კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ჯეკ უაიტი, არლო პარკსი, ენ ჰეთეუეი და სხვები

გაეცანით კვირის გამორჩეულ მუსიკალურ რელიზებს.
ჯეკ უაიტი DAVID JAMES SWANSON
ჯეკ უაიტი
DAVID JAMES SWANSON

Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ New Music Friday-ს ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ სიახლეებს. კვირის გზამკვლევში უცხოელ არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლების ახალ ნამუშევრებსაც წარმოგიდგენთ. 

გასულ კვირას ყურადღების ცენტრში მაილი საირუსი, Raye, ჩარლი პუთი და სხვა არტისტები მოექცნენ. ამ კვირაში კი ჯეკ უაიტი Saturday Night Live-ის შოუში გამოსასვლელად ემზადება და ახალ ნამუშევრებს გვთავაზობს, არლო პარკსი მესამე სტუდიურ ალბომს აზიარებს, სახელწოდებით Ambiguous Desire, ენ ჰეთეუეი კი კვლავაც აგრძელებს თიზერ ვიდეოების გამოქვეყნებას A24-ის ფილმისთვის Mother Mary, სადაც ის საკულტო პოპვარსკვლავის როლს თამაშობს. კვირის განმავლობაში ახალი ნამუშევრებით წარდგნენ ქართველი არტისტებიც, მათ შორის Bedford Falls, ნინი ნუცუბიძე, Deena, 4D Monster Lobsters და სხვა.

გაეცანით კვირის რჩეულ რელიზებს:

ჯეკ უაიტი – G.O.D. And The Broken

ჯეკ უაიტმა ორი ახალი სიმღერა ერთად გამოუშვა, მათ შორისაა Derecho Demonico. შესაძლოა, სწორედ ეს ორი სიმღერაა, რომელთაც 4 აპრილს არტისტი Saturday Night Live-ის შოუში შეასრულებს. ერთ-ერთ ტრეკში, სახელწოდებით G.O.D. უაიტი მნიშვნელოვან მოწოდებას აჟღერებს: „აი, ახლა სამყაროს დასაწყისია / და აღარავინ დარჩა… მოდით, თავიდან დავიწყოთ”… ეს სიმღერა მის ჩვეულ მუსიკასთან შედარებით უფრო მშვიდია, თუმცა Derecho Demonico უფრო ენერგიულია, რაც ამ ორ ტრეკს იდეალურად აბალანსებს.

Bedford Falls – „უპირველეს ყოვლისა“ 

Bedford Falls-მა ახალ სიმღერაზე – „უპირველეს ყოვლისა“ მუსიკალური ვიდეო წარადგინა. კლიპი ანიმაციური ნამუშევარია, რომელშიც ჯგუფის წევრებს ვხვდებით, მისი ავტორი კი ლევან გაგილაძეა. „უპირველეს ყოვლისა“ შესულია ბენდის სტუდიურ ალბომში Lazy Bones, რომელიც 12 ტრეკს აერთიანებს. ალბომი ქართულ დამოუკიდებელ ლეიბლ Stockton Records-ზე გამოიცა და ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე.

ნინი ნუცუბიძე – IN MY D.N.A

ნინი ნუცუბიძემ ახალი ალბომი გამოსცა. ჩანაწერი, სახელწოდებით IN MY D.N.A პირველ აპრილს Break Records-ის ლეიბლზე გამოვიდა. 

პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღწერაში ვკითხულობთ, რომ მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ჟანრის გავლენები და ის ემოციური გზა, რომელიც არტისტმა ბოლო პერიოდში გაიარა. ალბომი ნინის მუსიკალური იდენტობის მრავალფეროვანი და სიღრმისეული გამოხატვაა. 

პროექტის პროდიუსერები არიან თავად ნინი ნუცუბიძე და ნიკალა ზუბიაშვილი. მასში მონაწილეობენ მუსიკოსები: Janngo, გიორგი ცაგარელი, გიორგი გიგაშვილი და ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტი  Yo OG.

DEENA- Crybaby

არტისტის ახალი სინგლი Crybaby 1 აპრილს გამოვიდა, რომელშიც ასევე მონაწილეობს Didube Records-ის მეორე არტისტი ნიკა სირაძე, სასცენო სახელით Ko-x.

სინგლის ვიზუალური კონცეფცია, ისევე, როგორც მუსიკა, ემოციურ სიმბოლიზმზეა აგებული, სადაც გაყინული ტბა და ამოჭრილი გული ურთიერთობებში არსებულ განცდებს ასახავს.

არლო პარკსი – Beams

ინგლისელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის მესამე ალბომთან, Ambiguous Desire-თან ერთად გამოცემული Beams, პროექტის ნაზ ხასიათიზე მეტყველებს – რაც არლო პარკსის ხელწერაა. თუმცა ეს სიფაქიზე თითოქსდა ძველ ტკივილებს მხოლოდ დროებით ამსუბუქებს. როგორც პარკსმა განაცხადა: „ეს არის ტკივილი, რომელსაც მიტოვებისას განიცდი, ან იმ ძველი ტკივილის შეგრძნება, რომელსაც ქვასავით მძიმედ დაატარებ. ეს ტვირთია არა მხოლოდ შენთვის, შენ გარშემო მყოფებისთვისაც. მაგრამ ეს ამავე დროს არის მცდელობა, რათა ნელ-ნელა და მტკიცედ საკუთარ თავს დაუბრუნდე, გააცნობიერო რომ სიყვარულს აუცილებლად იმსახურებ.”

Denivar Levy / NAKASHA – ALAGALA G

ექსპერიმენტული ლეიბლის, Didube Records-ის არტისტმა ალექსანდრე ნაკაშიძემ და Denivar Levy-მ (ლევან ოქროპირიძე) ახალი სინგლი გამოაქვეყნეს.  ტრეკი ALAGALA G შესულია Denivar Levy-ს (ლევან ოქროპირიძე) EP-ში, სახელწოდებით FORUMZE,  რომელიც 6 აპრილს გამოქვეყნდა.

ენ ჰეთეუეი – My Mouth Is Lonely For You (ფილმიდან Mother Mary)

17 აპრილს A24-ის ფილმის, Mother Mary-ს პრემიერა შედგება, სადაც ენ ჰეთეუეი ლეგენდარული პოპვარსკვლავის როლს ასრულებს, რომელიც სცენას უბრუნდება. იმავე დღეს გამოვა Mother Mary: Greatest Hits, რომელიც ჯეკ ანტონოფისა და Charli xcx-ის ავტორობით და პროდიუსერობით შვიდ ახალი სიმღერას მოიცავს. პირველი სინგლი Burial უკვე გამოვიდა, რასაც ენ ჰეთეუეის ჰაეროვანი ვოკალი ერთვის, თუმცა ის კიდევ უფრო მეტად იკვეთება სიმღერაში My Mouth Is Lonely For You, რომელიც ფილმის უახლეს თრეილერს გასდევს ფონად. სიმღერა FKA twigs-ის მიერაა დაწერილი და მასში ნამდვილად იგრძნობა ექსპერიმენტული გავლენა. ენ ჰეთეუეი კი მოლოდინს ამართლებს და ფილმის გამოსვლამდე უკვე ჩამოყალიბებული პოპვარსკვლავის სახით გვევლინება.

4D Monster Lobsters – Paravani

ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა 4D Monster Lobsters ახალი კლიპი გამოუშვა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Paravani. მუსიკალურ ვიდეოზე Papa Production-მა იმუშავა, ვიდეოს რეჟისორი კი ნიკიტა ადამიაა.

კლიპის გამოშვებასთან ერთად 4D Monster Lobsters-ს მსმენელისთვის სიახლეც აქვს – ბენდმა ახალი ალბომი, სახელწოდებით Travel Guide დააანონსა, რომელიც 15 აპრილს გამოვა.

Floweroflove – American Wedding

ამომავალი პოპვარსკვლავი floweroflove ფესტივალ Coachella-ზე დებიუტისთვის ემზადება და ახალი მუსიკის პოპულარიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ფიქტიურ ნიშნობასაც. ახალი სინგლის, American Wedding-ის დაანონსებისას მომღერალმა სოციალურ ქსელში სელფი გამოაქვეყნა, სადაც ნიშნობის ბეჭედი უკეთია, პოსტს კი შემდეგი ტექსტი დაურთო: „არ ვაპირებდი ამის დადებას, მაგრამ ვეღარ ვმალავ. ძალიან, ძალიან მიხარია, მინდა გაცნობოთ, რომ დავინიშნე! – გულზე. American wedding ხვალ გამოვა“. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას ნაზი ჟღერადობა აქვს, ბოლოს შემოსული გიტარის სოლო ხაზს უსვამს ტრეკის ნამდვილ ნარატივს: მისი ყოფილი პარტნიორი სინამდვილეში არასდროს ყოფილა ქორწინებისთვის მზად. ბოლოს კი არტისტი ასრულებს ისტორიას არარსებულ ქორწილზე: „ყველაფერი ასე უბრალოდ დასრულდა.“

RIHA – HnH

RIHA ქართველი არტისტის, რატი ონიანის სასცენო სახელია, რომელიც სვანურად განთიადს, სინათლეს ნიშნავს. არტისტმა 1 აპრილს მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით HnH გამოუშვა. მისივე თქმით, HnH იშიფრება, როგორც Hardcore ‘n’ Harmonic.

ალბომი თორმეტ ძირითად და დამატებით ბონუს კომპოზიციას აერთიანებს და მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა, რაც მთლიანობაში დინამიკური და ექსპერიმენტული მუსიკის ნარატივს ქმნის.

სოფია დ’ანჯელო – Time

Time – სოფია დ’ანჯელოს უახლესი სინგლია, არტისტის, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის უფრო ცნობილია, როგორც ნიუ-იორკული ინდი-პოპ კოლექტივის, MICHELLE-ის წევრი. 2024 წელს მან ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიწყო სოლო მუსიკის გამოშვება.

Time დინამიკური პოპ-ტრეკია, რომელიც ღრმა შინაარსით არის დატვირთული, დროის დინებასა და იმ ფიქრებზე, თუ რა შემორჩება მეხსიერებას წარსულიდან.

სიმღერის ვიდეორგოლიც ამ თემას ეხმიანება: გრიმის დახმარებით, ასაკოვანი დ’ანჯელო კამერის წინ საკუთარ უბრალო ცხოვრებაზე საუბრობს და ასკვნის, რომ დროდადრო „ბებიასაც კი სჭირდება კარგი დროის გატარება“. შემდეგ კი ისმის სიმღერა, რომელიც იდეალური საუნდტრეკია ფიქრებით სავსე ღამის სეირნობისთვის, სადაც დ’ანჯელო ნაადრევად სვამს კითხვას – „იყო კი დრო ჩემს მხარეს?“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BLACKPINK-ის წარმატებიდან საკუთარ კომპანიამდე: Jisoo თავისი ცხოვრების ყველაზე ზრდასრულ ეტაპზე გადადის

შემდეგი სტატია

Tom Odell - Tbilisi Open air 2023 ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Tom Odell – თანამედროვე ბრიტანული პოპის ვარსკვლავი თბილისს 21 ივნისს ეწვევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი