„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ძველი ჩანაწერების გაცოცხლების პროექტს განაგრძობს. ამჯერად, ლეიბლმა ფირფიტების ლიმიტირებული ტირაჟით შავი პრინცის და ძებნილების ალბომი, სახელწოდებით „იძებნება” გამოსცა. ალბომის 1998 წელს ჩაიწერა. 25 წლის შემდეგ, ეს ჩანაწერი ქართული ჰიპ-ჰოპ მუსიკის ის ნამუშევარია, რომელიც დავიწყებას არ მისცემია. შავი პრინცის და ძებნილების ტრეკები 2000-იანი წლების ჰიტებად იქცა: ისინი ისმოდა რადიოში და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოები ქვეყნის პირველ მუსიკალურ არხებზე გადიოდა.
შავი პრინცის და ძებნილების, როგორც მუსიკალური პროექტის დაარსება ქუთაისს უკავშირდება. სწორედ აქ დაწყებულმა მოძრაობამ ჩაუყარა საფუძველი არაერთ ალტერნატიულ მუსიკალურ მიმდინარეობას, მათ შორის: ჰიპ-ჰოპ მოძრაობას. ჰიპ-ჰოპის პიონერების წარმომადგენელი იყო კაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, რომელმაც ახალგაზრდა მოცეკვავეები და MC-ები შემოიკრიბა და ჯგუფი „ძებნილები“ დააარსა.
ჯაბა შავიშვილი, „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი:
„90-იანი წლებში დაბადებული თაობის ისეთი წარმომადგენელი არ მეგულება, რომლისთვისაც შავი პრინცი მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის. ამ ადამიანმა საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურა შემოიტანა. ამაში მას დაეხმარნენ თანამოაზრეები, მათ შორის Bajoo, Chi და ასე შემდეგ. შეუძლებელია, რომ ჩვენს გამოცემებს შორის ეს ჩანაწერი არ ყოფილიყო. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ცდილობს, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ალბომები გამოსცეს და როდესაც საქმე ჰიპ-ჰოპზე მიდგა, პირველი ცხადია შავი პრინცი გაგვახსენდა.”
ფირფიტის პრეზენტაცია ტრადიციულად Mutant Radio-ს სივრცეში შედგა. საღამო წარდგენას და მუსიკალურ ნაწილს მოიცავდა. პრეზენტაციას ფრედო ბაბანი და ჯერონიმო ესწრებოდნენ.
ფრედო, ჰიპ-ჰოპ არტისტი:
„ჩვენი ჩანაწერი 90-იან წლებში კასეტაზე გამოვიდა, მისი ვინილზე გამოცემა კი, ძალიან დიდი ნახტომია. ის, რაც დღეს ხდებოდა შავ პრინცს რომ ენახა წარმოუდგენლად გახარებული იქნებოდა.“
ჯერონიმო, ჰიპ-ჰოპ არტისტი:
„ამ ფირფიტის გამოცემა მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ამ ჩანაწერს უსმენდა და უყვარდა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამ ყველაფერთან საერთოს პოულობდა, პოულობს და მომავალში იპოვის. ჰიპ-ჰოპი ჩემთვის ყოველთვის თანამოაზრეების ძიების და საკუთარ თავში გამორკვევის ინსტრუმენტი იყო.“
როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ წარმომადგენლები აფასებენ, ჰიპ-ჰოპი დასავლური მუსიკალური ფორმაა, თუმცა შავი პრინცისა და ძებნილების ჰიპ-ჰოპი ქართული სინამდვილის ანარეკლი იყო. მას სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია ახასიათებდა, რაც „შავი პრინცისა და ძებნილების რეპს თბილისელი კოლეგებისგან განასხვავებდა. „იძებნება“ კი სწორედ ის ალბომია, რომელიც დღემდე ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკად რჩება.
რაც შეეხება „ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას“, ის ფირფიტებზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. ამ გზით პროექტი ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამავალი პერიოდის ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენას ისახავს მიზნად.
„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ სხვადასხვა ალბომს ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს.