სინემატიკური ნოსტალგია – გაიცანით „ისინი”

წარმოგიდგენთ ზვიად მღებრისა და ია ჰონტასის ახალ მუსიკალურ პროექტს.
„ისინი”

ივნისის თვეში ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი პროექტი გამოჩნდა, საინტერესო სახელწოდებით „ისინი”. პროექტის უკან ორი ადამიანი დგას – ზვიად მღებრი და მისი მეუღლე ია ჰონტასი. მათი მუსიკა თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობისა და 70-იანი წლების ატმოსფეროს აერთიანებს. მსმენელი მასში შეხვდება დისკოს, დრიმ პოპს, ინდი პოპს, თუმცა თავად საკუთარ შემოქმედებას ერთი სიტყვის გარშემო ხედავენ – ნოსტალგია.

ზვიადი: ჩვენ გვაინტერესებს ნოსტალგია – არა როგორც წარსულში დაბრუნების სურვილი, არამედ როგორც განცდა. გვიყვარს ისეთი მუსიკის შექმნა, რომელიც თითქოს ნაცნობია, მაგრამ სინამდვილეში პირველად გესმის. თითქოს საუნდტრეკია ძველი ფილმის, რომელიც არასდროს გადაუღიათ. ალბათ ჩვენი პროექტიც ამ შეგრძნების გარშემო გაერთიანდა. თუ ერთი სიტყვით აღვწერთ „ისინის” მუსიკას, ეს იქნება სინემატიკური ნოსტალგია. 

თავად ზვიადი ფილმისა და ვიზუალური მედიის კომპოზიტორია და ახალი ბენდის იდეაც ერთგვარად მის პროფესიას ეხმაურება. ის ხმის დიზაინის ქართულ კომპანია POSTRED-ში მუშაობს, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით, როგორებიცაა HBO-ს სერიალები Euphoria და The Idol, „ნეტფლიქსის” პროექტები და სხვა.

2011 წელს ზვიადმა ალტერნატიული როკბენდი The Mins დააარსა. იასთან ერთად მას ასევე ჰქონდა ბენდი Shraves. საშემსრულებლო პაუზის შემდეგ კი ისინი მსმენელის წინაშე ახალი კონცეფციით დაბრუნდნენ.

ზვიადი: იდეა ნელ-ნელა ჩამოყალიბდა. იას ყოველთვის იზიდავდა ვიზუალური ამბების თხრობა და წერა. მივხვდით, რომ გვინდოდა ისევ შეგვექმნა რაღაც, რაც მთლიანად ჩვენი იქნებოდა – ადგილი, სადაც არანაირი ჩარჩო არ იარსებებდა და სრულიად ავთენტური იქნებოდა. ასე დაიბადა „ისინი”.

ია: თავიდანვე ისეთი სახელწოდება გვინდოდა, რომელიც პასუხებს კი არ გასცემდა, არამედ კითხვებს გააჩენდა. „ისინი” ქართულში ძალიან საინტერესო სიტყვაა – ვიღაცებზე საუბრობ, მაგრამ არ აკონკრეტებ. შეიძლება გულისხმობდე ადამიანებს, მოგონებებს, ემოციებს ან თუნდაც ჩვენს სხვადასხვა ვერსიას. ჩვენი გაცნობიდან მალევე, როცა ჩვენი ძველი პროექტი შეიქმნა, გამოვეცით პირველი სიმღერა „ისინი დარბიან” და აქედან წამოვიდა ახლანდელი ბენდის სახელწოდებაც. 

ზვიადი: ლოგოტიპშიც ძალიან ლამაზად ჩაჯდა, როგორც სამი ყვავილი – „არ დამივიწყო”, იგივე კესანე. და ზოგადად, მოგვწონს, რომ თითოეულ მსმენელს შეუძლია, ამ სიტყვაში თავისი მნიშვნელობა იპოვოს. 

კომპოზიციები და პროდიუსინგი ზვიადს ეკუთვნის, ტექსტები – იას, თუმცა მუშაობის პროცესი ყოველთვის ერთობლივად მიმდინარეობს. განსაკუთრებულია სამუშაო გარემოც – სოფლის სახლი, ბუნება, სიმშვიდე და მუსიკა.

ზვიადი: ზოგადად, „ისინის” ისტორიაც სოფელს უკავშირდება. იმ პერიოდში აქ სახლი შევიძინეთ და ხშირად დავდიოდით. მაშინ ბენდზე არც ვფიქრობდით, უბრალოდ სიმღერის წერა დავიწყეთ და ნელ-ნელა ვავითარებდით მას ლამაზი ბუნების ფონზე. ასე შეიქმნა ჩვენი პირველი სიმღერა „ესეც გაივლის”, რომელზე მუშაობაც რეალურად 2-3 წლის წინ დავიწყეთ. მერე უკვე სხვა სიმღერების იდეებიც მოგვდიოდა და მივხვდით, რომ გვინდოდა, შეგვექმნა მუსიკალური დუეტი.

ია: სიმღერის შექმნის ყველაზე საინტერესო ნაწილი ძიების პროცესია. საბოლოო შედეგი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი გზისა, რომელსაც თითოეული ნამუშევარი გადის, სანამ მსმენელამდე მივა. ჩვენ ძალიან პერფექციონისტული მიდგომა გვაქვს, რის გამოც საკმაოდ დიდი დრო გვჭირდება, რომ კომპოზიციას დასრულებული დავარქვათ.

ამჟამად ბენდი პირველ ვიდეოკლიპზე მუშაობს, რომელიც ივლისის ბოლოს გამოვა. მანამდე კი გულშემატკივარს სოციალურ ქსელებში მის ფრაგმენტებს უზიარებენ. აგვისტოში კი „ისინი” რიგით მეორე სიმღერას გამოსცემენ.

ზვიადი: ჩვენი მთავარი მიზანი არ არის უბრალოდ ბევრი სიმღერის გამოშვება. გვინდა, ადამიანებს შეეძლოთ, „ისინის” სამყაროში დაბრუნება ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს მუსიკას მოუსმენენ და ჩვენს ისტორიებსა და მელოდიებში თავიანთი ნაწილი იპოვონ. გვსურს, რომ ჩვენი სიმღერები მათი გახდეს და მათი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს სასიამოვნოდ დაუკავშირდეს. თუ ადამიანებს ჩვენი მუსიკით ემოციებს განვაცდევინებთ, ჩავთვლით, რომ მიზანს მივაღწიეთ.

„ისინი”
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

CHAOS – დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სინგლი

შემდეგი სტატია

NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი