Billboard-ის მიმდინარე პროექტის „წლის საუკეთესო პოპვარსკვლავის“ ფარგლებში, 2025 წლის განახლებული რეიტინგი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიცემა. პროექტი Billboard-ის რედაქციის მიერ შერჩეულ 2025 წლის 10 საუკეთესო პოპვარსკვლავს წარადგენს. გასულ კვირას უკვე გამოქვეყნდა საპატიო ნომინანტები და ასევე „წლის დებიუტანტი” და „წლის დაბრუნება,” ახლა კი სიაში მესამე ადგილს იკავებს არტისტი, რომელიც ლიდერთა შორის ყოველთვის მოიაზრებოდა, ეს გახლავთ Lady Gaga.
მოუსმინეთ Greatest Pop Stars-ის პოდკასტს, სადაც Lady Gaga-ს 2025 წლის მიღწევებზეა საუბარი და გაეცანით განახლებულ ტოპ-ათეულის სიას, ესეებისა და პოდკასტების საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ Lady Gaga-მ 2025 წელი Billboard Hot 100-ის ჩარტში მეექვსე N1 ჰიტით დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ჩარტში მერაია კერის ყოველწლიური საშობაო ჰიტის ლიდერობა დასრულდა, 2025 წლის პირველი N1 ჰიტი ბრუნო მარსისა და Lady Gaga-ს დუეტი Die With a Smile აღმოჩნდა. სიმღერა 2024 წლის აგვისტოში გამოვიდა და ნახევარი წლის შემდეგ პირველ ადგილს მიაღწია.
„2025 წლისთვის სიყვარულს, მშვიდობას და რაც შეიძლება მეტ სიხარულს გიგზავნით. მადლობა, რომ წლის დასაწყისი ჩემთვის ასეთი განსაკუთრებული გახადეთ.“ – მიმართა Lady Gaga-მ გულშემატკივრებს 7 იანვარს გამოქვეყნებულ TikTok ვიდეოში, N1 პოზიციის დაკავების შემდეგ.
ეს ტრიუმფის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა: როგორც მომღერალმა 2024 წლის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, Die With a Smile მისი ჯერ კიდევ უსათაურო LG7 პროექტის ტრეკლისტში „დაკარგულ ნაწილად“ მოიაზრებოდა. ჰიტი წლის დასაწყისში Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს ხუთი კვირის განმავლობაში იკავებდა, პარალელურად კი Lady Gaga-მ მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა დროის ათვლით, რომელიც 27 იანვარს ამოიწურა. ყველაფერი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩენილი ბილბორდებითა და ინსტაგრამზე ოფიციალური განცხადებით დასრულდა: „MAYHEM 7 მარტს გამოდის“.
იმ პერიოდში, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, Lady Gaga თითქმის ყველგან გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტის პრომოუშენი ჰქონდა, მისი ყურადღება უფრო მეტად ბუნებრივი კატასტროფებისა და მწვავე სოციალური პრობლემებისკენ იყო მიმართული. 30 იანვარს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე Lady Gaga-მ სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი სიმღერა All I Need Is Time შეასრულა. სიმღერა Lady Gaga-მ და მისმა საქმრომ, მაიკლ პოლანსკიმ, ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის მოსახლეობისთვის სპეციალურად დაწერეს.
2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე, Lady Gaga სცენაზე კვლავ ბრუნო მარსთან ერთად წარდგა. თუმცა, საკუთარი ჰიტის ნაცვლად, მათ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი და The Mamas and the Papas-ის ლეგენდარული California Dreamin შეასრულეს. როდესაც დუეტმა „საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის“ ნომინაციაში გაიმარჯვა, Lady Gaga-მ სამადლობელ სიტყვაში ტრანსგენდერებს მხარდაჭერა გამოუცხადა: „ტრანსგენდერი ადამიანები უხილავები არ არიან. ისინი სიყვარულს და მხარდაჭერას იმსახურებენ. მუსიკა სიყვარულია“.
2025 წლის 9 თებერვალს Super Bowl-ზე Lady Gaga კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ნიუ-ორლეანის ტერაქტის, ქარიშხალ „ჰელენისა“ და ლოს-ანჯელესის ხანძრების დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ბურბონ-სტრიტზე თავისი ოსკაროსანი ჰიტი Hold My Hand შეასრულა. (ამ ემოციურმა პერფორმანსმა Lady Gaga-ს მაისში სპორტული „ემი“ (Sports Emmy) მოუტანა).
მიუხედავად სოციალური აქტივობისა, Lady Gaga-მ ახალი ალბომისთვის Mayhem დრო მაინც გამონახა. გრემის სარეკლამო პაუზის დროს სიმღერისა და კლიპის, Abracadabra-ს ხმაურიანი პრემიერა შედგა. ქორეოგრაფიით დატვირთულმა პერფორმანსმა კი Lady Gaga კვლავ საცეკვაო პოპის სფეროში დააბრუნა. სიმღერა TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა და მას მხარდაჭერა ცნობილმა არტისტებმა, ROSÉ-მ და Halsey-მ გამოუცხადეს. სიმღერის დებიუტი Hot Dance/Pop Songs ჩარტში პირველი ადგილით შედგა.
ალბომის გამოსვლამდე Lady Gaga-მ სხვა პრომო აქტივობებიც განახორციელა. არტისტი ესტუმრა შოუს Hot Ones, ჟურნალ Vanity Fair-ის სიცრუის დეტექტორს, 15 თებერვალს კი SNL50-ის საიუბილეო კონცერტზე ჯასტინ ტიმბერლეიკი საკულტო სკეტჩში D–k in a Box-ში შეცვალა.
Lady Gaga-ს ალბომი Mayhem 2025-ის 7 მარტს გამოვიდა, რომელიც მომღერლის დამახასიათებელი კლასიკური ელემენტებით იყო დატვირთული: dark pop, საკუთარი თავის კვლევა, ზომბი თემატიკა, ეს ყველაფერი კი შემთხვევითი არ ყოფილა:
„მსურდა, მუსიკისთვის მიმეცა უფლება, სადაც სურდა, იქ წავეყვანე, ეს კი ჩემს ადრინდელ ნამუშევრებს მახსენებდა.” – განუცხადა არტისტმა Billboard-ის ჟურნალისტს, სტივენ დოს.
ალბომის გამოსვლის კვირაში მომღერალი Saturday Night Live-ს ესტუმრა, სადაც ერთდროულად წამყვანისა და მუსიკალური სტუმრის როლი მოირგო და ახალი ალბომიდან Abracadabra და Killah პირველად ცოცხლად შეასრულა .
ამ ყველაფერმა შედეგი მალევე გამოიღო და ალბომი Mayhem Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. ალბომმა სტრიმინგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა არტისტის მუსიკალურ კარიერაში, მისი 10 ტრეკი კი Hot 100-ში მოხვდა. გარდა ამისა, Mayhem სათავეში ჩაუდგა Top Dance Albums-ის ჩარტსაც, რითაც Lady Gaga-მ რეკორდი მოხსნა. ამ ჟანრში ეს მისი რიგით მერვე N1 ალბომია.
26 მარტს Lady Gaga-მ The Mayhem Ball ტური დააანონსა, 2018 წლის შემდეგ ეს მისი პირველი არენა ტურნე იყო.
მანამდე, ალბომის გამოსვლის შემდეგ, პირველი მასშტაბური ცოცხალი გამოსვლა Coachella-ზე შედგა, Lady Gaga აპრილში ფესტივალზე მთავარი გამომსვლელის სტატუსით წარდგა. Billboard-ის კრიტიკოსმა ლინდსი ჰევენსმა კი ფესტივალი ასე შეაფასა:
„ძალიან ემოციური საღამო იყო, სადაც Lady Gaga მრავალი ინტერპრეტაციით წარდგა. ეს ნიშნავს, იყო სუპერვარსკვლავი და ამავე დროს საკუთარი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარო, როგორც უდიდესმა არტისტმა.” – დაწერა კრიტიკოსმა და აღნიშნა, რომ ორსაათიან შოუში მთავარი აქცენტი ახალ ალბომ Mayhem-ზე იყო გაკეთებული.

იმავე თვის ბოლოს, Lady Gaga 13 წლის შემდეგ პირველად ტრიუმფით დაბრუნდა მექსიკაში. იგი მეხიკოს Estadio GNP Seguros-ზე 61 000 გულშემატკივრის წინაშე წარდგა. 4 მაისს რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე გამართულ უფასო კონცერტზე კი Lady Gaga-მ 2.5 მილიონი ადამიანის წინაშე იმღერა. აღსანიშნავია, რომ ეს ქალი არტისტის მიერ გამართული ყველაზე მასშტაბური კონცერტი იყო მსოფლიო ისტორიაში.
ივლისში ლას-ვეგასის T-Mobile არენაზე ტურნე The Mayhem Ball დაიწყო, რომელიც Billboard-ის ჟურნალისტმა ჯო ლინჩმა „თეატრალურ და გემოვნებიან სანახაობად“ შეაფასა. სექტემბრისთვის ტურნეს მხოლოდ ჩრდილოამერიკულმა ნაწილმა ბილეთების გაყიდვებით 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. Billboard Boxscore-ის მონაცემებით, ეს Lady Gaga-ს ტურნეების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ტურნედ დასახელდა.
7 სექტემბერს პოპვარსკვლავი ლონგ-აილენდის UBS Arena-ზე გამოჩნდა, სადაც MTV VMAs-ზე წლის არტისტის ჯილდო მიიღო, იმავე საღამოს კი მანჰეტენზე, Madison Square Garden-ში წარდგა. 3 სექტემბერს Lady Gaga-მ ახალი სიმღერა The Dead Dance და ტიმ ბარტონის რეჟისორობით გადაღებული ვიდეოკლიპი გამოუშვა.
9 დეკემბერს, Die With a Smile Billboard Hot 100-ის 2025 წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა. ეს Lady Gaga-სთვის პირველი შემთხვევა იყო, როცა წლის საბოლოო ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
არტისტმა 2026 წელიც საკმაოდ აქტიურად დაიწყო, ის გრემის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაციით არის წარდგენილი, მათ შორის სამ მთავარ კატეგორიაში: წლის ალბომი (Mayhem), წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა (Abracadabra). გარდა ამისა, ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ მაისში მას ფილმ The Devil Wears Prada-ს გაგრძელებაში ვიხილავთ.
ერთი რამ ცხადია: Lady Gaga პოპვარსკვლავობის მესამე ათწლეულს ითვლის, მისი გავლენა კი მუდმივად მზარდია. არტისტმა მარტში iHeartRadio Music Awards-ზე ინოვატორის ჯილდოს მიღებისას აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ სამყარომ შესაძლოა 30 წელს გადაცილებული ქალი პოპვარსკვლავი ხანდაზმულად მიიჩნიოს, ეს სრული აბსურდია… გპირდებით, რომ მე მხოლოდ ახლა ვიწყებ გახურებას.“
მოუსმინეთ Billboard-ის პოდკასტს: „2025 წლის უდიდესი პოპ-ვარსკვლავები: Lady Gaga“ და დაელოდეთ სიაში რიგით მეორე და პირველი არტისტების გამოცხადებას.