2024 წლის იანვრის დასაწყისში რეპერმა სასცენო სახელით 21 Savage თავისი სტუდიური ალბომის, American Dream-ის სახელით დაანონსებული ბიოგრაფიული ფილმის ტრეილერი წარადგინა. აღნიშნულ ვიდეოში დონალდ გლოვერი გამოჩნდა. ახლახან არტისტმა ინტერვიუში გაამხილა, რომ ფილმის გადაღება არ იგეგმება და გავრცელებული ტრეილერი ერთგვარი პაროდია იყო, რომელიც ალბომის პიარს ემსახურებოდა.
„არა, ეს მხოლოდ პაროდია იყო. შესაძლოა ეს დღე მართლაც დადგეს, თუმცა ახლა [ბიოგრაფიული ფილმი] ყველას გააღიზიანებს. ხალხი იტყვის – რისთვის იმსახურებს 21 Savage ფილმს?” – აღნიშნა რეპერმა.
მუსიკოსმა ტრეილერი სახელწოდებით American Dream: The 21 Savage Story ალბომის გამოცემამდე გამოაქვეყნა. ე.წ. ბიოგრაფიული ფილმის პრემიერის თარიღად 4 ივლისი იყო მითითებული. ანოტაციის მიხედვით, “დაანონსებული ფილმი” მოჰყვებოდა ისტორიას, თუ როგორ იქცა ბრიტანელი Savage რეიტინგების ლიდერ არტისტად.
ტრეილერის გავრცელებასთან ერთად სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი. მაგალითისათვის, მაყურებელი ელოდა, რომ ახალგაზრდა Savage-ის როლს სერიალ Stranger Things-ის ვარსკვლავი, ქეილებ მაკლაფლინი შეასრულებდა. რაც შეეხება დონალდ გლოვერს, ის რეპერს ზრდასრულ ასაკში განასახიერებდა.
სანამ ფანები სიმართლეს გაიგებდნენ და აღმოაჩენდნენ, რომ დაანონსებული ფილმი მხოლოდ მარკეტინგული კამპანიის ნაწილი იყო, 21 Savage-ის ალბომი გამოიცა და წარმატებასაც მიაღწია. American Dream გამოცემიდან მალევე Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა.
ნახეთ ინტერვიუ, სადაც 21 Savage ამხელს, რომ დაანონსებული ფილმის ტრეილერი სინამდვილეში ერთგვარი პაროდიაა და ბიოგრაფიული ნამუშევრის გამოცემა არ იგეგმება: