მაქსიმე მაჩაიძემ მუსიკალური ვიდეო წარადგინა. ERC721 ასე ჰქვია ტრეკს, რომლის რეჟისურა თავად არტისტს და გიორგი ზათიაშვილს ეკუთვნის. ვიზუალური ნამუშევარი Temple Pharmacy-ის კონცეფციის ერთგვარი გამოხატულებაა.
Temple Pharmacy ახალგაზრდა არტისტების ჯგუფია. ამ პროექტის კონკრეტული განსაზღვრებებით აღწერა რთულია – ეს არის სივრცე, სადაც გაერთიანებული ხელოვანები ამბებს სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით ჰყვებიან. ანიმაცია, კომიქსები, ტანსაცმლის დიზაინი, NFT ავატარები, ლიტერატურა, მუსიკა. Temple Pharmacy-სათვის მუსიკა გარემოსთან კომუნიკაციის ის ფორმაა, რომელიც ყველა შემადგენელ კომპონენტს თავის თავში მოიცავს.
როგორც ვიდეოს თანარეჟისორი, გიორგი ზათიაშვილი „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნავს, კლიპზე მუშაობისას ერთი კონკრეტული იდეა არ ყოფილა. ამ ნამუშევარმა Temple Pharmacy-ის ირგვლივ გაერთიანებული არტისტების ყოველდღიურობა, ინტერესები და ცხოვრების სტილი აღწერა.
გიორგი ზათიაშვილი:
„კლიპს ოთხი დღე ვიღებდით, ყველაზე რთული პრე-ფროდაქშენის ნაწილი იყო, ბევრი იდეა გვქონდა, რომლებიც უნდა გაფილტრულიყო. ვიდეოში ნაჩვენები ყველა დეტალი Temple Pharmacy-ის ირგვლივ შეკრებელი ადმიანების ცხოვრების სტილის ბუნებრივი ნაწილია. არსებული გადასაღები ლოკაციები ის ადგილებია, სადაც რეალურად ვატარებთ, ან ადრე ვატარებდით დროს. გარდა, ამისა შევქმენით ისეთი ოთახები, სადაც გავატარებდით დროს. მაგალითად, კლიპის გამხსნელი კადრი ის სადარბაზოა, სადაც მაქსი ცხოვრობდა. ერთ-ერთი ლოკაციის შერჩევისას კორპუსის ეზოში გავიარე, სადაც დავინახე ბავშვი, რომელიც იჯდა და მობილურში მაქსის ტრეკს უსმენდა, სწორედ აქ გადავიღეთ ბავშვების სცენა. ქასთის არჩევა ძალიან მარტივი იყო, რეალურად ყველა ვინც ვიდეოში გადავიღეთ, ჩვენი სანაცნობო, ან სამეგობრო წრიდან არის.”
ვიდეოს ფროდაქშენზე კომპანია Metro Production-მა იმუშავა.