ჯგუფ Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ებრაელ არტისტთან, დუდუ ტასასთან კოლაბორაციული პროექტის და ისრაელში გამართული კონცერტის გამო კრიტიკის ადრესატი გახდა. მუსიკოსებმა 26 მაისს თელ-ავივში კონცერტი გამართეს, რასაც სოციალურ ქსელში მწვავე რეაქციები მოჰყვა.
გრინვუდი და ტასა 2008 წლიდან თანამშრომლობენ. როგორც გიტარისტი აღნიშნავს, ეს კოლაბორაცია განსხვავებულ კულტურებს და რელიგიებს აერთიანებს, რაც მისთვის, როგორც ხელოვანისათვის, მნიშვნელოვანია. „ჩვენ მუსიკოსები ვართ და არა პოლიტიკოსები,” – აღნიშნავს ჯონი გრინვუდი კრიტიკის საპასუხოდ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯონი გრინვუდის და დუდუ ტასას კონცერტის შესახებ საუბარი სოციალურ ქსელში დაიწყო, აქტივისტთა მოძრაობა BDS ( „Boycott, Divestment and Sanctions”) იყო. გაერთიანება მხარს უჭერს პალესტინელ ხალხს. ის მსოფლიო ლიდერებს ისრაელის ქმედებების დაგმობისა და საპასუხო რეაქციისკენ მოუწოდებს. BDS-მა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გაავრცელა. განცხადების ადრესატი ჯგუფი Radiohead იყო. მოძრაობა ბენდისგან მოითხოვს, მომხდარს გაემიჯნოს და ეს პოზიცია მკაფიოდ იყოს გამოხატული.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში ჯონი გრინვუდი ისრაელის მხარდამჭერ საპროტესტო შეკრებაზეც დააფიქსირეს, რომლის მონაწილეები ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელის 120 მოქალაქის განთავისუფლებას ითხოვდნენ. გამოცემა Jerusalem Post-ის მიხედვით, გრინვუდი დაქორწინებულია ებრაელ არტისტზე, შარონა კატანზე, რომლის ოჯახმა ერთ-ერთი წევრი სამხედრო ოპერაციებს დროს დაკარგა.
ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე და პალესტინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ. მათ შორის არიან მუსიკოსები დუა ლიპა, ჯგუფი Paramore და სხვები.
რაც შეეხება ჯონი გრინვუდის განცხადებას, გიტარისტი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც ხელოვანისათვის, მშვიდობა უპირველესი პრიორიტეტია. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გარშემო სიკვდილი და ადამიანების ტანჯვა შევაჩეროთ,” – წერს გრინვუდი. მუსიკოსი ასევე დასძენს, რომ ებრაელი არტისტების მხოლოდ მათი ეროვნების გამო გაჩუმება ამ კონფლიქტის პირობებში არასწორი მიდგომაა.
წაიკითხეთ ჯონი გრინვუდის ღია წერილი, რომლითაც ის კრიტიკას გამოეხმაურა:
https://t.co/BcqpR8cOUH pic.twitter.com/TBrCbCleBS
— Jonny Greenwood (@JnnyG) June 4, 2024