დაჩი ბაბუნაშვილი – მუსიკაზე, თავისუფლებასა და საკუთარი ხმის ძიებაზე

ახალგაზრდა ქართველი არტისტი ჟანრობრივ თავისუფლებაზე, ბავშვობის ნოსტალგიასა და მუსიკის მთავარ დანიშნულებაზე Billboard საქართველოსთან საუბრობს.

ქართველი არტისტის, დაჩი ბაბუნაშვილის შემოქმედება პოპის, როკის, ჰიპ-ჰოპისა და R&B-ის მიმდინარეობებს აერთიანებს. მისი მუსიკალური სამყარო ერთგვარი ემოციების კოლაჟია, სადაც ჟანრობრივი მუსიკა ერთ მთლიან ორგანულ სივრცედ იქცევა. 

არტისტის თქმით, მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან გაუჩნდა, თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია. მის პირველ სცენად კი ოჯახური გარემო იქცა. 

„პატარაობიდან მიყვარდა სიმღერა. არასდროს მივლია ვოკალისტთან, მაგრამ დედაჩემმა და ჩემმა ძმამ ისეთი გარემო შექმნეს სახლში, რომ მეც ავმღერდი. გიტარაზეც ჩემით ვისწავლე დაკვრა. ქუჩის მუსიკოსობაც გამოვცადე და  მერე პირველი სიმღერაც დავწერე, სრულიად ინტუიციურად, თითქმის ნულოვანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნით. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გავიარე Ableton Live-ის კურსი და იმის მერე უამრავი სიმღერა შევქმენი.“

დაჩისთვის მუსიკა უპირველეს ყოვლისა გრძნობების გამოხატვის საშუალებაა და არა კონკრეტული სტილის ჩარჩოებში მოქცევა. როდესაც მის სიმღერებში ჟანრების ასეთ მრავალფეროვნებას ისმენ, ხვდები, რომ ეს ხელოვნური სინთეზი კი არა, ემოციების გამოვლინებაა. არტისტი საკუთარ თავს რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობასთან არ აიგივებს, თუმცა აღიარებს, რომ პოპ-როკის მელოდიურობა მისთვის განსაკუთრებით ახლობელია, რადგან ხმისა და ბგერების ფართო დიაპაზონი ბევრ შესაძლებლობას იძლევა: 

„ჩემთვის მთავარი შეგრძნებაა, ეს ემოციები კი ხანდახან რომელიმე ერთი მიმდინარეობის ჩარჩოებში უბრალოდ ვერ თვსდება. ბევრი ცნობილი ბენდისგან თუ სოლო შემსრულებლისგან გვესმის სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, მაგალითად Linkin Park-ისგან, Muse-ისგან, Twenty One Pilots-ისგან… თუმცა, ყველაზე კომფორტულად თავს მაინც პოპ-როკში ვგრძნობ. სადაც მეტი ვოკალი და მელოდიურობაა, მით უფრო მსიამოვნებს. ეს ჩემთვის ნაცნობი სივრცეა, სადაც შემიძლია ბგერებს ხან მოვეფერო და ხანაც მათი საშუალებით აგრესია გამოვხატო.“ 

ეს ემოციური მუხტი დაჩის მუსიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მისი შემოქმედება პირდაპირ ავლენს მის შინაგან სამყაროს, სადაც ადგილს თანაბრად პოულობს სევდაც და მხიარულებაც. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ვიწრო, პირადი განცდები, არტისტი მჭიდროდ არის დაკავშირებული გარესამყაროსთან, რომელიც სოციალურ ფაქტორებს, სამშობლოს სიყვარულს, სიხარულსა, ტკივილს  აერთიანებს.

„რადგან საავტორო სიმღერებს ვწერ – ვამბობ ჩემს სათქმელს და ეს პირდაპირ დამოკიდებულია ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე. როგორ შეიძლება, ქვეყანა გიყვარდეს, შენს სამშობლოს სტკიოდეს და შენ არ იზიარებდე?! როგორ შეიძლება, გიყვარდეს რაიმე ან ვინმე და არ ამღერდე?!…“

ნებისმიერი არტისტის იდენტობის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობენ ადამიანები, რომელთა მუსიკაზეც ისინი გაიზარდნენ. დაჩის მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა ისეთმა ლეგენდარულმა შემსრულებლებმა მოახდინეს, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი  და Muse. თუმცა მის შთაგონების წყაროებს შორის არის ჯასტინ ბიბერიც, რომელთან ერთადაც, გარკვეულწილად ეპოქა გაიზიარა და რაც მთავარია, ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც აზროვნებისა და სათქმელის სწორად ფორმულირების მთავარ გზამკვლევად იქცა არტისტისთვის. 

„ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ჯასტინ ბიბერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არტისტია. მის შემოქმედებასთან და დამოკიდებულებებთან ერთად გავიზარდე. ხშირად მოუცია მოტივაცია, არ გავჩერდე. ირაკლი ჩარკვიანი კი თითქოს მეხმარება იმ ენის პოვნაში, რომლითაც სათქმელი უნდა გადმოვცე. მაიკლ ჯექსონი  ჩემი პირველი შეხება იყო  არტისტიზმთან, მოძრაობასთან და მუსიკალურობასთან. ასევე, ის ჩემთვის უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოც იყო და მომწონს, როგორ დიდებულად აჟღერებდა სათქმელს.”

დაჩი ბაბუნაშვილის შინაგანი ტრანსფორმაცია ყველაზე მეტადაა ასახული მის ორ გამორჩეულ კომპოზიციაში –  „სახლში“ და „მდინარე“. სამომავლოდ კი არტისტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სინგლის, „ერთეულების“ გამოსვლას გეგმავს.

„სახლი ჩემს ბავშვობასთან სასაუბრო გარემოა, ჩემი ოთახი, რომელიც ჩემი აღარაა და უკვე წარსულია. ახლა ახალი დაჩი ვარ, მაგრამ ბავშვობის ემოციებით ვცხოვრობ, ეს არ იკარგება. „მდინარე” გამოხატავს ჩემი მხრიდან ახალ ძალას, საკუთარი თავის აღმოჩენას უფრო მკაფიოდ და მის ქცევას დინებად, რომელსაც გააჩნია თავისი ტემპი და სიმძლავრე. გარემოს, სადაც ბავშვობიდან გვხედავენ, გვიცნობენ, ახლა ვთავაზობ ჩემს ინდივიდს, რომელიც გაძლიერდა.

მიუხედავად დიდი ენთუზიაზმისა, ქართულ მუსიკალურ რეალობაში დამოუკიდებელი არტისტისთვის მუსიკალური გზა უამრავ დაბრკოლებასთან ასოცირდება. არტისტი ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსაც უსვამს ხაზს. მისი აზრით, დღეს მუსიკოსებს განსაკუთრებით აკლიათ ტექნიკური რესურსები, ფინანსური მხარდაჭერა და ცოცხალი მუსიკისთვის განკუთვნილი სივრცეები. თუმცა მიუხედავად ყოველივე ამისა, დაჩი გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ  დიდი გეგმები აქვს.

„კონცერტები საკმარისად ხშირად არ ტარდება. გვჭირდება მეტი ხელშეწყობა, მეტი პროფესიონალი და შესაძლებლობები, რომ ჩვენი სათქმელი უფრო დიდ აუდიტორიამდე მივიტანოთ.“

მომავლის გეგმები კი საკმაოდ ამბიციურია. დაჩის უკვე მზად აქვს რამდენიმე ახალი სინგლი და უახლოეს პერიოდში მათ გამოცემას, ლაივ კონცერტებს და ახალ კოლაბორაციებს გეგმავს.

დღეს, ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, სადაც ადამიანური განცდებისთვის სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება, დაჩი ბაბუნაშვილი თავისი მუსიკით მთავარი იდეის გადმოცემას ცდილობს: 

„ჩემი მუსიკის მთავარი სათქმელი სიცოცხლისუნარიანობა და ადამიანში არსებული სინათლის დანახვაა. ეს არის მაგალითი იმისა, რომ არ უნდა გაჩერდე და რომ ცხოვრებაში პოზიტიური განწყობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეგატიური. ადამიანები კი არ უნდა ცოცხლობდნენ, უნდა ცხოვრობდნენ და ირგებდნენ მთელი არსით სიცოცხლეს.“

დაჩი ბაბუნაშვილისთვის მუსიკა არა მხოლოდ თვითგამოხატვის ფორმა, არამედ მჭახე ბგერების სამყაროში ადამიანის შინაგანი ხმის ძიებაა, სწორედ ამიტომ არტისტი მუსიკაში არა სრულყოფილებას, არამედ სიცოცხლეს ეძებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ჰარაკში“ ლეიბლ OneOneWorld-ის და ჰიპ-ჰოპ გაერთიანება „კვალის“ ერთობლივი მუსიკალური საღამო გაიმართება

შემდეგი სტატია

ხვიჩა კვარაცხელიასა და ტაჰას დუეტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი