June – დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერაც 16 იანვარს Paramount + -ზე შედგება, ჯუნ კარტერ კეშის ექსტრაორდინარულ ცხოვრებას ასახავს. კარტერ კეში იყო ქანთრი მუსიკის პიონერის Carter Family-ის წევრი, 5 გრემის მფლობელი, კლასიკად ქცეული Ring of Fire-ის თანაავტორი და ჯონი კეშის მეუღლე.
დოკუმენტური ფილმი მოიცავს კარტერ კეშის იშვიათ და აქამდე გამოუქვეყნებელ კადრებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ დოლი პარტონი, უილი ნელსონი, კეისი მასგრეივსი და რიზ უიზერსპუნი, რომელმაც 2006 წელს ოსკარი მიიღო კარტერ კეშის როლისთვის ფილმში Walk the Line.
ჯუნ კარტერ კეში, რომელიც 2003 წელს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, Billboard-ის ქანთრი სინგლების ჩარტში ერთხელ მოხვდა, როგორც სოლო არტისტი – 1971 წელს სიმღერით A Good Man. უფრო დიდი წარმატება მას ჯონი კეშთან დუეტმა მოუტანა, რომელიც ოთხჯერ მოხვდა ტოპ ათეულში. Ring of Fire კი, რომლის თანაავტორიც კარტერ კეშია, ქანთრის ჩარტში 1963 წელს შვიდი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.
June-ის პრემიერა DOC NYC ფესტივალზე 12 ნოემბერს შედგა. 16 იანვარს აშშ-ის პრემიერის შემდეგ კი ფილმი ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.