Starring Georgia – ეკოსისტემა, სადაც კულტურული მოვლენა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სარგებელში ითარგმნება

ბრძოლა ხარისხისთვის, სტანდარტებისა და იმ მომავლისთვის, რომელშიც საქართველო გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულუფლებიანი და ყველაზე მიმზიდველი წევრია.

შავი ზღვის რეგიონზე ფიქრისას, პირველი, რაც გონებაში მოგვდის, სანაპიროები, სტუმართმოყვარეობა და ტურისტული ატმოსფეროა. რამდენიმე წლის წინ ალბათ იმის წარმოდგენაც კი რთული იქნებოდა, რომ ეს რეგიონი პასიური დასვენების ლოკაციიდან ახალი კულტურული ცვლილებების კერად გადაიქცეოდა. დღეს კი ეს ყველაფერი რეალობაა. ამ მასშტაბური ტრანსფორმაციის ავტორი კი Starring Georgia-ა.

„დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა მთლიანად შეცვალა გასართობი ინდუსტრიის ლანდშაფტი საქართველოში. პროფესიონალურ მიდგომასა და ტექნიკურ მხარეს, რომელსაც ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ, მსმენელი მთლიანად ახალი ხარისხის გამოცდილებაში გადაჰყავს,” – ამბობს Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე.  მისი თქმით, დღევანდელი რეალობა ხუთი წლის წინ დაწყებული წარმატებული სტრატეგიული მიდგომის შედეგია. სწორედ ეს ხედვა გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს შეკვეთილი აღარ აღიქმება მხოლოდ სეზონურ კურორტად, არამედ ის იქცა მულტიფუნქციურ ჰაბად, სადაც ბუნება, ტექნოლოგიური პროგრესი და მსოფლიო დონის არტისტების შემოქმედება ერთმანეთს ხვდება. 

ამიკო ჯანელიძე

Starring Georgia მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც გლობალური მასშტაბის კულტურულ და გასართობ ცენტრად დამკვიდრებას. ამ ინიციატივის მნიშვნელობას კი იმ არტისტების ჩამონათვალიც ადასტურებს, ვინც ბოლო წლებში საქართველოს ეწვივნენ. დღეს პროექტი რამდენიმე საკვანძო სივრცეს აერთიანებს: Black Sea Arena-ს, მუსიკოსთა პარკს, სოციალურ სივრცეს, „ციცინათელას”, პარკს „საქართველო მინიატურებში”, ფილარმონიასა და ჰეკატეს ბაღს. 

პროექტის მთავარი იდეა ქვეყანაში მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის შექმნაა, რაც საქართველოს გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულფასოვან წევრად აქცევს. ეს ნაბიჯები კი მულტიფუნქციურ ეკოსისტემაში ერთიანდება, რომელიც ორ ძირითად ასპექტს მოიცავს: ურბანული სივრცეების გაჯანსაღება და რეგიონული კულტურული კერების აღორძინება.

„პირველ რიგში, ის, რასაც Starring Georgia აკეთებს, უდიდესი მნიშვნელობის კულტურული მოვლენაა. თუმცა, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური და სოციალური ეფექტიც. მოლოდინები უკვე სახეზეა, ციფრები კი – შთამბეჭდავი, რაც უკვე მიღწეულ წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ.”

როგორც ამიკო ჯანელიძე აღნიშნავს, Starring Georgia აღარ არის მხოლოდ მუსიკალური სცენის განვითარებისთვის შექმნილი ინიციატივა. ეს არის მრავალფუნქციური ბრენდი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, შექმნას გრძელვადიანი ღირებულება ქვეყნისთვის – იქნება ეს ტურისტული ნაკადების ზრდა თუ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება.

ამ პასუხისმგებლობების შედეგების შეფასება კი საწყის ფაზაშივე გახდა შესაძლებელი. სამწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, Starring Georgia-ს ღონისძიებებს 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის 50 000 ტურისტი, რომლებმაც ქვეყანაში დაახლოებით 60 მილიონი ლარი დახარჯეს. და ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული სივრცის შემოსავალი, არამედ პირდაპირი ინვესტიცია ადგილობრივ სასტუმროებში, რესტორნებსა და მომიჯნავე სექტორებში დასაქმებულ ათასობით ადამიანში. 

ერთი შეხედვით, შეიძლება გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ამ წარმატების უკან მხოლოდ ისეთი სახელები დგანან, როგორებიც არიან ბრუნო მარსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, Imagine Dragons და სხვები. თუმცა, როგორც Starring Georgia-ში ამბობენ, დიდი სახელები რეალობას ვერ ცვლიან, თუ მთელი სისტემა სინქრონულად არ მუშაობს. კომპანიის მისიაც სწორედ ეს არის: შექმნას ეკოსისტემა, სადაც კულტურული მოვლენა პირდაპირ ითარგმნება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სარგებელში.

აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქვს საერთაშორისო რეპუტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტორი ფართო აუდიტორიისთვის ხშირად შეუმჩნეველია, მასშტაბური ღონისძიებების მართვისა და გლობალურ ინდუსტრიაში ნდობის მოპოვებისთვის ის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. სწორედ ეს რეპუტაციული კაპიტალი აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, იყოს მსოფლიოს წამყვანი ტურნეების განუყოფელი ნაწილი. და თუკი წლების წინ საქართველოში ვიზიტი პოპულარული მუსიკოსებისთვის ერთგვარ რისკთან ასოცირდებოდა, Starring Georgia-ს პრაქტიკამ ამ აღქმის სრულიად შეცვლა მოახერხა. 

„საერთაშორისო ბაზარზე მკაფიო სიგნალი გავგზავნეთ, რომ საქართველო არის ტექნიკურად გამართული, უსაფრთხო და, რაც მთავარია, გადახდისუნარიანი, ემოციური აუდიტორიის მქონე ქვეყანა. შედეგად, ჩვენ აღარ წარმოვადგენთ ე.წ. “რისკზონას” უცხოელი პრომოუტერებისთვის. თუ ადრე მათი დარწმუნება გვიწევდა, ახლა დიდი სააგენტოები თავად გვიყურებენ, როგორც საიმედო პარტნიორებს, რაც სამომავლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელების მყარ გარანტიებს გვაძლევს.”

ამიკო ჯანელიძისა და მისი გუნდის ხედვა პირდაპირ აისახება ღონისძიებების მრავალფეროვნებაზეც.  Starring Georgia-ს ეკოსისტემა აერთიანებს როგორც გიგანტური სტადიონების შოუებს, ისე კამერულ საღამოებსა და ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებს. თუმცა როდესაც პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იშლება, მთავარ გამოწვევად ხარისხის ერთიან სტანდარტზე აყვანა რჩება.

„ჩვენი ამბიციაა, რომ მომხმარებელმა იდენტურად მაღალი ხარისხის სერვისი მიიღოს როგორც შეკვეთილის Black Sea Arena-ზე, ისე თბილისის ღია სტადიონებზე. ღია სივრცეები სრულიად სხვა სპეციფიკას, გახმოვანების სისტემასა და ნაკადების მართვას მოითხოვს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ 55 000-კაციანი კონცერტი იყოს დღესასწაული და არა სატრანსპორტო კოლაფსი. ეს არის ბალანსის დაცვის ხელოვნება, რომელზეც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს.”

აღნიშნული მიდგომა ნათლად აჩვენებს, რომ Starring Georgia-სთვის პრიორიტეტული მხოლოდ სცენაზე მდგომი ვარსკვლავები არ არის. პროექტის მთავარი ღერძი მთელი იმ გამოცდილების შექმნაა, რომელსაც ადამიანი ბილეთის შეძენიდან სახლში დაბრუნებამდე იღებს. 

ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული ეფექტიც, რომელიც სასიცოცხლოდ პრიორიტეტულია ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიისთვის, იქნება ეს მსოფლიო ვარსკვლავებთან სცენის გაზიარება თუ ქვეყნის კულტურული ცხოვრების გამოცოხლება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი არტისტების განვითარებაზე. ამიტომაც, Starring Georgia  გრძელვადიანი კულტურული ინვესტიციაა, რომელმაც საქართველო მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე დააბრუნა და მისი პოზიციები მკაფიოდ მონიშნა. 

უახლოეს წლებში კომპანიის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოს რეგიონის კულტურულ ჰაბად ქცევაა. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს ქვეყნის დამკვიდრებას მსოფლიო ტურნეების ერთ-ერთ “აუცილებელ გაჩერებად”.

„ჩვენ გვინდა, რომ როდესაც A-კლასის ვარსკვლავი ევროპულ ტურნეს გეგმავს, საქართველო მისთვის არა სარისკო ექსპერიმენტი, არამედ ლოგიკური, ფინანსურად გამართლებული და კომფორტული ლოკაცია იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც გაახანგრძლივებს ტურისტულ სეზონს და ქვეყნის იმიჯს ახალ, საერთაშორისო სიმაღლეზე აიყვანს.”

როგორც ამბობენ, Starring Georgia-სთვის მიღწეული შედეგები მხოლოდ დასაწყისია. უნიკალური პროექტები და იდეები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია, რაც ყოველ მომდევნო სეზონს უფრო საინტერესოსა და მოულოდნელობებით აღსავსეს ხდის. 

თავად Starring Georgia საკუთარ არსს ასე გამოხატავს: „ეს არის ბრძოლა ხარისხისთვის, სტანდარტებისა და იმ მომავლისთვის, რომელშიც საქართველო გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულუფლებიანი და ყველაზე მიმზიდველი წევრია. “

„200 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გახდა ამ დიდი ემოციის ნაწილი და გვჯერა, რომ ეს ენერგია კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. თუ შენ უკვე ყოფილხარ ამ მასშტაბური მოვლენების მონაწილე, მაშინ დარწმუნებული ვართ, რომ იმ შთაბეჭდილებების გაცოცხლებას კვლავ შეეცდები. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ სტატიაა, ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ: დაელოდეთ შემდეგ ანონსს. დაელოდეთ, რათა საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ ცოცხლდება თითოეული სიტყვა და როგორ იქცევა ის ჯერ დიდ ემოციად, შემდეგ კი – დაუვიწყარ მოგონებად.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tom Odell - Tbilisi Open air 2023 ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Tom Odell – თანამედროვე ბრიტანული პოპის ვარსკვლავი თბილისს 21 ივნისს ეწვევა

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ში ბექა გოჩიაშვილი მსმენელის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი