FLOHIO – ლონდონური რეპის ენერგია „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის” სცენაზე

არტისტი ქართველი მსმენელის წინაშე 17 ოქტომბერს წარდგება.

FLOHIO-ს პირველად მოსმენისას გონებაში ორი რამ გრჩება: ბიტი, რომელიც ჰიპ-ჰოპისთვის მოულოდნელად ცივი, მეტალური და ელექტრონულია და ხმა, რომელიც მას არათუ არ ემორჩილება, არამედ ორმაგ ტემპში ეჯიბრება. ათწლეულის განმავლობაში ბრიტანული მუსიკალური პრესა უშედეგოდ ცდილობდა ამ ხმისთვის კონკრეტული ეტიკეტის მიკვრას: გრაიმი, დრილი, UK რეპი, ექსპერიმენტული ელექტრონიკა… თუმცა FLOHIO ყველა მათგანს მშვიდად და უკომპრომისოდ უარყოფს. მას არასდროს უცდია ვიწრო საზღვრებში დარჩენა. მისი ენა თავისუფლად მანევრირებს ბერლინურ ტექნოს, ინდუსტრიალს, IDM-სა და ამერიკული ტრეპის დამრტყმელ ლოგიკას შორის.

ფუნმი ოჰიოსუმა ლაგოსში დაიბადა. ცხრა წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში გადასახლდა – მუშათა კლასის უბანში, რომელიც მდინარე ტემზასა და სამხრეთ ლონდონის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არის მოქცეული. ბრიტანულ რეპს ის საკულტო სატელევიზიო არხ Channel U-ს მეშვეობით ეცნობოდა, სადაც შეუჩერებლად გადიოდა 2000-იანი წლების გრაიმის პირველი ტალღის კლიპები. ამავდროულად, ყურსასმენებში Eve-ისა და Lil Wayne-ის სამხრეთული, ტექნიკური ფლოუ ისმოდა, ოთახში კი, PlayStation-ზე, Final Fantasy-სა და Super Mario-ს 8-ბიტიანი საუნდტრეკები ირეოდა. სწორედ ეს სინთეზი იქცა მისი სტილის მთავარ ქვაკუთხედად. 

მუსიკალურ სცენაზე გამოჩენამდე FLOHIO გრაფიკულ დიზაინზე მუშაობდა და ეს გამოცდილება მისთვის შემთხვევითი ეპიზოდი არ ყოფილა. დღემდე ის თავად განაგებს საკუთარ ვიზუალურ ენას: მუსიკალურ ვიდეოებს, ყდების გაფორმებასა და სასცენო განათებას. ის არ არის არტისტი, რომლის იმიჯსაც რომელიმე მსხვილი ლეიბლის მარკეტინგული გუნდი ქმნის. FLOHIO თავის სამყაროს სრული ავტონომიით, Do-It-Yourself ეთიკით აშენებს.

მისი ხელწერა საბოლოოდ მაშინ გამოიკვეთა, როცა ბიტების ძებნა ჰიპ-ჰოპის ტრადიციული წრეების მიღმა, ანდერგრაუნდ ელექტრონული მუსიკის სიღრმეებში დაიწყო. 2016 წელს გამოსცა სადებიუტო EP, სახელწოდებით Nowhere Near, და ტრეკი Bands ლონდონურ პროდიუსერულ დუეტ God Colony-სთან ერთად. ბრიტანულმა პრესამ მყისიერად შენიშნა, რომ ეს იყო რეპი, რომელიც ინდუსტრიულ ტექნოსთან უფრო იდგა, ვიდრე კლასიკურ ბუმ-ბაპთან. ხოლო 2018 წელს გამოცემულმა სინგლებმა Watchout და 10 More Rounds, მოგვიანებით კი მინიალბომმა Wild Yout, მათ დაანახა შემსრულებელი, რომელსაც შეეძლო, ოთახში ჟანგბადი წამებში გადაეწვა. იმავე წელს Clams Casino-სთან და ბრიტანელ მულტიინსტრუმენტალისტ Cadenza-სთან თანამშრომლობამ მისი სახელი უკვე გლობალურ რუკაზე მონიშნა. შემთხვევითი არ ყოფილა არც ბერლინური ტექნო-დუეტის, Modeselektor-ის არჩევანი: მუსიკოსებმა, რომლებიც ტომ იორკთან მუშაობენ, სინგლისთვის Wealth სწორედ FLOHIO მიიწვიეს, რითაც საცეკვაო ელექტრონიკასა და ქუჩის რეპს შორის არსებული ბოლო ბარიერებიც წაშალეს.

2020 წლის მიქსტეიპი No Panic No Pain, რომელიც ძირითადად Cadenza-სთან ერთად ჩაიწერა, პანდემიური იზოლაციის პირმშო აღმოჩნდა – ინტროსპექტიული და თავშეკავებული, თუმცა შინაგანად ისეთივე დაძაბული. ხოლო 2022 წლის ალბომმა Out of Heart მისი შემოქმედებითი პალიტრა სრულად გახსნა. აქ FLOHIO ბავშვობის ოთახს დაუბრუნდა. კომპოზიციებში SPF, Cuddy Buddy და Grace მანამდე უჩვეულო მელოდიურობა, ემოციური სინაზე და დაუცველობა გამოჩნდა. მან ცხადყო, რომ აგრესიული, ფიზიკური შეტევა მისი ერთადერთი ენა არ არის. ეს იყო მუსიკოსის სიმწიფე, რომელმაც ფორმატი ისე გააფართოვა, რომ საკუთარი ბირთვი არ დაუკარგავს. შემდგომმა სინგლებმა Make It Bang და 8 Billion Realities ეს გზა კიდევ უფრო გაამყარეს და საკლუბო ფესვებს ახალი ძალით დაუკავშირეს.

განსაკუთრებით საინტერესოა არტისტის კავშირი თბილისთან. 2021 წელს მან ქალაქში თითქმის შეუმჩნეველი, მცირე მასშტაბის კონცერტი გამართა. ხუთი წლის შემდეგ კი, 17 ოქტომბერს, ქართველი მსმენელის წინაშე უკვე მეორედ წარდგება. თბილისის საკლუბო სცენა, რომელიც მძიმე, უკომპრომისო ტექნოკულტურაზეა აღზრდილი, მისი ჟღერადობისთვის იდეალური ბუნებრივი გარემოა. FLOHIO ის იშვიათი არტისტია, რომლის ენერგიასაც თანაბრად მიიღებს როგორც ელექტრონული მუსიკის, ასევე ჰიპ-ჰოპის აუდიტორია. 

სცენაზე ის ზედმეტი დეკორაციების გარეშე გამოდის – მხოლოდ თვითონ და DJ. ცოცხლად მისი შესრულება ჩანაწერზე გაცილებით სწრაფი, ხისტი და მძაფრია. ეს არ არის ალბომის მექანიკური გამეორება – ეს არის რიტუალი, სადაც ყოველი ტაქტი დარბაზში პირდაპირ ფიზიკურ იმპულსად ითარგმნება.

სწორედ ამიტომ, „თბილისის ჰოპ-ჰოპ ფესტივალზე”, Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში, FLOHIO-ს გამოჩენა უნიკალურ კულტურულ დიალოგს ქმნის. ერთ საღამოს ერთმანეთს ორი გლობალური პოლუსი შეხვდება: ერთი მხრივ, ბრუკლინის კლასიკური conscious სკოლა Talib Kweli-ს სახით და მეორე მხრივ, სამხრეთ ლონდონის ფუტურისტული ხმა, რომლისთვისაც სიტყვა და მძიმე ელექტრონული ბიტი ერთიანი, განუყოფელი ენერგიაა. ეს იქნება ჰიპ-ჰოპის განსხვავებული განზომილებები ერთ სცენაზე.

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Drake Joseph Okpako/WireImage

Drake – Fear of Missing Out-ის თიზერს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი BIAFF 2026 იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი