ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრიელი მონაწილე JJ გახდა

კონკურსის ფინალი 17 მაისს ბაზელში, შვეიცარიაში შედგა.
ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული JJ
Harold Cunningham/Getty Images

2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიელი კონტრტენორი JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. კომპოზიცია მრავალოქტავიან საოპერო ვოკალსა და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს აერთიანებს. JJ-მ შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ ფინალზე 25 მეტოქეს სძლია და ავსტრიას გამარჯვება მოუტანა.

მეორე ადგილი ისრაელელმა მომღერალმა იუვალ რაფაელმა დაიკავა, რომლის კონკურსში მონაწილეობაც, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, განსჯის საგანი გახდა. მესამე ადგილზე ესტონელი ტომი კეში გავიდა სიმღერით Espresso Macchiato, მეოთხე ადგილი კი შვედეთის წარმომადგენელ KAJ-ს ხვდა წილად. 

JJ, რომლის სრული სახელია იოჰანეს პიჩი, ავსტრიიდან ევროვიზიის პირველი გამარჯვებულია კონჩიტა ვურსტის შემდეგ (2014 წელი) და სწორედ კონჩიტას ასახელებს თავის მენტორად. ჯამში ევროვიზიაზე ეს ავსტრიის მესამე გამარჯვებაა. 

„ეს ჩემს ყველაზე გიჟურ სიზმარსაც სცდება… სიგიჟეა,” – თქვა მომღერალმა ევროვიზიის მიკროფონის ფორმის ჯილდოს გადაცემისას.  

JJ-მ გამარჯვება საკმაოდ დაძაბულ ფინალში მოიპოვა, სადაც ისრაელის წარმომადგენელმა რაფაელმა მაყურებლის მასშტაბური მხარდაჭერა მოიპოვა სიმღერისთვის New Day Will Rise. თუმცა, ამავდროულად, კონკურსში მის მონაწილეობას პროტესტი მოჰყვა პროპალესტინელი დემონსტრანტებისგან, რომლებიც ისრაელის კონკურსიდან გამოთიშვას მოითხოვდნენ.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ლაივ მუსიკალური ღონისძიების ფინალში სულ 26 ქვეყანა მონაწილეობდა, რომლებიც ორი ნახევარფინალური შოუს შედეგად 37 მონაწილიდან აირჩნენ. შოუს 160 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. თითოეულ  მონაწილეს კონკურსის მოსაგებად 3 წუთი ჰქონდა. გამარჯვებული კი მონაწილე ქვეყნების ეროვნული ჟიურის შეფასებისა და მაყურებლის ხმის მიცემის დაჯამების შედეგად გამოვლინდა. 

შოუ მრავალფეროვანი იყო მუსიკალური თვალსაზრისით. ლიეტუველი ბენდი Katarsis სცენაზე გრანჟ როკით წარდგა, უკრაინელი Ziferblat პროგრესული როკით, ხოლო დიდი ბრიტანეთის Monday ქანთრი პოპით. კონკურსზე წარმოდგენილი იყო რეპი, პოპი, კლასიკა და ა.შ.

ევროვიზიის ისტორიის ექსპერტმა დენ ვულიტიჩმა აღნიშნა, რომ კონკურსი წლების განმავლობაში უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება, როგორც მუსიკალურად, ასევე ლინგვისტურად. წლევანდელი საკონკურსო სიმღერები 20 სხვადასხვა ენაზე იყო წარმოდგენილი. 

„წარსულში უმეტესად მელოდიური სიმღერები გვქონდა, როგორც წესი, ინგლისურად. თუმცა ბოლო წლებში ეს ფორმულად ქცეული მიდგომა აღარ მუშაობს. დღეს სიმღერა დასამახსოვრებელი და ავთენტური  უნდა იყოს იმისთვის, რომ  წარმატებას მიაღწიოს,” – თქვა ვულიტიჩმა.

ეს უკვე მეორე წელია, როცა მსჯელობა მიდის კონკურსში ისრაელის მონაწილეობაზე. ევროვიზიის მხარდამჭერმა რამდენიმე მაუწყებელმა და ათობით ყოფილმა კონკურსანტმა, მათ შორის შარშანდელმა გამარჯვებულმა ნემომ, კონკურსიდან ისრაელის გამოთიშვა მოითხოვეს. 

პროპალესტინური და პროისრაელური საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ბაზელში, თუმცა ამჯერად უფრო მცირე მასშტაბით, ვიდრე ეს გასულ წელს შვედეთში იყო, სადაც დაძაბულობამ კულისებშიც შეაღწია და თანამშრომელთან ჩხუბის გამო, ჰოლანდიელი მონაწილე კონკურსიდან გაირიცხა. 

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა  EBU-მ, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორია, წელს კიდევ უფრო გაამკაცრა ქცევის კოდექსი. ის მონაწილეებს მოუწოდებს, დააფასონ „უნივერსალურობის, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ღირებულებები” და ასევე კონკურსის პოლიტიკური ნეიტრალურობა. 

მიუხედავად 2024 წლის აკრძალვისა, რომ არენაზე არ შეიძლება ფრიალებდეს დროშები, გარდა ეროვნულისა, წელს მაყურებელს პალესტინის ან ნებისმიერი სხვა დროშის მიტანა შეეძლო, რადგან ეს ნებადართულია შვეიცარიის კანონმდებლობით. რაც შეეხება შემსრულებლებს, მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნების დროშების წარდგენა შეეძლოთ.

ევროვიზიის დირექტორმა მარტინ გრინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორგანიზატორების მიზანი იყო „მსოფლიოში არსებულ ასეთ რთულ ვითარებაში ერთიანობის შეგრძნების, სიმშვიდისა და ერთობის ახლიდან დამყარება.” „ამ რთულ დროში 37-ივე დელეგაცია უზადოდ მოიქცა,” – თქვა მან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lucaroi - Ms Policeman

Lucaroi-ს ახალი სიმღერა Ms policeman

შემდეგი სტატია

Diddy-ს ლეიბლის ყოფილი არტისტის, ობრი ო’დეის თქმით, რეპერის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემას არ გეგმავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი