ერეკლე გეწაძის მუსიკალური სატირა

ვიდეოების თავდაპირველ იდეასა და მათ შემდგომ განვითარებაზე ერეკლე გეწაძემ Billboard Georgia-სთან ისაუბრა.

ერეკლე გეწაძეს ქართველი მსმენელი სხვადასხვა პროექტიდან  კარგად იცნობს. მისი მუსიკის მოსმენისას კარგად იგრძნობა მუსიკის ჟანრების, სტილებისადმი ინტერესი, დამახასიათებელი დეტალების შემჩნევის უნარი და შემდგომ მათი ორიგინალური ინტერპრეტაცია. ცოტა ხნის წინ ერეკლემ ინსტაგრამის საშუალებით მუსიკალური ჩანახატების გაზიარება დაიწყო, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო კონცეფცია აქვს. 

საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური შინაარსის ვიდეოებს მან ერთგვარი მუსიკალური კომენტარი დაურთო და სოციალური ქსელის ქართულ სივრცეში აქტუალური სიახლეები საინტერესო ფორმით წარმოადგინა. ეს ვიდეოები ერთდროულად არის სახალისოც და არტისტის მიერ იმგვარად დანახული, რომ აუდიტორიას ყოველგვარი ახსნის გარეშე ზუსტად ესმის მისი ქვეტექსტი. 

ერეკლე გეწაძის ამ სერიამ იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ის ერთგვარ პროექტადაც იქცა, რომელთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, არტისტს უახლოს მომავალში გარკვეული გეგმებიც აქვს. ვიდეოების თავდაპირველ იდეასა და მათ შემდგომ განვითარებაზე ერეკლე გეწაძემ Billboard Georgia-სთან ისაუბრა.  

ერეკლე გეწაძე: 

„ინსტაგრამის ვიდეოების იდეა გაჩნდა მაშინ, როცა საქმე არ მქონდა და არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. თან შემოქმედებითი კრიზისის მსგავს ეტაპს გავდიოდი. ამ დროს შემთხვევით ვნახე ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის ვიდეო. ეს ვიდეო რატომღაც თავისით დაილუპა და დაახლოებით 15-ჯერ მოვუსმინე. დავიწყე ამ დალუპული ვიდეოს, მისი ინტონაციის  მელოდიად აღქმა და შემდეგ აკორდები დავადე, არანჟირება გავუკეთე, ნოტებში გავშალე. ასე გაჩნდა ეს იდეა. ეს არ არის ჩემი მოფიქრებული მიმდინარეობა. არსებობენ სხვა არტისტები, რომლებიც ამას აკეთებენ, ოღონდ სხვა ხერხით, სხვა ჟანრში და სხვა მეთოდებით.”

ვიდეოები დროსთან ერთად მუსიკალურად უფრო მეტად განვითარდა, შემდეგ კი არტისტმა უკვე იმ მიმართულებით დაიწყო ფიქრი, მედიაში გავრცელებული რომელი ვიდეო იყო სახასიათო და რომელ პერსონაჟს რა მუსიკალური გაფორმება მოუხდებოდა. 

მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა, არაერთხელ გამხდარა პროტესტისა თუ მიმდინარე მოვლენების შეფასებისა და საზოგადოებრივი განწყობების გახმოვანების საშუალება. ერეკლე გეწაძის ინსტაგრამის ვიდეოებიც, მიუხედავად მისი მსუბუქი ხასიათისა, ყოველთვის ძალიან დროულია და ზუსტად ასახავს ჩვენს რეალობას. 

„ამ ყველაფერს პროექტად არც აღვიქვამდი. ჰობიც კი არ იყო. უბრალოდ ინსტაგრამზე გამოსაქვეყნებელი გასართობი ვიდეოები იყო. შემდეგ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ კიდევ მომინდა, გამეზიარებინა და აუდიტორიაც გაიზარდა,” – ამბობს ერეკლე გეწაძე. 

ერეკლე გეწაძის ეს სერია, მუსიკალურ შინაარსთან ერთად, სოციალური მედიის თანამედროვე ტრენდების გავლენებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ, ის მუსიკალურ პროექტთან ერთად შესაძლოა სოციალური მედიის კონტენტის ერთგვარ ორიგინალურ მიმდინარეობადაც მოვიხსენიოთ. 

ერეკლე გეწაძე: 

„21-ე საუკუნეში სოციალური მედია არტისტისა და მისი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მისი მნიშვნელობა ყველაზე თვალსაჩინო კოვიდის პერიოდში გახდა, როცა მთელი მსოფლიოს არტისტები იძულებულები გახდნენ, სწორედ ამ გზით წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედება. ჩემი ვიდეოებიც სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა.”

როგორც ერეკლე აღნიშნავს, როგორც მუსიკის გავრცელებისათვის არის ინტერნეტ სივრცე აუცილებელი, ასევე სოციალურ მედიასაც სჭირდება მუსიკა მასზე არსებული მასალის ეფექტიანად გავრცელებისათვის. თუ გადავხედავთ ინტერნეტში გაზიარებულ ნებისმიერ ვიზუალურ მასალას, დავინახავთ, რომ არც ერთი სახის ვიდეო მუსიკის გარეშე არ გხვდება – პრომოებში, თიზერებში, სოციალური ქსელებისათვის განკუთვნილ რეკლამებსა, თუ ე.წ. რილსებში მუსიკა მაინც წამყვანი მოქმედი გმირია. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ინტერნეტი არ არსებობს მუსიკალური პროდუქტის გარეშე. ერეკლე გეწაძის ინსტაგრამის ვიდეოებიც ზუსტად იმ ხასიათისაა, სადაც ვიზუალური ნაწილი, მუსიკა, სოციალური ქსელებისათვის დამახასიათებელი ლაკონიურობა და საზოგადოებრივი შეგრძნებები ერთმანეთს ხვდება. 

ახლახან არტისტმა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე – „მიდის სანახავად”, ახალი მუსიკალური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ფეხბურთის ისტორიული მატჩის სავიზიტო ბარათად ქცეულმა ფრაზამ, ბუნებრივია, მსმენელში განსაკუთრებული ემოციური კავშირი აღძრა და ეს ვიდეო ერეკლე გეწაძის ამ სერიიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად იქცა. 

ერეკლე გეწაძე:

„როცა ვიდეო „მიდის სანახავად” გავაკეთე, მივხვდი, რომ შესაძლოა ამ პროექტით ლაივი გაკეთდეს. ახლა ვარ იმ ეტაპზე, როცა სწორედ ამ ლაივს ვგეგმავ. მინდა, რომ საინტერესო, დასამახსოვრებელი და ეფექტური გამოვიდეს. ეს არ იქნება მხოლოდ მუსიკალური პერფორმანსი – ვიდეო არტიც უნდა იყოს ინტეგრირებული. რაც ინსტაგრამზეა, პრინციპში ის იქნება, მაგრამ აუდიტორიისათვის უფრო საინტერესო ფორმით გადმოცემული.” 

ერეკლე გეწაძის ვიდეო სერიების ნახვას მის ინსტაგრამზე შეძლებთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ტრამპის მკვლელობის მცდელობას სოციალურ ქსელებში ეხმიანებიან

შემდეგი სტატია

შაკირა კოპა ამერიკის ფინალური მატჩის დროს, 2024 წლის 14 ივლისი, ფლორიდა - ფოტო: კარმენ მანდატო

შაკირა „კოპა ამერიკა 2024“-ის ფინალურ მატჩზე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი