ცნობილი მომღერალი და ბიზნესმენი Rihanna ჟურნალ “ფორბსის” მილიარდერთა სიას შეუერთდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 1 729-ე პოზიციაზე დასახელდა. რირი პირველი ბარბადოსელი მილიარდერია, რომელიც 1,7 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობს. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო არა მუსიკალური საქმიანობა, არამედ კოსმეტიკის ხაზი Fenty Beauty და თეთრეულის ბრენდი Savage X Fenty-ია.
ყველაზე მდიდარი ჰიპ ჰოპ არტისტი, “ფორბსის” თანახმად, ქანიე ვესთია. მილიარდერთა სიაში ის 1 513-ე ადგილს იკავებს 2 მილიარდამდე დოლარის ღირებულების ქონებით. მუსიკოსის მაღალი შემოსავალი Gap-თან თანამშრომლობასა და თავისი კომპანია Yeezy-სა და Adidas-ის სპორტულ ხაზს უკავშირდება.
ჯეი ზი ქანიესა და რირის ჩამორჩება და 1,4 მილიარდით სიაში 2 076-ე პოზიციას იკავებს. ის თანხას კომპანია Roc Nation-იდან და ფრანგული შამპანურის Armand de Brignac რეალიზაციით გამოიმუშავებს. ამასთან, ცნობილია, რომ მან შარშან მუსიკალური პლატფორმა TIDAL-ის წილი გაყიდა.
“ფორბსის” სიის სათავეში 219 მილიარდი დოლარით კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გვხვდება. აღსანიშნავია, რომ მან აპრილის დასაწყისში სოციალურ ქსელ “ტვიტერის” 9,2%-იანი წილი იყიდა. სავაჭრო პლატფორმა Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი კი 171 მილიარდით მეორე ადგილს იკავებს.
“ფორბსის” წლევანდელი სია ჯამში მსოფლიოს 2 668 მილიარდერს ითვლის, რომელთა საერთო ქონება 12,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.