პარასკევის მუსიკალური სახელმძღვანელო: ახალი მუსიკა ტეილორ სვიფტის, ლუკ კომბსის, ლეონ თომასისა და სხვა ვარსკვლავებისგან

ნახეთ კვირის მნიშვნელოვანი რელიზები
ტეილორ სვიფტი – The Crowd is Your King

„ბილბორდის” პარასკევის მუსიკალური სახელმძღვანელო ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს გაგაცნობთ – მთავარ მუსიკას, რომელსაც ყველა აიტაცებს და რომელიც ამ უიკენდის (და არა მხოლოდ) პლეილისტების დომინანტი გახდება.

ნახეთ ამ კვირის რჩეული რელიზები: 

ტეილორ სვიფტი – The Life of a Showgirl

ტეილორ სვიფტი საბოლოოდ დიდ პოპს დაუბრუნდა. მასთან კვლავ არიან მაქს მარტინი და Shellback, თუმცა ეს არ არის „1989-ის” მეორე ნაწილი. The Life of a Showgirl გამოირჩევა ძლიერი დრამითა და დასამახსოვრებელი მელოდიებით, რაც აღნიშნული ტრიოს ათი წლის წინანდელი კოლაბორაციისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგრამ ამჯერად სიმღერების ტექსტები და ხმოვანი პალიტრა 2020-იანების შუა პერიოდის სტილშია განახლებული. ალბომის ბევრი კომპოზიცია ორგანულ პოპ-როკ ჟღერადობას ეფუძნება, რომელიც Fleetwood Mac-ს უფრო გვახსენებს, ვიდრე Forever Your Girl-ს. როგორც ჩანს, პროექტში შესული ბევრი სიმღერა ერთნაირი მასშტაბის გავლენისთვისაა შექმნილი: Actually Romantic და Wood ყურადღებას მათი პროვოკაციული თემებით მიიპყრობს, Ruin the Friendship და Eldest Daughter კი შესაძლოა ფანების ფავორიტი სიმღერები მათი პერსონალური ტექსტებისა და ნოსტალგიური მელოდიების გამო გახდნენ.

ლუკ კომბსი – Days Like These

„როცა ცა ლურჯია და ბალახი მწვანე, სხვა რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?” – ლუკ კომბსს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული უნარი, გამოეხატა მარტივი სენტიმენტები, როგორც უნივერსალური ჭეშმარიტება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმღერაში ის მხოლოდ მის ხმას ეყრდნობა და არ იყენებს ზედმეტ დამუშავებასა და ეფექტებს. Days Like These-ში კომბსი აკუსტიკური გიტარის ფონზე ერთგვარ ოდას უმღერის იმ მარტივ და მთავარ ბედნიერებებს, რომლებიც ცხოვრებას ქმნიან. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ სიმღერა ქანთრი რადიოს ფავორიტი გახდება.  

ლეონ თომასი – Just How You Are

მიუხედავად სახელწოდების მსგავსებისა ბილი ჯოელისა და ბრუნო მარსის სასიყვარულო პოპსიმღერებთან, მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ ლეონ თომასის ახალი სინგლი სენტიმენტალური ხასიათის იქნება. „ყველა ეს სიმღერა შენზე დავწერე, შენ კი ერთი სიტყვაც არ გითქვამს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მოსმენაზე. როგორც ჩანს, ‘გილოცავ’ შენი ყველაზე ნაკლებად საყვარელი სიტყვაა,” – მღერის გაბრაზებული თომასი სოულ-ფანკ კომპოზიციაში. საქორწინო ბალადები მოიცდის, მანამდე კი ეს ენერგიული ტრეკი საცეკვაო მოედნებს გაავსებს. 

ლუი ტომილსონი – Lemonade

2022 წლის Fate in the Future-ის შემდეგ ლუი ტომილსონისგან ბევრი არაფერი გვსმენია. სექტემბერში მან დააანონსა, რომ 2026 წლის იანვარში სტუდიური ალბომით How Did I Get Here? დაბრუნდებოდა. ამ კვირას კი ალბომის პირველი სინგლი Lemonade გამოსცა – დისკო-როკ სიმღერა, რომელსაც ტომილსონი  ადამ ლამბერტის მსგავსი თავდაჯერებულობით ასრულებს. მის მისამღერს უახლოეს მომავალში ალბათ არცერთი ენობრივი ხელოვნების კლასი არ გააანალიზებს, მაგრამ, რისი თქმაც დაბეჯითებით შეგვიძლია, აქამდე ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა სიმღერა, სახელწოდებით Lemonade, დასამახსოვრებელი არ ყოფილიყო და გამონაკლისი არც ეს იქნება.

Kali Uchis feat. Mariah the Scientist – Pretty Promises

მას შემდეგ, რაც Mariah the Scientist-ის Is It a Crime?-ში მიიღო მონაწილეობა, Kali Uchis ახლა თავად გამოსცემს 2024 წლის ალბომის, Sincerely-ს დელუქს ვერსიას, სახელწოდებით Sincerely: P.S და მასში Mariah the Scientist-ს მასპინძლობს. მუსიკოსებმა ამჯერად სიმღერაზე Pretty Promises ითანამშრომლეს. როგორც თავად ამბობენ, ეს არის „წყალქვეშა” მუსიკა, რომელშიც ისინი ქალთევზებივით დაცურავენ. ერთი რამ ფაქტია: თუ მათი დუეტის შედეგი ყოველთვის ასეთი წარმატებული იქნება, მუსიკოსებმა ალბათ საერთო ალბომის გამოცემაზეც უნდა იფიქრონ. 

Fred Again.. & Amyl and the Sniffers – You’re a Star

ყველა იმ არტისტთაგან, ვისთანაც შეიძლება ფენომენალურ Fred again-ს თავის საცეკვაო ჰიტებზე ეთანამშრომლა, ავსტრალიური ინდი-პანკ ბენდი Amyl and the Sniffers ალბათ სიაში ბოლო ადგილზე იქნებოდა, თუკი საერთოდ მოხვდებოდა მასში. თუმცა, ყველას გასაკვირად, პროდიუსერმა, რომლის ნამდვილი სახელია ფრედერიკ ჯონ ფილიპ გიბსონი, ახალი სინგლისთვის არჩევანი სწორედ ემი ტეილორსა და მისი ბენდის წევრებზე გააკეთა. სიმღერა ფრედის drum n’ bass-ს ბენდის ბუნებრივ, გაუფილტრავ ენერგიასთან აერთიანებს და Gesaffelstein-ის მსგავსი სირენების ჟღერადობებით ფეთქდება, რაც საბოლოოდ არაპროგნოზირებად ვოკალურ ეფექტს ქმნის. მოულოდნელი, მაგრამ ეფექტური – სწორედ ამიტომაა Fred again ვარსკვლავი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცოტნე გორგოშიძის ახალი სიმღერა – „ღორი“

შემდეგი სტატია

შონ კომბსს პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებით 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი

თორნიკე ტაბატაძე – ქართველი არტისტი, Spotify-ზე მილიონობით სტრიმით

თორნიკე ტაბატაძე ამჟამად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით – სასიმღერო, საორკესტრო, ამბიენტსა და ექსპერიმენტულ მუსიკაზე.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

ტეილორ სვიფტის მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის Opalite უკვე გზაშია

პროექტ The Life of a Showgirl-ის მუსიკალური ისტორია გრძელდება - პირველი სინგლის, The Fate of Ophelia-ს შემდეგ, მომღერალი მეორე მუსიკალური ვიდეოს გამოცემას აანონსებს.
მეტი