რატომ ღირდა როსალიას Lux ლოდინად: კრიტიკოსების აზრი

„ბილბორდის” ბოლო გამოცემის ყდის არტისტის ახალი ალბომი დიდი გამოწვევაა.
ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS
როსალია
COLUMBIA RECORDS

როსალიასთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, გაჰყოლოდა 2022 წლის Motomami-ს კვალს, რომელმაც ის სუპერვარსკვლავობის ზღვარზე დააყენა, სწრაფი ახალი ალბომის გამოცემით, რომელიც იმავე გზას გაიმეორებდა. სიმღერები, რომლებიც მისი ესპანური ფლამენკოს ფესვებსა და ლათინური რეგეტონის გავლენებს შორის არსებულ ხაზზე გადიოდნენ – ეს იყო ფორმულა, რომელმაც წარმოშვა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Despechá და La Fama. ალბომი წარმოადგენდა უცაბედ გადასვლას მისი შესანიშნავი, მაგრამ ნიშური პროექტიდან El Mal Querer უფრო დიდ აუდიტორიაზე, რომელმაც როსალია და მისი ხმა ფართოდ აიტაცა. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი არჩევანი ჩანდა, რომ მალევე ჰორიზონტზე მსგავს სტილში შექმნილი ახალი ნამუშევარი გამოჩენილიყო.

თუმცა, ნაცვლად ამისა, ფანებს ორწელიწადნახევრიანი ლოდინი მოუწიათ Lux-ისთვის –  ალბომისთვის, რომელიც არა მხოლოდ როსალიას, არამედ მთელი დიდი მუსიკალური სურათის სტანდარტებს არღვევს. 

ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი პროექტი ამბიციური, კომპლექსური, ფართო ორკესტრული და საოპერო ნამუშევარია, რომელიც 13 სხვადასხვა ენაზე შესრულებული 18 კომპოზიციისგან შედგება და სადაც როსალია თავისი ვოკალური შესაძლებლობებით გაუკვალავ ტერიტორიაზე შედის. ეს არ არის პოპსიმღერების სიმფონიური გაორკესტრების ტიპური, უკვე გამოცდილი კოლექცია, არამედ პოპის (და შესაძლოა კლასიკისაც) სრულიად ახალი ხედვა, რომელიც იკვლევს ჟანრის საზღვრებს და იმას, თუ სად ხვდება ის მუსიკალური წარმოებისა და მოხმარების სპექტრში, განსაკუთრებით, ე.წ. „ფასთ-ფუდის” მუსიკის ერაში.

Sexo, violencia y llantas ალბომის სკანდალური სახელწოდების გამხსნელი სიმღერაა. ის ფორტეპიანოს შესავლით იწყება, რომელიც  კლასიკურ ეტიუდს მოგაგონებთ – გარდამავალს ბახსა და შოპენს შორის – და გადადის როსალიას ვოკალზე, რომელსაც თან ერთვის აკუსტიკური ბასის პარტია. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი გუნდსა და სრულ სიმებიან ორკესტრთან ერთად ფეთქდება.

ალბომი ყურადღების მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ოთხ ნაწილად დაყოფილი პროექტი კიდევ ერთი მინიშნებაა მის კლასიკურ ფუძეზე, თუმცა ის არ მიჰყვება ერთი ტემპისა და ხასიათის ტრადიციას თითოეულ ნაწილში. ნაცვლად ამისა, მასში მომაჯადოებლად იცვლება სტილი და არანჟირებები.

„ცხადად ვიცოდი, რომ მინდოდა ოთხი ნაწილი,” – ამბობს როსალია „ბილბორდთან” ინტერვიუში. „მინდოდა პირველი, რომელიც იქნებოდა ერთგვარად სიწმინდისგან გასვლა. მეორე, რომელიც იქნებოდა გრავიტაციული, როგორც მსოფლიოსთან მეგობრობა. მესამე – უფრო ამაღლებული, როგორც ღმერთთან დამეგობრება. ბოლოს კი – განშორება და დაბრუნება.”

მიჰყვება თუ არა Lux კლასიკური კომპოზიციის წესებს? ეს არ არის მისი მიზანი და ხანდახან ის სრულიად არაპროგნოზირებადადაც იცვლება (წარმოგვიდგენია, თუ როგორ გაურთულებს ეს საქმეს გრემისა და ლათინური გრემის წარმომადგენლებს ალბომისა და მისი სიმღერებისთვის კატეგორიების მინიჭების დროს). მაგალითად, Porcelana ისე ჟღერს, თითოს ოთხი განსხვავებული სეგმენტი ერთმანეთს მიაბეს დიდი გარითმვის ან რაიმე მიზეზის გარეშე. მაგრამ როსალიას ხმა შეუჩერებელია, ის თავისუფლად გადაადგილდება პიანისიმოდან ფორტემდე. მხოლოდ პროფესიონალურად გაწვრთნილ ვოკალს შეუძლია ამგვარი ოსტატობის შესრულება.

ალბომში ჩადებულია კომერციული დეტალებიც. La Perla, რომელსაც როსალია მექსიკურ ტრიოსთან ერთად ასრულებს, ვალსის სტილში გადაწყვეტილი სასიამოვნოდ ხულიგნური, ნაზი და ამავდროულად ბასრი კომპოზიციაა, რომელიც მიზანში მომღერლის ყოფილ შეყვარებულს იღებს. ხოლო Dios Es Un Stalker დასამახსოვრებელი და ენერგიული სიმღერაა – სწორედ ისეთი, როგორიც საშუალო ტემპის პოპჰიტი უნდა იყოს.

საერთო ჯამში, Lux არის ალბომი, რომელიც არღვევს მუსიკის, არანჟირებისა და სტრუქტურის დამკვიდრებულ წესებს. პროექტი ამავდროულად დიდი გამოწვევაა, რომელიც, იმედი გვაქვს, სხვა არტისტებსაც მისცემს ბიძგს, უფრო ღრმად ჩაეშვან საკუთარ ხელოვნებაში და თუნდაც ცოტა მეტი გვალოდინონ, თუ ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ უფრო და უფრო მეტის მოსმენას მოგვანდომებენ – არა იმით, რომ მათმა მუსიკამ თავიდანვე დაგვატყვევოს, არამედ იმით, რომ კიდევ უფრო მეტის აღმოჩენის სურვილი გაგვიჩინოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პატი სმითის ახალი მემუარები გამოვიდა

შემდეგი სტატია

ბობ დილანის ისტორიკოსი შონ უილენცი მუსიკოსის გარდასახვაზე საუბრობს და განმარტავს, როგორ იქცა დილანი მიმბაძველიდან ინტერპრეტაციის ოსტატად

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი