ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, დუა ლიპა და ამერიკელი რეპერი Megan Thee Stallion ახალ ერთობლივ კომპოზიციას Sweetest Pie და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. მუსიკოსებმა საერთო ნამუშევარი მარტის დასაწყისში ინსტაგრამზე დააანონსეს.
“ეს შენი ცხოვრების გზაა. მოითმინე, რადგან შესაძლოა, ყველაზე ტკბილი ღვეზელი გიწილადო”, – მღერის დუა ლიპა.
დუა ლიპა ამჟამად ამერიკაში ტურნეს Future Nostalgia მართავს. მეგანი მას სამ კონცერტზე დენვერში, ტულსასა და ფენიქსში შეუერთდება, სადაც ისინი ახალი კომპოზიციის ერთობლივად შესრულებას შეძლებენ.
სამი გრემის მფლობელმა დუა ლიპამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ალბანური წარმოშობის ინგლისელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2017 წელს გავრცელებულმა სინგლმა New Rules მოუტანა, რომლის კლიპმაც იუთუბზე 2,6 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ამავე წელს გამოსული სადებიუტო ალბომის Dua Lipa შემდეგ, არტისტმა 2020 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი Future Nostalgia გამოაქვეყნა.
მეგან ჯოვონ რუთ პიტმა კი მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი შესთავაზა, თუმცა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. ჰიუსტონელი რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო, მომდევნო წელს კი მეგანმა კიდევ ერთი ჩანაწერი SUGA გამოუშვა. მასში წარმოდგენილმა კომპოზიციამ Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. 2020 წელსვე მუსიკოსის სადებიუტო და ამ დრომდე ერთადერთი სტუდიური ალბომი Good News გამოიცა.