წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გრძელდება. მე-7 სეზონი 21 კონცერტს აერთიანებს და კალსიკური მუსიკის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
წინანდლის ფესტივალის მეორე დღეს სცენა ეთმობა ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან: იამენ საადი (ვიოლინო), მარკ ბუშკოვი (ვიოლინო), დანიელ ლოზაკოვიჩი (ვიოლინო), პაბლო ფერანდესი (ჩელო), ბრენდან კეინი (კონტრაბასი), ჟულიენ კანტანი (ფორტეპიანო). კონცერტზე ჟღერდება ანტონინ დვორჟაკი – ბაგატელები, თხზ 47, ჯოაკინო როსინი – დუეტი ჩელოსა და კონტრაბასისთვის რე მაჟორი, სერგეი პროკოფიევი – სონატანორი ვიოლინოსთვის დო მაჟორი, თხზ 56, ასევე დიმიტრი შოსტაკოვიჩი – სამი დუეტი ორი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის,თხზ. 97d.
იამენ საადი 1997 წელს დაიბადა. მუსიკაში პირველი ნაბიჯები მან ბარენბოიმ-საიდის კონსერვატორიაში გადადგა, სადაც ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა. მალე მისი შემოქმედება ისეთ დიდ სახელებს დაუკავშირდა, როგორებიც არიან ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ლეგენდარული კონცერტმეისტერი ხაიმ ტაუბი და კრონბერგის აკადემიის პროფესორი მიჰაელა მარტინი.
თერთმეტი წლის ასაკში იამენმა დანიელ ბარენბოიმის დასავლეთ-აღმოსავლეთის დივანის ორკესტრში მიიღო ადგილი, ხოლო ექვსი წლის შემდეგ უკვე თავად კონცერტმეისტრის სტატუსი ერგო. 2022-2023 წლების სეზონიდან ის ვენის სახელმწიფო ოპერის ორკესტრის კონცერტმეისტერია.
საადის სოლო კარიერა ისეთ მნიშვნელოვან ანსამბლებსა და ორკესტრებს უკავშირდება, როგორებიცაა Staatskapelle Berlin, Chamber Orchestra of Europe, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი და Orquesta de València. ის სხვადასხვა დროს წარდგა ისეთ მასშტაბურ სცენებზე, როგორებიც არის: Rheingau Music Festival, Schleswig-Holstein Festival და ნიუ-იორკის Carnegie Hall.
2022 წელს იამენ საადმა თავისი პირველი CD ალბომი – Voices from Paris-ის ფარგლებში გამოსცა.
დღეს იამენ საადი თანამედროვე კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახედ მიიჩნევა.

მარკ ბუშკოვი ბელგიელი მევიოლინეა. ინსტრუმენტზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. განათლება მიიღო ლიონის კონსერვატორიაში, შემდეგ პარიზის კონსერვატორიასა და ბორის გარლიცკის კლასში.
ბუშკოვი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია: მან პირველი ადგილი დაიკავა ჰენრი კოხის და მონრეალის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებში. მეორე ადგილი ერგო ჩაიკოვსკის XVI საერთაშორისო კონკურსში. ასევე დაიმსახურა პრიზები Queen Elisabeth Competition-ში და Rheingau Musik Festival-ზე.
ის გამოდიოდა მსოფლიოს ისეთ წამყვან ორკესტრებთან, როგორიც არის: Royal Concertgebouw Orchestra, მიუნხენის ფილარმონია, Orchestra Filarmonica della Scala, მარიინსკის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და სხვა.
2016 წელს ხელოვანს ლონდონის Wigmore Hall-ში დებიუტი ჰქონდა, სადაც London Music Masters ჯილდო მიიღო.

დანიელ ლოზაკოვიჩი შვედი მევიოლინეა. ვიოლინოზე დაკვრა შვიდი წლის ასაკში დაიწყო. დღეს იგი მსოფლიოს წამყვან ორკესტრებსა და დირიჟორებთან თანამშრომლობს, მათ შორისაა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი, ბოსტონის სიმფონიური ორკესტრი და სხვები. ლოზაკოვიჩი სხვადასხვა დროს გამოდიოდა Carnegie Hall-სა და Concertgebouw Amsterdam-ში, ასევე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე -Verbier Festival, Gstaad Menuhin Festival, წინანდლის ფესტივლი და სხვა.
15 წლის ასაკში დანიელ ლოზაკოვიჩმა Deutsche Grammophon-თან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა. მისი ალბომები აღიარებულია საერთაშორისო კრიტიკოსების მიერ და მოხვდა კლასიკური მუსიკის ჩარტების სათავეში.

პაბლო ფერანდესი მადრიდში დაიბადა და ჩელოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო. ის არის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და SONY Classical-ის ექსკლუზიური არტისტი. შეფასებულია ახალი თაობის ვირტუოზად. როგორც კრიტიკოსები მასზე საუბრისას აღნიშნავენ, ფერანდესს ყველაფერი აქვს: ტექნიკა, სითამამე, ენერგია, სოლისტის ავტორიტეტი, ექსპრესიულობა და ხიბლი. დღეს ის ითვლება ჩელოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად შემსრულებლად თავისი თაობის მუსიკოსებს შორის.
მისი სადებიუტო ალბომი – Reflections 2021 წელს SONY Classical-ზე გამოვიდა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე მოიპოვა Opus Klassik Award-ის ჯილდო. ხელოვანი უკრავს 1689 წლის Stradivarius Archinto-ზე, რომელიც მას სიცოცხლის განმავლობაში უბოძა Stretton Society-ს წევრმა.
პაბლო ფერანდესი სხვადასხვა დროს მსმენელის წინაშე არაერთ გავლენიან ორკესტრთან ერთად წარდგა, მათ შორის არის: ლოს ანჯელესის და ჩეხეთის ფილარმონიული ორკესტრები, ბერლინის Konzerthaus ორკესტრი, ვენის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

ბრენდან კეინის კარიერა მოიცავს ისეთ ორკესტრებს, როგორებიცაა ბოსტონის და ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრები. როგორც კამერული მუსიკოსი, გამოდიოდა Lincoln Center-ის Chamber Music Society-სა და Verbier Festival-ზე. ის არის გამოცდილი პედაგოგი, მუშაობს ვერბიეს ფესტივალის ახალგაზრდულ ორკესტრთან და პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან.

ჟულიენ კანტანს მუსიკალური სიღრმე, მკვეთრი ხმა და ტექნიკა მსოფლიოში პოპულარულ სოლო და კამერულ მუსიკოსად აქცევს. პარიზში დაბადებულმა პიანისტმა განათლება ჯერ ჟენევის კონსერვატორიაში მიიღო, შემდეგ კი ინდიანას უნივერსიტეტსა და ჯულიარდის სკოლაში. მან შექმნა „Musica Litoralis“, ბერლინში დაფუძნებული კონცერტების სერია, რომელიც დღითიდღე უფრო წარმატებული ხდება. ჟულიენის შემოქმედებას თან სდევს ხელოვნების ახალი ფორმების ძიება და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის კოლაბორაციული პროექტები.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ს ბმულზეა შესაძლებელი.