Daydreaming – ერთი სიმღერის ისტორია

“Daydreaming” – ეს არის ოდა მოძრაობაზე, არც წინ, არც უკან, არამედ შორს, პირველყოფილ წიაღში

ავტორი: თუთა ჯგუშია

წარმოიდგინე, რომ შენი ფსიქიკა ურბანული კონსტრუქციაა – უხმო და უძრავი ეკოსისტემა, რომელიც ფორმას შენი ტრაექტორიის და ხედვის არეალის მიხედვით იძენს. ან უნდა გაშეშდე, ან იმოძრაო. და ირჩევ დეზორიენტირებულ, ჰიპნოზურ მოძრაობას. გესმის მონოტონური ხმები, რომლებსაც შენი სხეული გამოსცემს და ყოველ სამ წამში მეორდება, ბგერის დაღმასვლა გაბნევს, ფეხქვეშ მიწას გაცლის. ეს ხმა არ არის, ლუპია.
ხედავ ადამიანებს, ისინი ვერ გამჩნევენ.
გვერდს უვლი საგნებს, ისინი არ აღიარებენ შენს საკუთრებას.
აღებ კარებს, მათი თვისება შენი შეკავებაა, ამიტომ მრავლდებიან, მაგრამ შენი გეზი ფიზიკის ყველა კანონზე მძლავრია და უკვე იცი, რომ ეს წასვლა გაფორმდება, როგორც დანაკარგის აღიარება. და დაიწყება კათარზისი.

ზუსტად 10 წლის წინ, 2016 წელს, Radiohead-მა ალბომ A Moon Shaped Pool-ის ცენტრალური კომპოზიცია, “Daydreaming” გამოუშვა.
სინგლის ოფიციალურ რელიზამდე ხუთი დღით ადრე, 2016 წლის 1 მაისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მთელი კონტენტი გაქრა, დარჩა მხოლოდ აბსოლუტურად ცარიელი, თეთრი გვერდი.

პარალელურად, ჯგუფის Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის პროფილის და გარეკანის ფოტოები თეთრი კვადრატებით შეიცვალა. მეტიც, მათ მთლიანად წაშალეს ყველა ძველი პოსტი და ისტორია. ტომ იორკმა საკუთარი პირადი Twitter-ის ანგარიშიც იმავე დღეს სრულად გაასუფთავა.

ამასთან, ჯგუფმა ბრიტანელ ფანებს სახლის მისამართებზე (ტრადიციული ფოსტით) გაუგზავნა ფიზიკური ღია ბარათები, სადაც ეწერა: “Sing a song of sixpence that goes / burn the witch / we know where you live” (იმღერე ექვსპენიანი სიმღერა, სადაც ამბობენ / დაწვით კუდიანი / ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობ.)

ამ ტაქტიკურ გაუჩინარებას და დამზაფრველ საფოსტო გზავნილებს ჯერ შოკისმომგვრელი “Burn the Witch” მოჰყვა, სულ რაღაც სამ დღეში კი მუსიკალურმა სამყარომ “Daydreaming” მოისმინა. ეს იყო დასტური, რომ Radiohead არა მხოლოდ ხმის ახალ ტექსტურებზე ატარებდა ექსპერიმენტებს, არამედ საკუთარ კატალოგში ყველაზე ინტიმურ და უკომპრომისოდ შიშველ ალბომს ამზადებდა.

“Daydreaming” იქცა პოლიტიკური ძვრებითა და ეგზისტენციალური შიშებით შეპყრობილი სამყაროს საუნდტრეკად, სადაც რეალობა იმდენად მძიმე იყო, რომ მასთან გასამკლავებლად კაცობრიობას კვლავ ფანტომური ძილის რეჟიმში გადასვლა სჭირდებოდა.
მულტიინსტრუმენტალისტმა ჯონი გრინვუდმა ეს კოლექტიური შფოთვა და ტომ იორკის პირადი, ღრმა კრიზისი ერთ დიდ, ბოლომდე ამოუხსნელ ნარატივად აქცია. რეჟისორმა პოლ თომას ანდერსონმა კი ეს ნარატივი უზუსტესი კინემატოგრაფიული სინტაქსით გადათარგმნა. სიზმრის ფენომენის ანდერსონისეული ინტერპრეტაცია დღეის მონაცემებით youtube-ზე 72 მილიონ ნახვას აჭარბებს.  

სიმღერის ჩაწერის პერიოდში ტომ იორკი დაშორდა თავის პარტნიორს, რეიჩელ ოუენსს, რომელთანაც 23 წელი იცხოვრა (რეიჩელი 2016 წლის ბოლოს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა). მუსიკის კრიტიკოსები იორკის ყრუ მონოლოგს სწორედ  ხანგრძლივი ურთიერთობის დასრულებას მიაწერენ. 

ამ და ყველა სხვა შემთხვევაში, “Daydreaming” – ეს არის ოდა მოძრაობაზე, არც წინ, არც უკან, არამედ შორს, პირველყოფილ წიაღში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

შემდეგი სტატია

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი