KANA-BOON NARUTO-ს საუნდტრეკის, SILHOUETTE-ის ხელახალ წარმატებაზე და ბენდის ახალ შემადგენლობაზე BILLBOARD იაპონიის ყოველთვიურ ინტერვიუში საუბრობს

ინტერვიუში KANA-BOON ბენდის ამჟამინდელი შემადგენლობასა და სიმღერა Silhouette-ის მნიშვნელობაზე გვიყვება.
KANA-BOON MADO UEMURA
KANA-BOON MADO UEMURA

Billboard იაპონიამ ყოველთვიური ინტერვიუების სერიის ფარგლებში KANA-BOON ჩაწერა. პროექტი აქტუალურ არტისტებსა და ახალ რელიზებზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ოთხწევრიანი პოპ-როკ ჯგუფის, KANA-BOON-ის 2014 წლის ჰიტი  – Silhouette ამჟამად უდიდესი წარმატებით სარგებლობს.

Silhouette ჯგუფის რიგით მეხუთე სინგლია, რომელიც მთავარი ლეიბლის მიერაა გამოცემული. სინგლი ანიმე-სერიალის, NARUTO Shippuden-ის მე-16 სეზონის მთავარი საუნდტრეკია. სიმღერა წლების განმავლობაში ანიმეს მოყვარულებში და ბენდის გულშემატკივრებში დიდი წარმატებით სარგებლობდა, როგორც იაპონიაში ასევე მსოფლიოში. 2025 წლის ოქტომბრიდან კი TikTok პლატფორმაზე და სხვა სოციალურ ქსელებში სიმღერა ახალ ტრენდად იქცა და ზედიზედ ცხრა კვირის განმავლობაში Japan Hot Animation ჩარტის ტოპ ათეულში იმყოფებოდა.  სიმღერა ასევე მოხვდა Global Japan Songs Excl. Japan-ის ჩარტის ტოპ 10-ში, რომელიც Billboard იაპონიის გლობალური ჩარტია და 250-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონს მოიცავს. გამოშვებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ კი ტრეკმა წარმატებას ხელახლა მიაღწია.

ბენდმა ახალი შემადგენლობით, რომელსაც ორი წევრი დაემატა, YouTube-ის THE FIRST TAKE არხზე სიმღერა Silhouette-ის ერთი დუბლით ჩაწერილი ვერსია წარადგინა. რთული პერიოდის გადალახვისა და ახალი წევრებით დაბრუნების შემდეგ, KANA-BOON-მა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ამჟამინდელი შემადგენლობა და რას ნიშნავს მათთვის დღეს Silhouette.

პირველ რიგში, შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ მიხვედით ამ ახალ შემადგენლობამდე?

მაგურო ტანიგუჩი (ვოკალი/გიტარა): როდესაც 2023 წლის დეკემბერში ბენდის წევრის წასვლის შესახებ განვაცხადეთ, თითქმის მაშინვე ორმა ადამიანმა პირად შეტყობინებაში მოგვწერა. მანამდე ერთმანეთს არასდროს შევხვედრილვართ და საერთოდ არ ვიცნობდით, მიუხედავად ამისა, მათ დახმარების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრების, საუბრისა და ორი წლის განმავლობაში სტუდიაში ერთად მუშაობის შემდეგ ამჟამინდელი შემადგენლობა ჩამოყალიბდა.

მასამი ენდო (ბასი): ჩვენ თავიდანვე ჩამოყალიბებულები ვიყავით, რომ KANA-BOON-ს ნებისმიერ ფასად შევინარჩუნებდით. როგორც კი ის ორი ადამიანი გამოჩნდა, ბუნებრივია, სამომავლო გეგმების დასახვა მათთან ერთად დავიწყეთ.

ტანიგუჩი: საბედნიეროდ, არ გვქონია პერიოდი, როცა მხოლოდ ორნი ვიყავით. სააგენტო და ლეიბლიც გვერდში დაგვიდგა,  საქმე მხოლოდ ოთხწევრიან ფორმატში გაგრძელების სურვილს არ ეხებოდა, ამ ორ მუსიკოსთან შეხვედრის შემდეგ გვქონდა განცდა, რომ გზა ამ ოთხეულით უნდა გაგვეგრძელებინა.

ანუ იოკოი და სეკი თავად დაგიკავშირდნენ პირად შეტყობინებებში. რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება?

იოკოი (გიტარა): როდესაც ბენდიდან წევრის წასვლის შესახებ ახალი ამბავი გავიგე, ვერ მოვითმინე და იმ ღამესვე შეტყობინება გავგზავნე. დაახლოებით ექვსი თვით ადრე შემთხვევით მოვხვდი KANA-BOON-ის კონცერტზე ერთ-ერთ პატარა დარბაზში. პირველად ვიხილე მათი ცოცხალი შესრულება, რამაც ჩემს წარმოდგენას გადააჭარბა… ეს იყო საოცრად ინტენსიური და ძალიან მაგარი სანახაობა. ეტყობა, ამან ჩემს ქვეცნობიერში კვალი დატოვა. მიუხედავად ამისა, პასუხს საერთოდ არ ველოდი. უბრალოდ მინდოდა, ჩემი სათქმელი გამეზიარებინა, თუნდაც ეს ცალმხრივი ყოფილიყო.

სეკი (დრამი): იმ დროს ფრილანსერად და დამხმარე მუსიკოსად ვმუშაობდი და ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი, როგორც დრამერის გზა მომავალში. როკი ჩემი სტილია და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. ბენდში, სადაც ადრე ვუკრავდი, აშკარად იგრძნობოდა KANA-BOON-ის გავლენა. შესაძლოა ქედმაღლურად ჟღერდეს, მაგრამ გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ამ ბენდში ძალიან მაგარ დრამს დავუკრავდი. ამიტომ, ჯერ ჩავწერე ვიდეო, სადაც Silhouette-ს ვუკრავდი და მათ პირად შეტყობინებაში გავუგზავნე. მაშინ მათ უკვე ჰყავდათ სხვა დამხმარე დრამერი, ამიტომ პირდაპირ არ შემითავაზებია ჩემი თავი. მე უფრო მაინტერესებდა, თუ რას ფიქრობდნენ ჩემს შესრულებაზე.  მათ ნახეს ვიდეო, შემდეგ კიდევ ექვსამდე ვიდეო გავუგზავნე და შეხვედრა შემომთავაზეს. შეხვედრისას კარგი ქიმია შედგა, ასაკითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან და გაჩნდა განცდა, რომ ეს შემადგენლობა ნამდვილად იმუშავებდა.

როგორი იყო რეაქცია მას შემდეგ, რაც ახალი შემადგენლობა გამოაცხადეთ?

ტანიგუჩი: ჯერჯერობით, არანაირი ნეგატივი.

იოკოი: მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურებებია.

ენდო: სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაოგნებულებიც კი ვართ.

ტანიგუჩი: მაგრამ ეს ალბათ იმის შედეგია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გავაკეთეთ. განსაკუთრებით იოკოისა და სეკის შრომაა დასაფასებელი. ზოგიერთი KANA-BOON-ს პირველად ეცნობა, ზოგი კი წლებია, თვალყურს გვადევნებს. გამოწვევა იყო ის, თუ როგორ მოგვეხდინა გავლენა და ამავდროულად, ბუნებრივად ვყოფილიყავით ბენდში. ჩვენ ეს შევძელით და სწორედ ამიტომ გვილოცავს ყველა. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ რთული პერიოდი გავიარეთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ოთხივემ ხანგრძლივი მომზადების შემდეგ მივაღწიეთ. ეს არის მადლიერებისა და სიამაყის ნაზავი  – იმის ცოდნა, რომ ამ სასტარტო ხაზზე საკუთარი ძალებით დავდექით.

დეკემბერში THE FIRST TAKE-ის Youtube არხზე ახალი შემადგენლობით  Silhouette-ის ერთი დუბლით ჩაწერილი ვერსია გამოვიდა. ამავდროულად, სიმღერამ, ბოლოდროინდელი ვირუსული პოპულარობის წყალობით, კვლავ უდიდესი ყურადღება მიიპყრო. რას გრძნობთ, როცა 10 წლის წინ გამოცემული სიმღერა დღესაც ასეთ პოპულარობას აღწევს?

ტანიგუჩი: სიმართლე გითხრათ, ყველა დეტალი ერთმანეთს ზედმეტად იდეალურად მოერგო. ცოტა საშიშიც კია,  არ ვიცი, როგორ ვთქვა. საკუთარ თავს რელიგიურ ადამიანად არ მივიჩნევ, მაგრამ მუსიკაში ზოგჯერ გეუფლება განცდა, რომ არსებობს რაღაც ღვთაებრივი, რომელიც ყველაფერს ზემოდან უყურებს. საერთოდ, ჩემი მუსიკალური გზა მაშინ დაიწყო, როცა თავი მეხდაცემულივით ვიგრძენი. მას შემდეგ მუსიკა არაერთხელ დამეხმარა რთულ მომენტებში და ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი ბედი მუსიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.  ამ ყველაფრის ფონზე, თითქოს მუზა დაბრუნდა, ბედმა გადმოგვხედა და ამ ორ ადამიანს შეგვახვედრა, Silhouette კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვირწმუნო, რომ რაღაც ამოუცნობი მოვლენის ეპიცენტრში ვარ.

შესაძლოა, ახლა ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, მაგრამ Silhouette დიდი ხანია, ბენდის სავიზიტო ბარათია. ჩარტები აჩვენებს, რომ მას მუდმივად უსმენენ როგორც იაპონიაში, ასევე საზღვარგარეთაც დიდი წარმატება აქვს სიმღერას, რაც კიდევ ერთი დასტურია ამ სიმღერის შინაგანი ძალის…

ტანიგუჩი: ჩვენ ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ, ამიტომ, ვფიქრობ, დასაშვებია, თუ ასეთ პატარა ჯილდოს მივიღებთ, თუმცა მაინც, სიტყვა „ამოუცნობი“ ყველაზე შესაფერისია. ეს არის ის ამოუხსნელი შეგრძნება, როცა ფიქრობ: „ვაჰ, ამას ხალხი მართლა უსმენს“. ჩარტების პოზიციებსა და კულტურულ გავლენებზე დიდად არ ვამახვილებ ყურადღებას, ჩემთვის ეს არის სიმღერა, რომელსაც ყოველთვის ვუკრავდით, ამიტომ განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ ვგრძნობთ. თუმცა, ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ ადამიანებისთვის ეს სიმღერა ნამდვილად განსაკუთრებულია.

ენდო: მას შემდეგ, რაც ბენდს მოგვიანებით შევუერთდი, Silhouette-ს მუდმივად ვუკრავ, თუმცა ის დღემდე საოცრად მაფორიაქებს. თითოეულ პარტიას თავისი სირთულე აქვს, ბასი თავის მხრივ ძალიან რთული არ არის, მაგრამ დაუფიქრებლად ვერ ვუკრავ. არის დღეები, როცა ვფიქრობ: „ეს საშინელება იყო“, და არის დღეები, როცა ვგრძნობ, რომ ეს Silhouette-ის  საოცარი შესრულება იყო.  აი, ასეთი მასშტაბის სიმღერაა. ყოველ ჯერზე ვხვდები, როგორი არაჩვეულებრივი სიმღერების ავტორია მაგურო ტანიგუჩი, ამავე დროს ვამაყობ, რომ ამ სიმღერას მეც ვუკრავ.

სეკი: რაც შეეხება სიმღერის აღორძინებას, ეს თავად მაგურო ტანიგუჩის, ბენდის დამფუძნებლისა და იმ გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ბენდი შეინარჩუნა. ბენდის პირვანდელ ორ წევრს შორის კავშირი კი იმდენად ღრმაა, რომ არ მგონია, მათ გარეშე ეს ყველაფერი მომხდარიყო.

იოკოი: მათ არასდროს დაუყრიათ ფარ-ხმალი და სწორედ ამიტომ ვართ აქ. მუსიკაში ყველაფრის ჩადება სულაც არ არის ადვილი, ამიტომ, როცა ამას „ჯილდოს“ უწოდებენ, მე მხოლოდ ვეთანხმები. ახლაც კი, ხელები მიკანკალებს, როცა Silhouette-ს ვუკრავ. ჩემმა სხეულმა იცის, რომ ამ სიმღერაში უამრავი ადამიანის ემოციაა ჩადებული და ის ყოველ დაკვრაზე ევოლუციას განიცდის. მისი გამოშვებიდან 10 წელზე მეტი დრო გავიდა და მგონია, რომ მას სიბერემდე დავუკრავთ.

რა ემოციები ჩადეთ იმ ახალ ტექსტში, რომელიც THE FIRST TAKE-ის შესრულებაში დაემატა?

ტანიგუჩი: სიმღერას ვერ აიძულებ, გახდეს განსაკუთრებული, მაგრამ  KANA-BOON-ს უკვე აქვს Silhouette და ამ სიმღერასთან ერთად არსებობს მძაფრი განცდა: „მიხარია, რომ გზა გავაგრძელეთ“. სწორედ ეს ჩავაქსოვე ფინალურ ნაწილში. იდეალურ შემთხვევაში, იმედი მაქვს, მსმენელისთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანი გახდება. ასევე სიმბოლურია, რომ მას მარტო მე არ ვმღერი. ის, რომ ჯგუფის წევრები ერთად ვმღერით, დიდ მნიშვნელობას ატარებს. თითოეული მათგანი მთავარი გმირია, თუმცა, ამავდროულად, ისინი მსმენელებიც არიან. მინდა, ხალხმა ამ სიმღერაში საკუთარი თავის დანახვა შეძლოს. ჩვენ აქ ვართ, თქვენც აქ ხართ და გამიხარდება, თუ ეს კავშირი შედგება.

თითოს გარდაუვალიც კია, რომ Silhouette – NARUTO Shippuden-ის გამხსნელ სიმღერად შეიქმნა. როგორც ცნობილია, ბენდის THE FIRST TAKE  შესრულება NARUTO მანგას ავტორმა, მასაში კიშიმოტომაც ნახა.

ტანიგუჩი:  მადლიერი ვარ. ვიცი, რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს გვადევნებდა.

ტაკუტო უედას ეს ინტერვიუ თავდაპირველად Billboard Japan-ზე გამოქვეყნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მგზავრებისა“ და TAHA-ს პირველი კოლაბორაცია  – „სახლი”

შემდეგი სტატია

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები უფროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავენ: „ძალიან გვიყვარხარ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.
მეტი
The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

HULU-ზე 50 CENT-ის შესახებ გადაღებული სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა

ჯერჯერობით უსათაურო ნამუშევარი მაყურებელს 50 Cent-ის ადრეული წლებიდან დიდ შემოქმედებით კარიერამდე და წარმატენულ ბიზნესმენობამდე განვლილ გზას აჩვენებს.
მეტი