სტივი უანდერი, ფანტაზია ბარინო, ენი ლენოქსი და ჯონ ბატისტი მიაგებენ პატივს გარდაცვლილ მუსიკოსებს 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება. უმეტეს მათგანს გარდაცვლილ შემსრულებლებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.
სტივი უანდერი პატივს მიაგებს ტონი ბენეტს, რომელთან ერთადაც ბენეტის გრემის მფლობელ ალბომში Duets: An American Classic შესრულებული აქვს სიმღერა For Once in My Life. 2007 წელს გრემის ჯილდო დაიმსახურა თავად მუსიკოსების დუეტმაც ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალური თანამშრომლობა”.
ფანტაზია ბარინო თავის გამოსვლას ტინა ტერნერს მიუძღვნის. მომღერალმა American Idol-ის მესამე სეზონის ერთ-ერთ ტურში სწორედ ტერნერის 1960 წლის ჰიტი A Fool in Love შეასრულა. ფანტაზიას სცენაზე ოპრა უინფრი წარადგენს. 2023 წელს მათ ერთად იმუშავეს ფილმზე The Color Purple. ოპრა ფილმის თანაპროდიუსერი, ფანტაზია კი მთავარი როლის შემსრულებელია.
თავად ტერნერი არაერთხელ ყოფილა ოპრა უინფრის შოუს სტუმარი. ოპრა კი, თავის მხრივ, ტერნერის 1997 წლის ტურნეში მონაწილეობდა, სადაც მომღერალთან ერთად სცენაზე ცეკვავდა და მღეროდა კიდეც.
ენი ლენოქსი შინეიდ ო’კონორს მიაგებს პატივს. სცენაზე მას შეუერთდებიან ვენდი მელვოინი და Prince & the Revolution-ის წევრი ლიზა კოლმენი. ო’კონორის ყველაზე დიდი ჰიტი სწორედ Prince-ის Nothing Compares 2 U გახდა, რომელიც პირველად ჯგუფმა The Family 1985 წელს ჩაწერა. სოლო და ბექ-ვოკალს მაშინ სწორედ ვენდი მელვოინის ტყუპი და, სუზანა მელვოინი მღეროდა.
ჯონ ბატისტი კი გრემის სცენაზე კლარენს ავანტის პატივსაცემად წარდგება. ავანტს ხშირად „შავ ნათლიასაც” უწოდებენ, რადგან მან შავკანიანი პროდიუსერებისა და შემსრულებლების თაობები აღზარდა. მემორიალურ სეგმენტში მონაწილეობას მიიღებს ლენი კრავიციც და ბატისტს სცენაზე სწორედ ის წარადგენს. კრავიცი და მერაია ქერი ამ წლის Global Impact Award-ის ჯილდოს მფლობელები გახდნენ, რომელსაც The Black Music Collective გადასცემს.