ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტი — ქალაქის კულტურის სიმბოლოს დაბრუნება

ნახეთ „ბილბორდის” ინტერვიუ პროექტის ორგანიზატორებთან.

თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზს, ფილარმონიის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია Starring Georgia-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მასშტაბური პროექტი სწორედ Starring Georgia-ს იდეითა და ორგანიზებით ხორციელდება. 

ფილარმონიის შენობა 60-იანი წლების ბოლოს არქიტექტორ ივანე ჩხენკელის ხელმძღვანელობით აშენდა. სივრცე 1971 წელს გაიხსნა და მალევე იქცა თბილისის კულტურულ ცენტრად და მის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 

თუმცა დღეს, Starring Georgia-ს თქმით, ფილარმონიის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მისი რეაბილიტაციის აუცილებლობა. ამ ეტაპზე გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი, რომლის შედეგადაც გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება. სწორედ არჩეული პროექტის მიხედვით მოხდება ისტორიული შენობის განახლება. 

რას გულისხმობს ფილარმონიის რეაბილიტაცია, როგორ წარიმართება პროცესი და რა როლს შეიძენს უკვე განახლებული სივრცე ქვეყნის თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში — ნახეთ „ბილბორდის” ინტერვიუ პროექტის ორგანიზატორებთან.

ციცი იაშვილი, ამიკო ჯანელიძე

რა იყო ის მთავარი იდეა, რომლის გარშემოც აღმოცენდა ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტი?

ციცი იაშილი – Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების კრეატიული ხელმძღვანელი:

ამ იდეას საკუთარი ისტორია აქვს, ამიტომ მოყოლა ცოტა შორიდან მოგვიწევს. 2019 წლიდან, როგორც კი Black Sea Arena-ს სამუშაო პროცესში ჩავერთეთ, დავინახეთ, თუ რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ორგანიზება. მაშინვე გამოჩნდა, რომ თუ ამ ინდუსტრიის განვითარება გვსურდა, თანმხლები პროფესიებიც უნდა განგვევითარებინა. ხოლო როდესაც ამ იდეების სიღრმისეულად დამუშავება დავიწყეთ, მივხვდით, რომ შეკვეთილში ამის გაკეთება გართულდებოდა, ამიტომ მიზიდულობის ცენტრი, ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე, დედაქალაქში უნდა შეგვექმნა. ასე დაიბადა კონცეფცია, რომლის განსახორციელებლადაც ფილარმონია საუკეთესო ადგილი იყო, როგორც ლოკაცია და ასევე, როგორც შენობა, საკუთარი ისტორიითა და თავისებურებებით. 

ამ პროცესის პარალელურად კი დაიწყო Starring Georgia-ს პროექტიც, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა მსგავსი აქსელერატორის შექმნის აუცილებლობა და ისიც, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველოში ლაივ შემსრულებელი. მაშინ რატომ უნდა ყოფილიყო ეს ინდუსტრია სეზონური?! ყველა ამიდეის შერწყმით კი საბოლოოდ ფილარმონიის განახლების გეგმამდე მივედით.

ფილარმონიისა და Black Sea Arena-ს გაერთიანებით, Black Sea Arena-ს გუნდს მიეცა საშუალება, ემუშავა არა მხოლოდ ერთ მუსიკალურ სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ფილარმონიამ კი მიიღო შესაძლებლობა, მის მენეჯმენტში ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი გუნდი მოსულიყო.

ფილარმონია წარსულშიც და ახლაც ქალაქის კულტურის ერთგვარი სიმბოლოა. გარდა ამისა, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. როგორ ახერხებთ, რომ ეს ისტორიული ნაგებობა თანამედროვე სივრცედ აქციოთ ისე, რომ არ დაიკარგოს მისი ავთენტური სახე და იდენტობა? 

ამიკო ჯანელიძე – Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი:

თბილისის ფილარმონია მისი გახსნის დღიდანვე იყო საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი — ადგილი, სადაც ხელოვნება და საზოგადოება ერთმანეთს ხვდებოდა. ეს შენობა წლების განმავლობაში აერთიანებდა ადამიანებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. ფილარმონიის სცენაზე გამოდიოდნენ საუკეთესო არტისტები, იმართებოდა საერთაშორისო ფესტივალები, რომელთაც უდიდესი გავლენა ჰქონდათ ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე. მრავალი თაობისთვის ფილარმონია იყო ადგილი, სადაც მათ ხელოვნებისადმი სიყვარული უყალიბდებოდათ და შთაგონებასაც აქ პულობდნენ.

თუმცა, როგორც ყველა ისტორიულ შენობას, დროთა განმავლობაში ფილარმონიასაც დასჭირდა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი განახლება, რომელიც მის დიდ ისტორიას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა. სწორედ ამიტომ, დღეს ფილარმონია ახალი ეპოქის ზღვარზე დგას. ეს ყველაფერი არ არის იდენტობის ცვლილება, პირიქით, ეს სწორედ მისი იდენტობის გაძლიერება და ბოლო პერიოდში დაკარგული სავიზიტო ბარათის ფუნქციის დაბრუნებაა, რაც მას გახსნის დღიდანვე ჰქონდა.

ციცი იაშვილი: ვინაიდან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ბუნებრივია, სრულად შენარჩუნდება მისი პირვანდელი იერსახე და ისტორიული ღირებულება. როდესაც ფილარმონია თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ერთგვარი აქსელერატორი გახდება, მუზის ქანდაკებასაც წლების შემდეგ ისევ დაუბრუნდება თავისი ჭეშმარიტი შინაარსი და დანიშნულება.

როგორც ცნობილია, პროექტის გაწერამდე დეტალურად მოხდა შენობის შესწავლა. რა იყო მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა თქვენთვის?

ციცი იაშვილი: ტექნიკური დავალების დასრულებამდე Starring Georgia-ს გუნდი, ფაქტობრივად, ფილარმონიის შენობაში გადავსახლდით. ეს არ იყო მხოლოდ შენობის მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა, ჩვენ მისი ხასიათისა და ისტორიის უკეთ შეგრძნება გვსურდა. თითოეული სივრცის, კედლის, კიბისა თუ სარდაფის დეტალური ანალიზით მივედით იმ აზრამდე, რომ ფილარმონია არ არის უბრალოდ ნაგებობა, ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელთანაც თანაცხოვრებაა საჭირო. შენობას უკვე შექმნილი აქვს საკუთარი ატმოსფერო და ის თავად გკარნახობს, თუ როგორი ტიპის ღონისძიებები უნდა გამართო და როგორ მოემსახურო სტუმრებს.

ამ თანაცხოვრების პროცესში, რომელიც ნამდვილად დროში მოგზაურობას ჰგავდა, ჩვენ ფილარმონიის ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა აღმოვაჩინეთ. შენობა ინახავს უამრავ ისტორიას, რომელიც დასტურდება ჩვენ მიერ ნაპოვნი ძველი, უაღრესად საინტერესო ნივთებით, საარქივო დოკუმენტებით, ფოტოებითა თუ აუდიო-ვიდეო ფირებით. ამ აღმოჩენებმა კიდევ უფრო განამტკიცა გუნდის რწმენა, რომ შენობას, რომლის კედლებსაც ამდენი რამ უნახავს, ნამდვილად შეუძლია, ქვეყნის კულტურული ცხოვრება განსაზღვროს.

რა იყო ყველაზე რთულად გადასაჭრელი საკითხი პროექტის დაგეგმვისას და რა ეტაპზეა ის ამჟამად?

ამიკო ჯანელიძე: ყველაზე რთული, ალბათ, იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერება იყო, რომელიც ჩვენ, Starring Georgia-ს გუნდს გვეკისრებოდა. Starring Georgia ძალიან წარმატებული პროექტია, რის გამოც ადამიანებს ჩვენგან უფრო დიდი მოლოდინი აქვთ. თანაც, როცა საქმე ეხება საქართველოს სავიზიტო ბარათსა და კულტურულ ძეგლს, შეცდომის უფლება არ გვაქვს.

თავიდანვე ცხადი გახდა, რომ კონკურსი საერთაშორისო უნდა ყოფილიყო. კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, კონკურსში ჩართულ კომპანიებს მსგავსი ტიპის სპეციფიკურ შენობებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. როცა ტექნიკურ დავალებაზე დავიწყეთ მუშაობა, გვინდოდა, ის მაქსიმალურად სრულყოფილი ყოფილიყო იმისთვის, რომ განახლებული ფილარმონია ქართულ კულტურულ ცხოვრებას დაუბრუნდეს როგორც სივრცე, სადაც ყველაფერი სწორად და უნაკლოდ იქნება აწყობილი; სივრცე, რომელიც ადამიანებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

კონკურსის გამოცხადებიდან, დაახლოებით, ერთი თვე გავიდა. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ პროექტის მიმართ ინტერესი არაერთმა უცხოურმა არქიტექტურულმა კომპანიამ დააფიქსირა. ასეთი ინტერესი, ერთი მხრივ, გვიმტკიცებს იმ აზრს, რომ მართლაც უმნიშვნელოვანეს პროექტზე ვმუშაობთ. სულმოუთქმელად ველით კონკურსის ვადის ამოწურვას, რათა პირველი ესკიზები ვიხილოთ.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ციფრული არქივის შექმნა. გვიამბეთ „ფილარმონია დროის კადრების” შესახებ: რა მნიშვნელობისაა აღნიშნული ინიციატივა და რა გავლენა ექნება მას თავად ფილარმონიაზე, ქართულ კულტურასა და მის განვითარებაზე? 

ამიკო ჯანელიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერების გაცოცხლება და მისი ციფრულ ეპოქაში გადმოტანა. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს პროექტი „ფილარმონია: დროის კადრები“. ეს არის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ფილარმონიის ციფრულ სივრცეში არსებობას, სანამ შენობა რეაბილიტაციის პროცესში იქნება.

ეს წამოწყება ორმაგ დატვირთვას ატარებს. პირველ რიგში, ის ინარჩუნებს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რადგან შენობაში აღმოჩენილი ყველა საარქივო მასალა — აუდიო და ვიდეო-ფირები თუ ფოტოები — ციფრულ ფორმატში გადაინაცვლებს. ამით კი ისტორიული მემკვიდრეობა არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება.

მეორეც, ციფრული არქივის სამიზნე აუდიტორიას ყველაზე მეტად ახალგაზრდები წარმოადგენენ — ისინი, ვისაც ფილარმონია წარსულში მოსაწყენ, ნაკლებად აქტუალურ ადგილად მიაჩნდა. „დროის კადრები“ კი ნათლად დაანახებს მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ფილარმონია ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, როგორ მასპინძლობდა ეპოქალურ მოვლენებს და რა გავლენა მოახდინა მან უამრავ ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის, რასაც ნახავენ, არსებულ სტერეოტიპებს მთლიანად დაამსხვრევს.

Starring Georgia-ს საერთაშორისო არტისტებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. როგორი იქნება თქვენი საქმიანობის გავლენა ფილარმონიის სამომავლო ცხოვრებაზე, ასევე მის საერთაშორისო ცნობადობაზე?

ციცი იაშვილი: ბოლო მაგალითით დავიწყებდი: იმ ხარისხით, რითაც საქართველომ უმასპინძლა, მაგალითად, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს, ნამდვილად გავუწიეთ კონკურენცია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს. ორგანიზება, სცენის გამართვა, ტექნიკური საკითხების მოგვარება და ე.წ. „ჰოსფითალითი”… როგორც თავად ხვდები არტისტს, ისიც ისევე იხარჯება სცენაზე, შენი მაყურებლის წინაშე. ჯასტინის მაგალითზე კი ეს ყველამ კარგად დავინახეთ.

Starring Georgia-მ, როგორც პროექტმა, ორი მთავარი რამ გააკეთა: პირველ რიგში, საქართველო გასართობი ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე მონიშნა და მეორე, თავი მაღალი ხარისხის ღონისძიებების ორგანიზებით დაიმკვიდრა. ფილარმონია სწორედ ამის გაგრძელებაა. თუ აქამდე საქართველოს სხვადასხვა უცხოური სააგენტოსთვის თავის გაცნობა და საკუთარ გამოცდილებაზე მოყოლა სჭირდებოდა, ახლა Starring Georgia-ს პორტფოლიოთი ყველაფერს ბევრად თამამად აკეთებ. სწორედ ამიტომ, ფილარმონიას უკვე მნიშვნელოვნად გაუმარტივდება ამ სააგენტოებთან თანამშრომლობა. მეტიც, ჩვენი პორტფოლიოთი, ჩვენი ქვეყნისა და ფილარმონიის ისტორიით, ბევრი შემსრულებლისთვის აქ ჩამოსვლა საინტერესოც შეიძლება გახდეს.

როგორი იქნება ფილარმონია პროექტის დასრულების შემდეგ?

ამიკო ჯანელიძე: განახლებული ფილარმონია ქვეყნის კულტურული ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს. ის იქნება ადგილი, სადაც ერთი დღე სრულფასოვან კულტურულ გამოცდილებად გარდაიქმნება. ადამიანები აქ დილიდანვე დაესწრებიან გამოფენებსა თუ ვორქშოპებს, მოისმენენ ახალ მუსიკას, ისარგებლებენ სოციალური სივრცით, ბარითა და სამზარეულოთი, დაესწრებიან კონცერტს ან ჩაერთვებიან სასურველ აქტივობაში. ეს იქნება ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს შეხვდება; სადაც ახალგაზრდები და უფროსები ერთად იპოვიან საკუთარ სივრცესა და ინტერესს. ფილარმონია კიდევ ერთხელ გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Juvenile-ის თქმით, 50 Cent-ის ემინემთან თანამშრომლობა მისი დამსახურებაა

შემდეგი სტატია

The Nightmare Before Christmas BUENA VISTA PICTURES/COURTESY EVERETT COLLECTION

Billboard-ის საუკეთესო სადღესასწაულო ალბომების ჩარტი 2025 წლის სეზონით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება.”
მეტი

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

ახალ ამბავს სიხარულით შეხვდნენ ასევე ლორდი, Clairo და სხვები.
მეტი
Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

"მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება"
მეტი

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

ვიდეოს საუნდტრეკად გასდევს ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და ნიკ კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები.
მეტი

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

RADIOHEAD-ის 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა.
მეტი