაკამურა.
„ვფიქრობ ხოლმე, თუ შევძლებდი იმავეს გაკეთებას, ოცი წლით ადრე რომ დავბადებულიყავი,” – ამბობს ის. „ნამდვილად არ იქნებოდა მარტივი… განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს რაღაც ახალია – შავკანიანი ქალი, რომელიც მღერის მკვეთრი და უკომპრომისო სტილით, საუბრობს პირდაპირ თავის აუდიტორიასთან სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით და არ ელოდება ღია კარებს.”
ახლა კი აია ნაკამურა კარიერის კიდევ ერთ გვერდს შლის და შემოქმედების ახალ თავს იწყებს.
ფოტო: Marion GOMEZ
დასაწყისი
მალიში, ბამაკოში დაბადებული აია საფრანგეთში თვეების ასაკში ჩამოვიდა. გრიოტების (დასავლეთ აფრიკის მუსიკოსები და მთხრობელები) ოჯახიდან წამოსული გოგონა პარიზის გარეუბანში გაიზარდა – სახლში, სადაც მუსიკა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი იყო.
„ეს ყველაფერი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან დედაჩემი მომღერალი იყო და ოცნებობდა, რომ კარიერა ჰქონოდა. ახლა კი მის ადგილზე მე ვარ – ერთგვარი კომპენსაცია მისთვის. მინდა, ამ გზას ბოლომდე გავყვე და იმედი მაქვს, ჩემი ისტორია სხვა ქალებსაც შთააგონებს, რომ თავიანთ ოცნებებს მისდიონ.”
ნამდვილი დასაწყისი 2014 წელს დადგა, როცა პირველი სიმღერა Karma ფეისბუქზე გააზიარა. სატელევიზიო სერიალ „გმირების” გულშემატკივარმა შთაგონება ფილმის პერსონაჟის, ჰირო ნაკამურასგან აიღო და ასე შექმნა თავისი სასცენო სახელი – აიო ნაკამურა.
მისი კარიერის საკვანძო მომენტი 2017 წელი იყო, როცა სადებიუტო ალბომი Journal Intim გამოსცა. ალბომის საფუძველი ის ჟღერადობა იყო, რომელმაც ნაკამურას მუსიკალური იდენტობა განსაზღვრა. სიმღერაში Oumou Sangaré მან პატივი მიაგო მალის მემკვიდრეობას – ფესვებს, რომლის მიმართაც დიდ კავშირს გრძნობდა. „ბოლო დროს უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ მსგავსი რაღაცის კიდევ ერთხელ გაკეთებაზე,” – აღნიშნავს მუსიკოსი. ალბომი პლატინის სერტიფიკატის მფლობელია.
ოლიმპიური აღიარება
2018 წელს აია ნაკამურამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სინგლით Djadja. სიმღერა ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა საფრანგეთის ჩარტებში და მალევე გასცდა ქვეყნის საზღვრებსაც. ნიდერლანდებში მან ისტორია დაწერა: ედიტ პიაფის შემდეგ (1961 წელს) Djadja ქალის მიერ შესრულებული პირველი ფრანგულენოვანი სიმღერა გახდა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილზე გავიდა.
ეს მეტეორული აღმასვლა 2018 წლის ნოემბერში მეორე ალბომის, Nakamura-ს გამოცემით გამყარდა. მასში შედის ბრილიანტის სერტიფიკატის მქონე სინგლები : Copines, La dot და Pookie. ალბომს უპრეცედენტო კომერციული წარმატება ხვდა წილად – გახდა ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელი საფრანგეთში და ორმაგი ბრილიანტის სტატუსის მფლობელი საზღვარგარეთ. დღევანდელი მონაცემებით, ის ყველაზე ბევრჯერ დასტრიმული ფრანგულენოვანი ალბომია „სპოტიფაის” ისტორიაში – 2 მილიარდზე მეტი სტრიმით.
კიდევ ორი ალბომის, AYA და DNK-ს გამოშვების შემდეგ ნაკამურამ 2024 წლის ივლისში კარიერის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია – მან პარიზის ხელოვნების ხიდზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღერა. რესპუბლიკის გვარდიის მუსიკოსებისა და საფრანგეთის არმიის გუნდთან ერთად ნაკამურას ისტორიული გამოსვლა ჰქონდა, რომელსაც 31.4 მილიონმა ადამიანმა უყურა – ყველაზე დიდი სატელევიზიო აუდიტორია, რაც კი საფრანგეთში დაფიქსირებულა.
„ადამიანები ამ გამოსვლას „საკულტოს” უწოდებდნენ. 6 თვე დამჭირდა იმის გასააზრებლად, რაც გავაკეთე. იმ მომენტში შენ უბრალოდ თავაუღებლად მუშაობ, რომ გააკეთო ის, რითაც იამაყებ. შემდეგ კი უკვე განზე დგები და ხედავ მის გავლენას. ეს ფილმივითაა. ფილმის ბოლოს კი, ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწიე.”
2025 წლის 23 თებერვალი ნაკამურას კარიერის კიდევ ერთი საეტაპო თარიღია: Djadja-ს ვიდეოკლიპმა „იუთუბზე” 1 მილიარდ ნახვას გადააჭარბა და გახდა მეოთხე ფრანგულენოვანი, ხოლო აფრიკელი არტისტის მიერ შესრულებული პირველი სიმღერა, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.
შემდეგი გაჩერება „სტად დე ფრანსი” (საფრანგეთის ყველაზე დიდი, 80 000-კაციანი სტადიონი)? „დიახ, მაგრამ ჯერ არა,” – ამბობს მომღერალი. „არ მინდა ვიჩქარო. საფრანგეთში ეს უკვე ფინალურ ნაბიჯად აღიქმება. მე კი ჯერ კიდევ ბევრი შოუს გამართვა მინდა ჩემს აუდიტორიასთან ერთად, სანამ ამ დიდ მომენტამდე მივალ.”
ფოტო: Marion GOMEZ
საზღვრებს მიღმა
რით შეიძლება, ადამიანმა ახსნას ასეთი იშვიათი უნარი, გადალახო ენის ბარიერი? პასუხის გაცემამდე აია ნაკამურა ჩაფიქრდა.
„მე იმთავითვე არ გამიცნობიერებია, რომ საერთაშორისო აუდიტორიაც მყავს. ის რეალურად თანდათან გაიზარდა. ადამიანები მეუბნებოდნენ: „შენ მთელ მსოფლიოში გისმენენ”. მაგრამ ეს უფრო იყო სოციალურ მედიაში ფანებთან ინტერაქციის საშუალებით და ვიდეოებით, რომლებსაც გადავეყრებოდი ხოლმე. შემდეგ ვნახე ფანების შექმნილი ანგარიშები ბრაზილიაში, ვენესუელაში… ასევე ვმოგზაურობ და ყველგან მესმის ჩემი მუსიკა – აშშ-ში, ტაილანდში… მე არ ვქმნი მუსიკას კონკრეტული ტერიტორიისთვის, მე უბრალოდ ვცდილობ, მსმენელს შევთავაზო ის, რასაც თავად ვგრძნობ და თუ შემიძლია, რომ ამით შორს ვიმოგზაურო, კიდევ უკეთესი.”
გლობალური მასშტაბები მის კოლაბორაციებზეც აისახა. მას შემდეგ, რაც 2020 წელს კოლუმბიელ სუპერვარსკვლავ მალუმასთან Djadja-ს რემიქსზე ითანამშრომლა, 2024 წელს ნაკამურამ ნიგერიელ არტისტ აირა სტართან თავისი ჰიტის, Hypé-ს ახალი ვერსია ჩაწერა. კომპოზიცია დიდი ბრიტანეთის ჩარტის მე-17 ადგილზე გავიდა, რაც ფრანგულენოვანი სიმღერისთვის იშვიათი შედეგია.
„ვფიქრობ, მუსიკა ენერგიაა. სიმღერები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩევიან, უმეტესად ის სიმღერებია, სადაც ჩემს გრძნობებს, რაც შემიძლია, სიღრმისეულად გადმოვცემ. ადამიანები მხოლოდ ტექსტს არ უსმენენ. მეც ვუსმენდი რიანას ისე, რომ არ მესმოდა ყველაფერი, რასაც ის ამბობდა. ყველაზე მეტი გამოხმაურება მსმენელში იმ ენერგიას აქვს, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში გავცემ და ასევე იმ გავლენების ერთობლიობას, რომელიც ჩემს ფესვებშია და რომელსაც ადამიანები გრძნობენ.”
სწორედ ამ ავთენტურობამ, რომელიც მის გამორჩეულ ვოკალურ სტილსა და ფრანგულ ენას ერწყმის, აია ნაკამურას სწრაფად ამოსაცნობი არტისტული იდენტობა დაამკვიდრა.
„არ ვიცი, თუ ესაა, რაც მუსიკას უნივერსალურს ხდის, მაგრამ ვფიქრობ, რომ გულწრფელობა, რომელსაც მასში ვდებ; მუდმივად ახლის ძიება; არა ტრენდების აყოლა, არამედ მუსიკაში იმის ჩადება, რითაც 100%-ით ამაყი ვარ; და კომპრომისებზე უარის თქმა – ალბათ ეს არის, რაც ადამიანებთან მაკავშირებს. ვცდილობ, გავყვე ჩემს ინსტინქტებსა და კრეატიულ იმპულსებს და ამავდროულად მაღალი ხარისხი შევინარჩუნო.”
2025 წლის თებერვალში აია ნაკამურამ ფანები კიდევ ერთხელ გააოცა Chimiyé-ს გამოცემით – კომპოზიციის, რომელიც აშკარა კურსის ცვლილება იყო მის დისკოგრაფიაში. ფრანგ რეპერ Alpha Wann-თან კოლაბორაციით მან, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად უცხო ტერიტორიებზე შეაბიჯა.
„საკუთარ თავი გამოვიწვიე, რომ შემექმნა რეპპროდუქტი რეპერობის გარეშე. ამან ჩემი კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. მიყვარს, როდესაც გამოვირჩევი – იმ ადამიანებისგანაც კი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ზოგი ჩემი პროდიუსერი ჩემს მუსიკას არც კი უსმენს და ეს ქმნის ადგილს ექსპერიმენტებისთვის. ასეთი ნაბიჯების გარეშე ვერასდროს შევქმნიდი ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა Djadja ან Pookie.”
მუსიკიდან მოდამდე
აია ნაკამურას კულტურული გავლენა უკვე მუსიკის სამყაროსაც სცდება. 2023 წლის თებერვალში ის „ლანკომის” გლობალურ ამბასადორად დასახელდა, რამაც შესაძლებლობების ახალი სამყაროს კარი გაუხსნა. 2024 წლის 6 მაისს კი მუსიკოსმა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი და შესაშური მოწვევა მიიღო: მეტ გალა. ნაკამურა მეექვსე ფრანგი გახდა, რომელმაც მეტ გალას ლეგენდარულ წითელ ხალიჩაზე გაიარა ისეთი საკულტო არტისტების შემდეგ, როგორებიც არიან კატრინ დენევი, ვანესა პარადი, ლუ დოიონი, შარლოტ გენსბური და კარლა ბრუნი.
მეტ გალადან რამდენიმე კვირის შემდეგ, 2024 წლის 23 ივნისს, „ვოგის” მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურმა ნაკამურა პირადად აირჩია „ვოგის” პარიზის შოუს მუსიკალური გაფორმებისთვის. ჟან პოლ გოტიეს კაბაში გამოწყობილმა მომღერალმა სიმღერა Fly შეასრულა და მუსიკისა და მოდის დიდი ზეიმის მონაწილე გახდა.
„ძალიან მიყვარს მოდა და ის კრეატიული სამყარო, რომელსაც ის წარმოადგენს. ბედნიერი ვიყავი „ვოგის” შოუზე სიმღერით და იმით, რომ მუსიკისა და მოდის შერწყმის ნაწილი მეც ვიყავი. ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს, რადგან მთელი ღონისძიება საოცრად ხარისხიანად იყო დაგეგმილი.”
ფოტო: Marion GOMEZ
დამოუკიდებლობა
მზარდ პოპულარობასთან ერთად აია ნაკამურამ საკუთარ პროფესიულ ბედზე სრული კონტროლი თავადვე აიღო. ჩარტების ლიდერმა არტისტმა საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა, საკუთარი ლეიბლი დააფუძნა და დამოუკიდებელი არტისტი გახდა.
„ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა,” – ამბობს ის. „გულწრფელად რომ ვთქვა, ყოველთვის დამოუკიდებლად ვგრძნობდი თავს, განსაკუთრებით, კრეატიულ ნაწილში. ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში აქტიურად ვიყავი ჩართული, სინგლების არჩევიდან და გამოცემის თარიღებიდან დაწყებული, პროდიუსერებისა თუ ვიზუალის არჩევით დასრულებული. თუმცა სრულად დამოუკიდებლობამ ახალი პერსპექტივა მომცა ბიზნესის კუთხით. უკვე შემიძლია, ყველა გადაწყვეტილება თავად მივიღო, იქნება ეს წარმატებული თუ – არა. კვლავ მყავს გუნდი ჩემ გარშემო, მაგრამ ის, რომ ახლა მთელ პროცესს მე ვმეთვალყურეობ – როგორც კრეატიულ ნაწილში, ასევე მის მიღმა – ძალიან მახარებს. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.”
ავტონომიამ მას კიდევ ერთი როლის შეთავსებისკენ უბიძგა: ახალი ტალანტების პროდიუსერობა.
„ერთ არტისტთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე, მაგრამ მას ჯერ არავინ იცნობს. ეს არის RnBoi. ის ახალგაზრდაა და ახლა იწყებს. ვფიქრობ, ძალიან განსხვავებული იქნება.”
პოპვარსკვლავი და დედა
საკულტო მუსიკოსის უკან ახალგაზრდა ქალი დგას – ორი ქალიშვილის დედა. საერთაშორისო კარიერის დაბალანსება დედობასთან – ეს ყოველდღიური გამოწვევაა, რომელსაც ის მტკიცე შემართებით უმკლავდება.
„სრულიად გულწრფელი რომ ვიყო, ცოტა რთულია, მაგრამ ჩემი ბალანსის ნაწილი მოდის მცდელობისგან, რომ რამდენადაც შემიძლია, ნორმალური ადამიანივით ვიცხოვრო. დავდივარ პარკში ჩემს შვილებთან ერთად, მათთვის ვამზადებ სადილებს – ეს მომენტები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ხანდახან ვცდილობ, ჩრდილში დავრჩე, რომ ნორმალური ცხოვრება შევინარჩუნო, რადგან ძალიან მინდა, არ დავკარგო თავისუფლება და ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე ვიცხოვრო.”
და მიუხედავად ცნობადობის წნეხისა, ნაკამურა უარს ამბობს საკუთარი თავის იზოლირებაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ვერთობი, გარეთაც გავდივარ, ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა ვარ,” – ამბობს სიცილით. „როგორც არტისტი, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხსაც ყურადღება მიაქციო და გახსოვდეს, რომ ხანდახან შენი თავიც უნდა დააყენო პირველ ადგილზე.”