თბილისში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს

ფესტივალი 7 ივნისს დაიწყო და 19 ივნისს დასრულდება.

თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს. ფესტივალი 2023 წელს დაარსდა და ის მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის სახელს უკავშირდება. ღონისძიების დამფუძნებელია „თორაძეების ფონდი” კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართულ გალობასთან” ერთად. 

ფესტივალის ფარგლებში თბილისს არაერთი მსოფლიო დონის მუსიკოსი ეწვია. წელს ასევე შედგა ლექსო თორაძის შემოქმედებაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაციაც, რომლის ავტორებიც მუსიკოლოგები თამარ ნასიძე და თამარ ქერეჭაშვილი არიან. კონცერტების გარდა, ღონისძიება დატვირთულია მასტერკლასებით ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. ფესტივალის შესახებ Billboard საქართველოს თიკა რუხაძე ესაუბრა.

თიკა რუხაძე – თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დირექტორი:

„ფესტივალის დამფუძნებლის, ნინო თორაძის, სამხატვრო ხელმძღვანელის, ედიშერ სავიცკისა და მთელი საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ფესტივალი მთლიანად მიმართულია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაზე და მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ თორაძეებმა განაგრძონ მომავალ თაობებზე ზრუნვა. „თორაძეები მომავლისთვის” – ეს არის ჩვენი სლოგანი. მოგეხსენებათ, რომ დავით და ლექსო თორაძეები, გარდა საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნებისა, პედაგოგებიც იყვნენ და ძალიან დიდ დროს უთმობდნენ ახალგაზრდებთან მუშაობას. ლექსომ 40-მდე ახალგაზრდა წაიყვანა საქართველოდან ამერიკაში და გაუხსნა გზა არა მხოლოდ სწავლის, არამედ შემდგომში შემოქმედებითი კარიერის ასაწყობად. ასე რომ, ბუნებრივიცაა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ფესტივალი სწორედ ამ ფორმით გაკეთდა. ადგილზე საფესტივალო ზეიმის მოწყობის გარდა, ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი პერსპექტივის მიცემაა. უკვე მეორე წელია, რაც ალაბამას უნივერსიტეტიდან, რომელთანაც ფესტივალს გაფორმებული აქვს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, აქტიურად ჩამოდიან მუსიკოსები. ახლაც ჩამოსულია 12 მუსიკოსისგან შემდგარი დელეგაცია იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს გაუზიარონ გამოცდილება, ჩაუტარონ მასტერკლასები და ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა კონცერტებში. ამასთანავე, ფესტივალი ქართველ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, წავიდნენ ალაბამაში და იქ სრულიად უფასოდ ისწავლონ. ედიშერ სავიცკი თავად გახლავთ ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი და სწორედ მისი დამსახურებით, უკვე მეორედ ჩამოგვყავს მათი წარმომადგენლები, რათა აქ შეარჩიონ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც წაიყვანენ და უფასოდ მისცემენ განათლებას. ეს უდიდესი მასშტაბის პროექტია და მადლობა ამისთვის ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკალურ სკოლას. 

საფესტივალო პროგრამას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი წიგნის პრეზენტაცია ლექსოზე, ასევე ჩამოვიტანეთ ფილმი რახმანინოვზე, ჩვენი პარტნიორისა და ფესტივალის მრჩევლის, ეტორე ვოლონტიერის დახმარებით და მოეწყო ძალიან სერიოზული კინოგანხილვა. რაც მთავარია, 9-ში დაიწყო ლექსოს მარათონი, რომლის ფარგლებშიც 10 საათის განმავლობაში გაუჩერებლად ჟღერდა მუსიკა კონსერვატორიის დიდ დარბაზში. მარათონში მონაწილეობდნენ ლექსოს სტუდენტები, დაწყებული ალექსანდრე კორსანტიათი, დამთავრებული უცხოელი პიანისტებით, რომლებიც საქართველოში ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. წელს, უკვე შემდგარ არტისტებთან ერთად, სცენაზე ჩვენი შარშანდელი სტიპენდიატებიც იდგნენ და ეს ყველაფერი ნინოს და ედიშერის ძალისხმევით გაკეთდა. ეს არის  ერთ სივრცეში, ერთ სცენაზე და ერთობლივად გაკეთებული მარათონი, სადაც პიანისტები ერთმანეთს ენაცვლებიან და ქმნიან უნიკალურ შესაძლებლობას, მოისმინონ სხვადასხვა მუსიკოსის მიერ დანახული ერთი ავტორი, სხვადასხვა ემოციით. ძალიან საინტერესო მიგნებაა, რასაც თავად ლექსო აკეთებინებდა მსოფლიოს გარშემო თავის სტუდენტებს და ეს იყო ძალიან რეზონანსული პროექტი.

11 და 13 ივნისს შედგა ორი არაჩვეულებრივი პიანისტის, კრისტიან ბლექშოუსა და ელისაბედ ლეონსკაიას სოლო კონცერტები. დარბაზი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ამ არტისტების შესრულების მანერის შეფასებისას.  

12 ივნისს ასევე არაჩვეულებრივი კონცერტი მივუძღვენით თანამედროვე მუსიკას და მათ შორის სოსო ბარდანაშვილს, რომლის ნაწარმოებებიც ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა. ხოლო მეორე განყოფილება დაეთმო ასევე თანამედროვე მსოფლიო სახელს, გაბრიელ პროკოფიევს, რომელმაც საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებები წარმოადგინა. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელმაც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძალიან გაამართლა. ასევე გამორჩეული კონცერტი გვქონდა 16 ივნისს უნგრელი დირიჟორის, გერგელი მადარასის ხელმძღვანელობით.

19 ივნისს კი ფესტივალის დამაგვირგვინებელი საღამო შედგება – კონცერტი მაესტრო პაავო იარვის ხელმძღვანელობით, რომელიც პირველად იდირიჟორებს საქართველოში. დასკვნით კონცერტზე დაუკრავს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 5 წლის წინ ჩვენს ხელში, ეროვნულ სასახლეში დაფუძნდა. ამ პროექტში ჩართული იყო თბილისის მერია და მიხარია, რომ ასეთ მცირე დროში ორკესტრს გია ყანჩელის სახელი მიენიჭა და უკვე ძალიან დიდ სახელებთან და პროექტებთან არის დაკავშირებული. 19 ივნისის კონცერტისთვის ახალგაზრდები ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა, მირიან ხუხუნაიშვილმა მოამზადა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი მათ რეპეტიციებს მაესტრო პაავო იარვი უტარებს, რაც ახალგაზრდებისთვის ნამდვილად ფასდაუდებელი გამოცდილებაა. ამ დღისთვის ახალგაზრდულ ორკესტრს, ასე ვთქვათ, გააძლიერებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკოსები. მაესტრო პაავო იარვიმ შეარჩია არაჩვეულებრივი პროგრამა და ვფიქრობთ, რომ ამ ორკვირიანი ფესტივალის დახურვა ნამდვილი ზეიმი იქნება.

გარდა ამისა, ეს საღამო კულმინაციური იქნება იმითაც, რომ სწორედ აქ გამოვლინდებიან 2024 წლის ფესტივალის ახალი სტიპენდიატებიც. ასე რომ, გვექნება ბევრი სიურპრიზი, საჩუქარი და, ასე ვთქვათ, ემოციებით დატვირთული ფინალი. მადლობა მინდა გადავუხადო მედიას ინტერესისთვის და თორაძეების ფესტივალის ყველა მხარდამჭერს, პარტნიორსა თუ შემომწირველს. გვჯერა, რომ მუსიკა აერთიანებს და ჩვენ ყველანი ერთად ბევრს გავაკეთებთ მომავალი თაობებისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე და სინტია ერივო ფილმიდან Wicked

არიანა გრანდე სიმღერა Popular-ის ფრაგმენტებს Wicked-ის ტრეილერში ასრულებს

შემდეგი სტატია

ASAP Rocky შვილებთან ერთად Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი
ანდრეა ბოჩელი Andrea Bocelli Foundation

ანდრეა ბოჩელის ინკლუზიური ჩართულობისთვის ჯილდო გადაეცემა

ჯილდოს Ruderman-ის ფონდი აწესებს, რომელიც წარსულში სელენა გომესს, ევა ლონგორიას, ტარაჯი პ. ჰენსონს და ძმებ ფარელებს აქვთ მიღებული
მეტი

Billboard-მა ახალი სარედაქციო მიმართულება –  Billboard Family წარადგინა

Billboard Family იქნება სივრცე მშობლებისა და შვილებისათვის და მასზე მხოლოდ საგანგებოდ გაფილტრული და შერჩეული მასალა განთავსდება. მასალა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და გააერთიანებს სიახლეებს, ჩარტებსა და ვიდეოებს.
მეტი