ყველა დროის 20 საუკეთესო საკონცერტო ფილმი

Pink Floyd-ის live at Pompeii, Rolling Stone-ის Shine a Light, Taylor Swift-ის Eras Tour და სხვები.
PINK FLOYD: LIVE AT POMPEII

ამ გაზაფხულზე Pink Floyd-მა თავისი საკონცერტო ფილმის Pink Floyd at Pompeii –  MCMLXXII განახლებული ვერსია გამოუშვა. ფილმი პომპეის ამფითეატრშია გადაღებული და ასახავს Pink Floyd-ს 1972 წელს, მათი ფსიქოდელიური დიდების პიკზე – იმ პერიოდამდე, სანამ ბენდი კონცეპტუალური ალბომების ერაში შეაბიჯებდა. მართალია, ფილმი მოიცავს სტუდიურ მასალასაც და ასევე რომაული მოზაიკის კადრებს, თუმცა მისი მთავარი ფოკუსი ოთხი ადამიანია, რომლებიც უჩვეულო და შესანიშნავ გარემოში მუსიკას ცოცხლად ასრულებენ. 

მუსიკის დოკუმენტურ და საკონცერტო ფილმებს შორის მკვეთრი ხაზი ივლება. პირველი მათგანი ამბავს ჰყვება, მეორე კი შესრულებას აჩვენებს. Pink Floyd at Pompeii-ს გამოცემის აღსანიშნავად, წარმოგიდგენთ საუკეთესო საკონცერტო ფილმების სიას, რომლებიც მუსიკოსების ლაივ შესრულებებს ასახავენ და ხშირად ძალიან შთამბეჭდავ ფორმებში: 

1. The Band, The Last Waltz

მარტინ სკორსეზეს შედევრი დოკუმენტურ კადრებს იყენებს, რათა The Band-ის ისტორია მოგვიყვეს, ბარებში გამოსვლებიდან ტურნეების დასრულებამდე. თუმცა ამავე დროს, ფილმი არის კრეატიულად გადაღებული შოუ მადლიერების დღეზე, სადაც The Band-ის გვერდით გამოდიან ისეთ ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბობ დილანი, ნილ იანგი, ჯონი მიტჩელი, ერიკ კლეპტონი, ვან მორისონი, მადი უოტერსი და სხვები. ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შოუს ერთ-ერთი საუკეთესო  ფილმია.

2. Talking Heads, Stop Making Sense 

ფილმი რეჟისორ ჯონათან დემს ეკუთვნის, თუმცა ვიზუალურად შთამბეჭდავს მას სწორედ Talking Heads-ის შესრულება ხდის. დასაწყისში დევიდ ბირნი სცენაზე მარტო გამოდის და ასრულებს სიმღერას Psycho Killer. შემდეგ კი მას უერთდებიან სხვა მუსიკოსები – თავდაპირველად ჯგუფის წევრები: ტინა ვეიმუთი, კრის ფრანცი და ჯერი ჰარისონი, შემდეგ კი უკვე გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მოიცავს მომღერალ ლინ მეიბრისა და კლავიშისტ ბერნი უორელისს. ფილმში არ არის გამოყენებული გადასაფარი მასალა, არც აუდიტორიის კადრები. ეს არის ფილმი, რომელიც მხოლოდ მუსიკაზეა.

აქვე უნდა ვახსენოთ სპაიკ ლის 2020 წლის ფილმი American Utopia, რომელიც დევიდ ბირნის ამავე სახელწოდების შოუს ასახავს.

3. Monterey Pop 

დოკუმენტალისტ დ. ა. პენებეიკერის მიერ გადაღებული ფილმი 1967 წლის მონტერეის საერთაშორისო პოპფესტივალზე ნაკლებადაა დატვირთული ისტორიით, „ვუდსტოკის” ფილმთან შედარებით. შესაბამისად, ის უფრო მუსიკაზეა ფოკუსირებული. აქ 60-იანი წლების ბევრ ლეგენდას ვხვდებით – Jefferson Airplane, Big Brother and the Holding Company, The Mamas and the Papas. თუმცა ისინი, შეიძლება ითქვას, სრულიად გადაფარა Jimi Hendrix Experience-ისა და ოტის რედინგის გამოსვლებმა. ეს შესრულებები იმდენად გამორჩეული იყო, რომ ისინი ცალკეულ მინი ფილმებად იქცა: Jimi Plays Monterey და Shake! Otis at Monterey.

4. T.A.M.I. Show 

ფილმი გვიჩვენებს 1964 წლის როკს მთელი თავისი ენერგიითა და სიცოცხლით. იმ პერიოდის ბევრი კონცერტის მსგავსად, ესეც დატვირთულია არტისტებით, რომლებიც რამდენიმე სიმღერას ასრულებენ.  ეს არტისტები კი, არც მეტი, არც ნაკლები, არიან: ჩაკ ბერი, The Miracles, The Supremes, მარვინ გეი, The Beach Boys, The Rolling Stones და ჯეიმს ბრაუნი თავისი ჯგუფით The Famous Flames. შოუს ჰედლაინერი  The Rolling Stones-ია, თუმცა კით რიჩარდის თქმით, ის ნანობს, სცენაზე ბრაუნის შემდეგ გამოსვლას, რომელიც, მისი თქმით, ცოცხალი დინამიტია.  ფილმს ერთგვარი სიქველი მოჰყვა, სახელწოდებით The Big T.N.T. Show.

5. Rolling Stones, Shine a Light 

The Rolling Stones-ს რამდენიმე დასამახსოვრებელი საკონცერტო ფილმი აქვს, დაწყებული Gimme Shelter-ით,  დასრულებული Ladies and Gentlemen: The Rolling Stones-ით. Shine a Light არ არის საუკეთესო ფილმი (ეს Gimme Shelter-ია) ან ბენდის საუკეთესო შესრულება (Ladies and Gentlemen), მაგრამ ეს არის საუკეთესო რეალური საკონცერტო ფილმი მარტინ სკორსეზეს დამსახურებით, რომელიც სრულად კონცენტრირდა შოუზე, მაგრამ ასევე გამოიყენა დოკუმენტური კადრები და სპეციალური სტუმრები: ჯეკ უაითი, ბადი გაი და კრისტინა აგილერა. ფილმი ასახავს ბენდს მათი გვიანი პერიოდის დროს, როცა მისი წევრები უკვე აღარ არიან ახალგაზრდები, თუმცა მაინც იდეალურ ფორმაში არიან. შოუში კი იგრძნობა ის ენერგია და მანერა, რითაც The Rolling Stones ცნობილია.

6. Homecoming: A Film by Beyoncé

ეს არის Beychella-ს ისტორია, რომლის ავტორი და რეჟისორიც თავად ბიონსეა. როგორც დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეხება ბიონსეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გამოსვლას, ფილმს ძლიერი ამბის თხრობის სტრუქტურა აქვს. ეს არის დიდებული საკონცერტო ფილმი, რომელიც გვაძლევს შესავალ ინფორმაციას HBCU-ებისა (შავკანიანთა უნივერსიტეტები) და შავკანიანთა საძმოების შესახებ. ფილმი აერთიანებთ ბიონსეს კარიერის ძირითად ასპექტებს. მასში მონაწილეობენ მომღერლის თანაგუნდელები Destiny’s Child-იდან, მისი და სოლანჟი და მეუღლე ჯეი-ზი. ასევე მოიცავს მუსიკალურ რეფერენსებს ჰიპ-ჰოპიდან დაწყებული, The Wiz-ით დასრულებული.

7. Springsteen on Broadway 

ბრიუს სპრინგსტინსა და The E Street Band-ს სულ რამდენიმე საკონცერტო ფილმი აქვთ, მათ შორის საუკეთესოა Live in New York City (ჩაწერილი 2000 წელს) და Live in Barcelona (ჩაწერილი 2002 წელს). იმ ფანებმა კი, ვისაც უფრო ძველი კონცერტების ნახვა სურს, ალბომების Born to Run, Darkness on the Edge of Town და The River ბოქს-სეტები უნდა ნახონ. 

ეს ფილმი, რომელიც Netflix-ისთვის არის შექმნილი, სრულიად სხვა რამაა – პროფესიონალურად გადაღებული სრულიად ნატურალური მასალა სპრინგსტინის ბროდვეის შოუდან, რომელიც მემუარის სტილის ამბის თხრობასა და აკუსტიკურ შესრულებებს აერთიანებს.

8. Prince, Sign o’ the Times 

ფილმი, რომელმაც 1987 წელს კინოთეატრებში გამოსვლისას კომერციული ჩავარდნა განიცადა, წარმოგვიდგენს „პრინცს” თავის საუკეთესო ფორმაში. კონცერტები ნაწილობრივ ევროპაშია ჩაწერილი, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო უმეტესად მუსიკოსის სტუდიაშია გადაღებული. ფილმი არ არის ისეთი ცნობილი, როგორც Purple Rain, თუმცა ის ასახავს პოპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურ შემსრულებელს მისი კარიერის პიკში.

9. Woodstock 

ფესტივალის სიგიჟე დინამიკურ დოკუმენტურ ფილმს განაპირობებს, სადაც რამდენიმე შესრულება მართლაც შთამბეჭდავია. ზოგიერთი საუკეთესო გამოსვლა ფილმში ვერ მოხვდა, მაგალითად, the Band, the Grateful Dead, Creedence Clearwater Revival, თუმცა მასში ბრწყინავენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან ჯო კოკერი და ჯენის ჯოპლინი. ხაზგასასმელი მომენტებია სანტანას, Sly and the Family Stone-ისა და განსაკუთრებით, ჯიმი ჰენდრიქსის გამოსვლები.

10. ნილ იანგი, Year of the Horse 

ნილ იანგის საკონცერტო ფილმები ყველაზე ინოვაციურმა რეჟისორებმა შექმნეს, მათ შორის არიან ჯონათან დემი (რომელმაც იანგის სამი საკონცერტო ფილმი გადაიღო) და ჰალ ეშბი. თუმცა მისი საუკეთესო საკონცერტო ფილმია Year of the Horse, რომლის რეჟისორიც ჯიმ ჯარმუშია. ეს არის თითქმის მთელი საკონცერტო მასალა, დაუმუშავებელი, ხმამაღალი და უკუკავშირით გაჯერებული. გარკვეულ მომენტებში სიმღერები თითქოს ერთმანეთში ირევა, ისე, როგორც ეს ხშირად ხდება იანგის კონცერტებზე. 

11. Pink Floyd At Pompeii – MCMLXXII  

Pink Floyd-ის გულშემატკივართა უმეტესობისთვის ჯგუფის კონცერტები ასოცირდება ორგანიზებულ წარმოდგენებთან სტადიონებზე, იდეალურად დაბალანსებული ეფექტებით. თუმცა თავდაპირველად ბენდი ცნობილი იყო უფრო მეტად იმპროვიზებული შოუებით – ისეთით, როგორიც პომპეის ამფითეატრის საკონცერტო ფილმშია. აქ არ არის აუდიტორია, თუმცა თავად ლოკაციას აქვს შთამბეჭდავი მასშტაბი და მისტიკური სიცარიელე . სცენაზე დგას გიგანტური გონგიც, რაც ატმოსფეროს კიდევ უფრო დრამატულს ხდის. სტუდიური ჩანაწერები კი, რომლებიც ასახავენ Dark Side of the Moon-ის ჩაწერას, ბენდის მომავალ გეგმებზე მიანიშნებს. 

12. არეტა ფრანკლინი, Amazing Grace

სიდნი პოლაკის მიერ 1972 წელს გადაღებულმა ფილმმა, როცა ფრანკლინი გოსპელის ალბომზე მუშაობდა, სხვადასხვა მიზეზის გამო 2018 წლამდე დღის სინათლე ვერ იხილა. ფილმი გვიჩვენებს ფრანკლინს იმ გარემოში, რომელიც ბევრი გულშემატკივრისთვის შესაძლოა უცნობი იყოს, მაგრამ მისი მუსიკისთვის –  ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი.

13. Summer of Soul (…or, When the Revolution Could Not Be Televised) 

კიდევ ერთი შემთხვევა დაკარგული მასალის აღმოჩენისა – Questlove-ის რეჟისორობით შექმნილი ფილმი გვიყვება 1969 წლის ჰარლემის კულტურული ფესტივალის ისტორიას, რომელიც „ვუდსტოკიდან” სულ რამდენიმე საათის მანძილზე, მაგრამ ამავდროულად მთელი სამყაროს დაშორებით გაიმართა. მნიშვნელობით კი არაფრით ჩამოუვარდებოდა „ვუდსტოკს”. ფესტივალზე წარდგნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან სტივი უანდერი, ნინა სიმონე და Sly and the Family Stone. ასევე მუსიკოსები, რომელთაც მომავალში ლათინური სცენა შექმნეს, დაწყებული რეი ბარეტოთი, დასრულებული მონგო სანტამარიათი. 

14. Taylor Swift: The Eras Tour  

ფილმი, რომელიც გადაღებულია სვიფტის რეკორდულ Eras ტურნეზე, მაქსიმალურად რეალურად წარმოაჩენს ლოს-ანჯელესის შოუს, დამატებითი კონტექსტის გარეშე. სცენაზეც და ფილმშიც სვიფტის შოუ თავისით მოგვითხრობს საკუთარ ამბავს – სვიფტისა და მისი კარიერის ისტორიას – წარმოდგენილს მუსიკალური აქტების სერიებში, რომლებიც სხვადასხვა ალბომებსა თუ ეპოქებზეა მიბმული. ფილმი კონცერტზე დასწრების საუკეთესო და ბევრად იაფი შესაძლებლობაა. 

15. Led Zeppelin, The Song Remains the Same 

ფილმი საკმაოდ დიდი და დამსახურებული კრიტიკის ობიექტი გახდა: არც ფილმი და არც იმავე სახელწოდების ალბომი სათანადოდ არ წარმოაჩენს როკის ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ შესრულებას. თუმცა ის მაინც წარმოადგენს საუკეთესო გზას, რომ იხილოთ ბენდი მთელი თავისი დიდებულებით.

16. Nirvana: MTV Unplugged in New York

ვიდეოზე ჯგუფის არაერთი გამოსვლაა აღბეჭდილი. მათთვის დამახასიათებელი საუკეთესო შესრულებები კი წარმოდგენილია ფილმებში Live at the Paramount და Live at Reading. თუმცა ეს ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერი კონცერტია, რომელიც თავდაპირველად MTV Unplugged-ისთვის ჩაიწერა და 2007 წელს ვიდეოფორმატით გამოვიდა. შოუ არაფრით ჰგავს ტიპურ გამოსვლებს, რაც მოწვეული მუსიკოსებისა (რომელთა შორისაც იყვნენ Meat Puppets Cris და კურტ კირკვუდი) და ქავერ სიმღერების დამსახურებაა, მათ შორისაა დევიდ ბოუის The Man Who Sold the World და ხალხური Where Did You Sleep Last Night?

17. Wattstax 

ეს 1972 წლის კონცერტი, რომელიც უოთსის აჯანყებიდან შვიდი წლისთავს ეძღვნებოდა, Stax Records-ის არტისტების ტალანტს წარმოაჩენდა. ესენი იყვნენ: The Staple Singers, რუფუს და კარლა თომასები, ჯონი ტეილორი, ედი ფლოიდი, უილიამ ბელი, ალბერტ კინგი, the Bar-Kays და აიზეკ ჰეიესი. სცენაზე ასევე გამოჩნდნენ ახალგაზრდა ჯესი ჯექსონი და წამყვანი რიჩარდ პრაიორი. ყურადღების ერთ ლეიბლზე კონცენტრირება ფილმს უკეთ კრავს, სხვა საფესტივალო ფილმებთან შედარებით. აიზეკ ჰეიესი კი მასში ბუნებრივი სტიქიასავით შთამბეჭდავია.

18. Beastie Boys, Awesome; I F–kin’ Shot That 

თავიდან სულელურ ხრიკს ჰგავდა: მიეცი 50 ფანს ვიდეოკამერები Beastie Boys-ს შოუზე Madison Square Garden-ში და შემდეგ ეს მასალები საკონცერტო ფილმად აქციე. მაგრამ როგორც Beasties-ის ბევრმა სხვა ინიციატივამ, ამ იდეამაც იმუშავა, კონცეფციის წყალობით ან მის მიუხედავად. ფილმი ნათანიალ ჰორნბლოუერმა, იგივე Beastie Boys-ის წევრმა ადამ იაუხმა გადაიღო. ის ასახავს ჯგუფის მანიაკურ კრეატიულობას ისე, როგორც ამას ტრადიციული ფილმი ვერ მოახერხებდა. 

19. AC/DC: Let There Be Rock 

ეს საკონცერტო ფილმი ისეთივეა, როგორიც თავად ბენდი: ცოტა უხეში, მაგრამ ნამდვილი ენერგიით სავსე. სხვა საკონცერტო ფილმებთან შედარებით, ის უფრო ახლოდან და ზედხედითაა გადაღებული, რაც მაყურებელს აძლევს შეგრძნებას, თითქოს თავადაც დარბაზშია. ეს არის საუკეთესო ვიდეომასალა ჯგუფის თავდაპირველი ვოკალისტის, ბონ სკოტის მონაწილეობით და ყველაზე კარგად გადმოსცემს მათი შესრულების ენერგიას. აღსანიშნავია აგრეთვე Live at Donnington – 10 წლის შემდეგ გადაღებული კონცერტი, სადაც ვოკალისტი უკვე ბრაიან ჯონსონია. 

20. LCD Soundsystem, Shut Up and Play the Hits 

ეს ფილმი ასახავს ჯგუფის იმ დროისთვის ბოლო კონცერტის ისტორიას 2011 წელს Madison Square Garden-ში. მთავარი ფოკუსი თავად შესრულებაზეა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გამოყენებულია სოლისტ ჯეიმს მერფის კადრები კონცერტამდე და მის შემდეგ, ფილმის მასშტაბი მხოლოდ ორ დღეს მოიცავს და არა მთელ კარიერას ან ცხოვრებას. ჯგუფი ხუთი წლის შემდეგ კვლავ შეიკრიბა, თუმცა ეს ფილმი სრულად აჩვენებს როგორც მათი, ასევე იმდროინდელი ნიუ-იორკის ენერგიას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეიმ ახალი სიმღერის ფრაგმენტი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, Ethel Cain-ს უპირისპირდება

შემდეგი სტატია

Stockton Invites – მუსიკალური ფესტივალი „სათიბეში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი განიხილავენ, თუ რას უნდა ველოდოთ სტაილსის მეოთხე ალბომისგან Kiss All the Time. Disco, Occasionally.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში არტისტის შესახებ თქვა: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. შენ დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული.“
მეტი