ძი იუ x „ჭაობი”

შიდა დინებაში დაბადებიდან გვირგვინის დადგმამდე.
ძი იუ
Billboard China

„ჭაობის” ჟღერადობა უკვე სექტემბრის განმსაზღვრელ მოგონებადაა ქცეული. ჩვენ კი მოუთმენლად ველით, ვიხილოთ, თუ როგორ განაგრძობს მუსიკის გზას ბიჭი,  რომელიც ოდესღაც ტალახიდან ამოვიდა, კიდევ უფრო ფართო, უსაზღვრო სამყარომდე მისასვლელად.

სინგლით „ჭაობი” ძი იუმ ლიდერის პოზიცია მოიპოვა ბილბორდ ჩინეთის Star Power Monthly Selection-ში. უწყვეტი ექსპერიმენტებიდან სცენის დაპყრობამდე, ახალბედას სტატუსიდან ჩემპიონად აღიარებამდე, ახალგაზრდა მომღერალმა ამ სიმღერით ვარსკვლავურ წარმატებას მიაღწია და თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ხმა ჩინურ მუსიკალურ ინდუსტრიაში.

ძი იუ
Billboard China

ამჯერად კი გთავაზობთ ინტერვიუს სიმღერის ავტორთან – ლი ში ჯუესთან, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ, თუ რა დგას „ჭაობის” უკან.

1. სიმღერამ „ჭაობი” ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა მსმენელში. რამდენად გაგიკვირდათ და რას ფიქრობთ, რამ გახადა ის ასეთი ემოციური?

ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ძალიან არა, რადგან ჩვენმა გუნდმა ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ დაწერა. მისი თემა და მელოდიური ხაზი მოიცავს რეტრო, დასამახსოვრებელ ჟღერადობას, რომელიც ბუნებრივად იწვევს ემოციებს. ამავე შემოქმედებითი პერიოდის სიმღერებს ეკუთვნის ასევე Dislocated Space-Time, რომელიც შემდეგ დიდ ჰიტად იქცა. ვფიქრობ, ის, რაც ადამიანებს მოსწონთ, არის მარტივი, დასამახსოვრებელი მელოდიისა და ზუსტი, მათთვის ახლობელი ტექსტების კომბინაცია, რომელიც ამ შემთხვევაში ძი იუს ემოციურ შესრულებაშია გაცოცხლებული. როცა ის შევქმენით, გვსურდა, გულწრფელად გადმოგვეცა გრძნობა, როცა გარკვეულ ემოციასა თუ სიატუაციაში ხარ გაჭედილი. ნამდვილად არ წარმოგვედგინა, რომ მას ამდენი ადამიანი შეიყვარებდა. ახლა, როცა უკან ვიხედებით, ვფიქრობთ, რომ ის, რამაც მსმენელზე ასეთი გავლენა მოახდინა, აალბათ სიმღერის ავთენტურობაა – ის მტანჯველი ობსესია, როცა გინდა გათავისუფლდე, მაგრამ ამავდროულად უფრო ღრმად ეფლობი – ბრძოლა, რომელსაც ყველა აწყდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე. 

სიმღერა არ ქადაგებს რაიმე დიდ ჭეშმარიტებას, ის უბრალოდ გადმოსცემს ჭაობში სუნთქვის გრძნობას. ვიღაცამ კი როგორღაც მასში საკუთარი ექო გაიგონა. 

ძი იუ
Billboard China

2. „ჭაობის” წერისას ყველაზე მეტად რომელი მთავარი ემოციის ან იდეის გადმოცემა გსურდათ? და საიდან მოვიდა თავდაპირევლი შთაგონება?

ის, რასაც ყველაზე მეტად მინდოდა, რომ დავყრდნობოდი, იყო ემოციური მდგომარეობა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი საკუთარი გრძნობები ან ბევრი სხვადასხვა ტიპის ემოციის პროექცია. ეს არის წარსული გამოცდილებების გახსენება, მწუხარებით გადაღლა, შუაღამით ტირილით გაღვიძება და ჩაძინება მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ ტირილით გაიღვიძო. სწორედ ამ განმეორებადი ტკივილის ციკლს ასახავს სიმღერის დალუპული მელოდიაც. შთაგონება კი ბუნებრივად მოვიდა ცხოვრებისგან: თუ ოდესმე ეს ყველაფერი გამოგიცდია, ვერაფრით აცდები მის დაწერას.  მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი „ჭაობის მომენტი” – ყველაზე დაბალი წერტილი ცხოვრებაში. ეს არ არის ჭაობიდან ამოსვლის შთაგონება, არამედ გამბედაობა, რომ მასში იდგე. თავდაპირველი იდეები ფრაგმენტებად მოვიდა: ვხედავდი მეგობრებს, რომლებიც თავს იტანჯავდნენ იმ მიზნების გამო, რომლებიც ჩავარდა; ადამიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ არედაქტირებდნენ და შლიდნენ სოციალური მედიის პოსტებს; ანდაც პირადად ჩემს იმედგაცრუებას, როცა ვიჭედები – რაც უფრო მეტად ვცდილობ წერას, მით ნაკლებად გამომდის. ეს დანაწევრებული მომენტები კი გაერთიანდა იმ ადამიანების სცენებად, რომლებიც თავიანთ ჭაობებში არიან და უცებ მომინდა, დამეწერა სიმღერა, რათა მსმენელისთვის მეთქვა: „არა უშავს, თუ გაიჭედე. არ აიძულო შენს თავს მაშინვე ამოსვლა. შეხედე ნიადაგს შენს ფეხებქვეშ. იქნებ შეიძლება, იქიდან რაღაც აღმოცენდეს. 

3. როცა მუსიკას ქმნით, რას აფასებთ ყველაზე მეტად? და თუ ასახავს ამ ფილოსოფიას „ჭაობი”?

როცა სიმღერებს ვწერ, ყველაზე მეტად ვზრუნავ ამბის სრულად და პირდაპირ გადმოცემაზე და იმაზე, თუ რამდენად დასამახსოვრებელია მელოდია. ადრე უფრო ავანგარდულ არანჟირებებსა და მელოდიებს ვეძებდი, რათა უფრო ნიშური ნამუშევრები შემექმნა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად გავიაზრე, რომ რაც კარგად ჟღერს, როგორც წესი, მარტივია. „ჭაობი” ზუსტად ამ რწმენას განასახიერებს. ყველაზე მეტად ვაფასებ სიზუსტეს – არა ტექნიკურს, არამედ ემოციურს, რომ შენს გრძნობებთან მართალი იყო. მაგალითად, ფრაზა „ოდნავ მარილიანი ცრემლები ტუჩებამდე აღწევს” არ დაწერილა მხოლოდ რითმის გამო, ეს იყო იმისთვის, რომ დამეფიქსირებინა სრულიად ფიზიკური მომენტი, როცა ტირილის დროს ცრემლების შეკავებას ცდილობ.” ასეთი სპეციფიკური ტკივილი უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე უბრალოდ ყვირილი, რომ მოწყენილი ხარ. „ჭაობი” კი სწორედ ამას აკეთებს. ის მღერის ხელშესახებ ემოციებზე.

4. თქვენი აზრით, რა განსაკუთრებული შარმი შესძინა ძი იუს შესრულებამ ამ სიმღერას?

ძი იუმ ნამდვილად შესძინა სიმღერას განსაკუთრებული ჯადოსნობა. ის არის ახალი თაობის ენერგიული მომღერალი, მე კი ეს სიმღერა გამიზნული რეტრო შეგრძნებებით დავწერე. სწორედ ეს შეჯახება – ახალსა და ძველს შორის – შთაბერავს ამ სიმღერას სულს. ძი იუს ხმაში არის ერთგვარი შეკავებული შეუპოვრობა, რომელიც იდეალურად ერგება სიმღერის ტემპერამენტს. ის არ იყენებს ფეთქებად ძალას, რათა გადმოსცეს ჭაობში გაჭედვის ტკივილი. ამის ნაცვლად, ის იყენებს რბილ, ჰაეროვან ნოტებს. ერთ-ერთ ფრაზაში შესაძლოა მისი ხმის სუსტი, თითქმის შეუმჩნეველი კანკალიც შენიშნოთ. ეს არჩევანი შეკავებისა, ყვირილის ნაცვლად, ჭაობში ყოფნის ტკივილს კიდევ უფრო რეალურად გადმოსცემს. ეს აჩვენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში სტრესში მყოფი ადამიანები ყოველთვის არ ყვირიან. უფრო ხშირად ისინი ჩუმად ებრძვიან საკუთარ თავს. ძი იუმ კი სწორედ ამ სიჩუმის სიმძიმის სიმღერით გამოხატვა მოახერხა.

ძი იუ
Billboard China

5. მსმენელისთვის, რომელმაც საერთო იპოვა ამ სიმღერასთან და რომელიც შესაძლოა სწორედ ახლა გადიოდეს ჭაობის მომენტს, რის თქმას ისურვებდით ყველაზე მეტად? 

თუ ახლა გადიხართ ჭაობს, უთხარით თქვენს თავს: „დაე, იმძვინვაროს შტორმმა.” მხოლოდ დროს შეუძლია განკურნოს, სხვა საშველი არ არსებობს. თუ ვინმეს დაშორდი, აღარ შეაწუხო მათი ცხოვრება. ეს გამოცდილება ერთ დღეს, შესაძლოა, თქვენი მოგზაურობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოგონებად იქცეს. და როცა ქარიშხლიდან გამოხვალ, ჯანმრთელი და მთელი, აღარ იქნები ის ადამიანი, რომელიც მანამდე იყავი. ასე რომ, გამაგრდით!

ასევე, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ჭაობში ეფლობით. ყველას ცხოვრებას აქვს დაბრკოლებები გზაზე, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ წინ ვეღარ წავლენ. არ დააჩქაროთ ან უარყოთ საკუთარი თავი იმაზე ფიქრით, თუ რატომ ვერ ამოხვედით ამდენი ხანი და არ შეგშურდეთ იმ ადამიანების, ვინც ეს თითქოს უფრო მარტივად გააკეთა. პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ ახლა აქ ხართ, შემდეგ კი დაიხედეთ ძირს – ის, რაც გტკენთ ან ქვევით გექაჩებათ, შესაძლოა ჩუმად ფესვების გადგმაში გეხმარებოდეთ. და ერთ დღესაც, როცა გამბედაობა დაბრუნდება, თქვენ მზად იქნებით ჭაობიდან ამოსასვლელად – ნელ-ნელა, მაგრამ დარწმუნებით.

6. სიმღერის წერის პროცესში თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ჩვევები ან პრინციპები, რომელთაც ყოველთვის ითვალისწინებთ? და როგორ უმკლავდებით ეჭვებს ან კრიტიკას?

სიმღერების წერის პროცესში არ ვღელავ იმაზე, ჯერ ტექსტი მოვა თუ მელოდია. ხანდახან სიტყვებით ვიწყებ, ხანდახან ნოტებით, მაგრამ უმეტესად ორივე ერთად მოდის. ყველაზე მეტად, რაზეც ვზრუნავ, ეს პირველი ემოციაა. როცა მელოდია უეცრად თავში მომივა, როგორც წესი, მაშინვე ვჩერდები მასზე, რადგან რაც უფრო მეტჯერ განიხილავ, მით უფრო შორდები შენს თავდაპირველ განზრახვას. ამიტომაც მიყვარს სიმღერების სწრაფად წერა. 

მაგალითღად, „ჭაობის” შემთხვევაში, პირველად თვითონ ჭაობის სურათი მოვიდა და ამის შემდეგ წამოვიდა მელოდია და ტექსტი. ჩემთვის ემოციების ბუნებრივად მიშვება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მკაცრად განსაზღვრული პროცესის მიყოლა. 

რეალურად, ყველა სიმღერა ატარებს თავის უნიკალურ ემოციას, ყველა მათგანი განსხვავდება თემით, ჰარმონიით, დიზაინითა და არანჟირებით. უამრავი ნამუშევარია, რომელიც ერთნაირად ჟღერს თავისი განწყობით ან ატმოსფეროთი, მაგრამ საბოლოოდ ხელოვნება ცხოვრებისგან მოდის და თავდაპირველის დაფასება ყველაზე მნიშვნელოვანია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

D'Angelo - 2015 წლის 15 მარტი, ოსტინი, ტეხასის შტატი. რიკ კერნი/GETTY IMAGES

Questlove-მა დაადასტურა, რომ  D’Angelo-ს ალბომი მალე გამოვა

შემდეგი სტატია

Summer Walker Rahul Bhatt

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი